ფესტივალს მარკუს მილერი გახსნის და ნატალი კოლი დახურავს
90-იანების დასაწყისში, იმდროინდელ თბილისში პოპულარულ Super Channel-ზე ხშირად ტრიალებდა ერთი ვიდეო – მშვიდი ბალადა Unforgettable, რომელსაც ორი საოცარი ხმა ასრულებდა. მაშინ პირველად გავიგე ნატ კინგ კოლისა და მისი შვილის, ნატალი კოლის არსებობის შესახებ, 20 წლის შემდეგ კი ამ უკანასკნელის კონცერტზე დასწრების შანსი მაქვს. კლასიკური პოპის უდიდესი წარმომადგენელი ნატალი კოლი წლევანდელი თბილისის ჯაზფესტივალის ჰედლაინერი და ჩვენი ჯაზფესტივალების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარსკვლავი იქნება. მისი საღამო თბილისის საკონცერტო დარბაზში 1 ნოემბერს გაიმართება და მე-16-ე ფესტივალსაც სწორედ ის დახურავს.
ნატალი კოლის მოწვევას კომპანია „ისტერნ პრომოუშენი“ წლევანდელ შავი ზღვის ჯაზფესტივალზეც აპირებდა, თუმცა შემცირებული ბიუჯეტის გამო ეს ვერ მოხერხდა. შესაძლოა, ეს უკეთესიც იყოს, რადგან ამ მომღერლის მოსმენა დიდი საკონცერტო დარბაზის აკადემიურ სივრცეში უფრო სასიამოვნო იქნება. თუმცა ნატალი კოლი სწორედ იმ მუსიკოსთა კატეგორიას განეკუთვნება, რომელთა მოსმენაც ნებისმიერ ადგილასა და დროს ერთნაირ აღფრთოვანებას იწვევს – მისი მშვიდი, გამჭოლი, მდიდრული და საოცრად მომხიბლავი ხმა ნებისმიერი მუსიკალური მოთხოვნილების მქონე მსმენელამდე დაუბრკოლებლად და ჰარმონიულად მიდის, აღწევს მის გონებაში და სამუდამოდ იქ იბუდებს.
ნატალი კოლის მსმენელისთვის გაცნობა ალბათ დროის ტყუილად ხარჯვაა, რადგან შეუძლებელია ვინმეს მისი თუნდაც შესავალში ნახსენები სიმღერა არ ჰქონდეს მოსმენილი, უფრო დაინტერესებულებმა კი მისი ისტორიაც იციან: Unforgettable ივინგ გორდონის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპოზიცია გახლავთ, რომელიც მსმენელმა პირველად 1951 წელს, სწორედ ნატ კინგ კოლის შესრულებით მოისმინა, ზუსტად 40 წლის შემდეგ კი მისმა ქალიშვილმა სიმღერა გარდაცვლილ მამასთან ერთად „ჩაწერა“. ამ ჩანაწერმა მომდევნო წელს ერთბაშად სამი „გრემი“ მოიპოვა, ნატალი კოლი კი მსოფლიო ვარსკვლავად იქცა, რომელსაც უკვე აღარ მოიხსენიებდნენ, როგორც მხოლოდ დიდი ნატ კინგის შვილს.
თუმცა ის მაინც კოლია და, როგორც დიდი მშობლების შვილების შემთხვევაში ხდება ხოლმე, მისი მომავალი პრაქტიკულად დაბადებისთანავე იყო განსაზღვრული. ნატალი ბავშობიდან მღეროდა, თუმცა ამ საქმით სერიოზულად მხოლოდ 20 წლის ასაკში დაკავდა. თავიდან მხოლოდ სიმღერებს წერდა, პროფესიონალურად უკრავდა ფორტეპიანოზე, 70-იანების შუა წლებში კი ჩაკ ჯეკსონთან და მარვინ იენსისთან ერთად ტრიო ჩამოაყალიბა და სტუდიურ მუშაობასაც შეუდგა. პირველი სერიოზული აღიარება ნატალი კოლს 1975 წელს, კომპოზიცია This Will Be-ს შესრულების შემდეგ ეწვია, მომდევნო წელს კი პირველი „გრემი“ მიიღო როგორც R&B-ს საუკეთესო შემსრულებლებმა. მთლიანობაში ნატალი კოლს „გრემის“ 19 ნომინაცია და 9 ჯილდო აქვს.
Caroling, Caroling: Christmas with Natalie Cole მუსიკოსის 2008 წლის ალბომია, რომლის გამოშვების შემდეგაც მომღერალმა კარიერაში ხანგრძლივი პაუზა აიღო. პაუზა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა გამოიწვია, რაც ამჟამად აღმოფხვრილია, მეტიც, ავადმყოფობამ ნატალი კოლს ახალი ალბომის ჩაწერის ბიძგიც მისცა. ეს ესპანურენოვანი En Espanol-ია, რომელიც Besame Mucho-დან დაწყებული, Amapola-თი დამთავრებული პრაქტიკულად ყველა საუკეთესო ესპანურენოვან ჰიტებს აერთიანებს.
