10
Jun
2019

#ჯაზფესტივალამდე – Amp Fiddler ფანკის სადარაჯოზე – 5 კომპოზიციაში!

10 Jun 2019

შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი სულ მალე აიღებს სტარტს. ალბათ ის, რაც ამ ფესტივალს ახასიათებს, სტაბილურად წინსვლაა. რთულია გაიხსენო წელი, როდესაც მსმენლის მოლოდინი არ გამართლდა. დადებითი ასპექტი კი ის არის, რომ ჯაზ ფესტივალი არ იზღუდავს თავს კონკრეტულ ჟანრობრივ სეგმენტში მოექცეს და მსმენელს რამდენიმე დღის განმავლობაში სრულიად სხვადასხვა ტიპის ემოციისა და მუსიკალური გამოცდილების მიღების საშუალებას აძლევს. ეს ტრადიცია არც წელს დაირღვა და ანონსიდან გამომდინარე, სუპერ funky ზაფხული გველოდება.

Amp Fiddler უსიკოსია დეტროიტიდან, რომელიც ამ მუსიკალურად მდიდარი ქალაქის სხვადასხვა პერიოდს თავის შემოქმედებაში აერთიანებს. შეიძლება ითქვას, რომ იგი ჯაჭვია დღეისთვის ინდუსტრიულ ქალაქში მიმდნარე მუსიკალური პროცესების. აქამდე მისასვლელად კი საკმაოდ დიდი პერიოდი გამოიარა.

მუსიკალურად მრავალფეროვან ოჯახში გაზრდის შემდეგ, იგი სინთეზატორებთან შეთამაშებას იწყებს. ჰერბი ჰენკოკი მისი ამ პერიოდის კუმირია. წლების განმავლობაში იგი თანამშრომლობდა ჯორჯ კლინტონთან, მუდიმენთან, J Dilla-სთან და სხვა ლოკალური სცენის სხვა წარმომადგენლებთან. ბოლო პერიოდში კი საინტერესო დუეტი შეკრა დეტროიტული ჰაუს და ჰიპ-ჰოპ სცენის პრინცთან, Andres-თან (aka Drummer from Detroit), ვისთან ერთად პროექტითაც იგი შავი ზღვის ჯაზ ფესტივალზე 19 ივლისს წარსდგება.

ქვემოთ გთავაზობთ 5 კომპოზიციას, რომლებიც დეტროიტელი მუსიკოსის კარიერას ერთგვარად შეაჯამებს:

Amp Fiddler – You Play Me (prod. By J Dilla)

კომპოზიცია მუსიკოსის 2003 წლის ალბომიდან Waltz Of A Ghetto Fly. ალბომში ფიდლერი სოულის, ფანკისა და ჰიპ-ჰოპის ელემენტებს ერთად კრავს. აღსაღნიშნავია ისეთი feat-ები ჯორჯ კლინტონთან, რაფაელ სადიქთან და სხვა. კონკრეტულად  „You Play Me-ზე” რომ შევჩერდეთ – J Dilla-ს პროდიუსერობით შექმნილ კომპოზიციას Sly & the Family Stone-ის 1971 წლის კომპოზიციის სემპლი გასდევს და თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს თანამედროვე ამერიკული სოულის უნიკალურ ნიმუშად.

Amp Fiddler – ‘I’m Doing Fine’ (Prod. By Moodymann)

Moodymann-ის ლეგენდარულ ალბომ Mahogany Brown-ზე აღმოჩენილი მარგალიტი გულგრილს ვერ დაგტოვებთ. სოულით სავსე ჰაუს მუსიკა, რომელსაც სრულყოფილებამდე არაფერი აკლია. Amp Fiddler-ის ვოკალური პარტია კი აუცილებლად მონიშნავს მას თქვენი საყვარელი შემსრულებლების რუკაზე.

Amp Fiddler – Return Of The Ghetto Fly ft. J Dilla, T3 & Neco Redd

კომპოზიცია მუსიკოსის ბოლო ალბომიდან, რომელიც მცირე შესვენების შემდეგ მის ინდუსტრიაში დაბრუნებას ეძღვნება. ტრეკზე არსებულ მუსიკალურ ვიდეოში მთლიანად ჩანს, თუ რას ეხება თანამედროვე დეტროიტის მუსიკალური სცენა. ბიტი ისევ ლეგენდარულ J Dilla-ს ეკუთვნის, თითქოს გარდაცვლილიც კი მადლობას უხდის იმ პიროვნებას, ვინც მისი გზა დიდებისკენ პირველმა გაკაფა.

Theo Parrish – Leave the Funk to Us (feat. Amp Fiddler & Ideeyah)

დეტროიტი ისეთი ადგილია, სადაც რთულია, ორი მნიშვნელოვანი მუსიკოსი ერთმანეთს ასცდეს და რაიმე კოლაბორაცია არ განხორციელდეს მათ შორის. წლების განმავლობაში ჰიპ-ჰოპის, სოულის, ჰაუსის თუ ტექნოჰედების უამრავ კოლაბორაციულ ნამუშევარს გადავაწყდით. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა და თეო პერიში და Amp Fiddler ერთმანეთს დაუკავშირდნენ, კომპოზიციის სახელიც ნათლად მიუთითებს იმაზე თუ რისი თქმა სურდათ მუსიკოსებს, Leave The Funk To Us– მართლაც ვისაც რა გამოსდის კარგად, ის უნდა აკეთოს, ჩვენც დავუტოვოთ ფანკი დეტროიტელ გენიოსებს. Amp Fiddler-ის ხელი და ლამაზი პიანო სოლო მთელ კომპოზიციას კოსმიურ ნაწყვეტად აქცევს.

Patchworks – Sugar (Amp Fiddler Remix)

Amp Fiddler-ის შეხება ყველა ტრეკზე იგრძნობა. გრძელი პიანო სოლოები, რომლებიც თითქოს 70 იანი წლებში მიტოვებული გვეგონა ისევ ცოცხლობს, მუდმივი გრუვი კი არ წყვეტს მოქმედებას, ვინაიდან Funk Is Here to Stay!

განხილვა