საინტერესოა ალბომის ჩაწერის ისტორიაც: იგი ნატალი კოლის თირკმლის დონორ ლათინოამერიკელ ქალბატონს ეძღვნება. ოდესღაც ნარკოტიკებზე დამოკიდებულების გამო მუსიკოსი წლების განმავლობაში იყო დაავადებული ცე ჰეპატიტით. მისი სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა, თუმცა 2009 წელს გამოჩნდა მშობიარობისას გარდაცვლილი დონორი, რომელმაც ნატალი კოლს არა მხოლოდ სიცოცხლის გაგრძელების, არამედ სცენაზე დაბრუნების შესაძლებლობაც მისცა. „არასდროს მჯეროდა დამთხვევების, მაგრამ ახლა ზუსტად ვიცი, რომ ტყუილად არაფერი ხდება. ის ფაქტი, რომ ჩემი დონორი ესპანურენოვანი ქალბატონი იყო, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა თავს სანახევროდ ლათინოამერიკელად მივიჩნევ, ამ გრძნობამ კი ესპანურ ენაზე ამამღერა, მიუხედავად იმისა, რომ ესპანურს საერთოდ არ ვფლობ“, – ამბობს ინტერვიუში ნატალი კოლი.
აღსანიშნავია, რომ ესპანურენოვანი ალბომები მის მამასაც ჰქონდა ჩაწერილი: 1958 წლის Cole Espanol, მომდევნო წელს გამოშვებული A Mis Amigos და 1962 წლის More Cole Espanol. ამრიგად, ნატალი კოლის ახალი ალბომი მამისადმი ძღვნადაც შეგვიძლია განვიხილოთ. ამ ალბომში შემავალ კომპოზიციებს ნატალი კოლის სხვა ჰიტებთან ერთად თბილისის კონცერტზეც მოვუსმენთ.
თბილისის ჯაზფესტივალს 28 ოქტომბერს ჩვენი მსმენელისთვის კარგად ნაცნობი მარკუს მილერი გახსნის. ეს გენიალური ბასისტი პირველად 2008 წლის ბათუმის ჯაზფესტივალზე გვესტუმრა, 2009 წელს კი თბილისის ფესტივალზე პროქტი Tutu Revisited music of Miles Davis ჩამოგვიტანა. ამჯერად მარკუს მილერი The Renaissance Tour-ის ფარგლებში ჩამოდის, თან კი ჩვენთვის ასევე კარგად ცნობილი საქსოფონისტი ალექს ჰანი ჩამოჰყავს. ბენდში ასევე შედიან: მესაყვირე ლი ჰოგანსი, გიტარისტი ადამ აგატი, პიანისტი ბრეტ უილიამსი და დრამერი რობერტ Sput სირაიტი.
29 ოქტომბერს კონტრაბასისტ ავიშაი კოენის კონცერტს დავესწრებით, რომელიც ასევე საკუთარ ბენდთან ერათად ჩამოდის პიანისტ ნათაი ჰერშკოვიცის, დრამერ ოფრი ნეჰემიას, ჩელისტ იაელ შაპირას, ჰობოისტ იოჰამ ლაჩიშისა და სამი მევიოლინეს შემადგენლობით. ამ კონცერტის გამოტოვებას არ გირჩევთ, რადგან პირველად ჩვენი ჯაზფესტივალების ისტორიაში საორკესტრო მუსიკასთან შერწყმული ჯაზის მოსმენის საშუალება გვექნება. ავიშაი კოენი თბილისში საქართველოში ისრაელის საელჩოს ხელშეწყობით ჩამოდის.
მომდევნო დღეს ივენთ ჰოლში შავი ზღვის ჯაზფესტივალის სტუმრებისთვის კარგად ნაცნობი DJ Logic-ისა და ბენდის კონცერტია დაგეგმილი, თუმცა ამ მუსიკოსს 28 და 29 ოქტომბერსაც მოვუსმენთ: მარკუს მილერის კონცერტის შემდეგ ივენთ ჰოლში ჯორჯ დუკისადმი მიძღვნილ საღამოს ჩაატარებს, ხოლო ავიშაი კოენის კონცერტის დამთავრების შემდეგ ამავე სივრცეში მაილს დევისის ტრიბუტი გველის.
თბილისის ჯაზფესტივალზე დასასწრები ბილეთებისა და აბონემენტების შეძენა უკვე შეგიძლიათ თბილისის საკონცერტო დარბაზის სალაროებსა და საიტზე biletebi.ge. ბილეთების ფასი 20-დან 150 ლარამდეა, მაგალითად, მილერის კონცერტს შეგიძლიათ 30-50 ან 70 ლარიანი ბილეთებით დაესწროთ, ხოლო ნატალი კოლის მოსმენას 60-90 და 150 ლარიანი ბილეთებით შეძლებთ. ასევე იყიდება 300 ლარიანი აბონემენტიც. მოქმედებს ცალკეულ ბილეთებზე ფასდაკლების სისტემაც: TBC Platinum-ის, TBC PrimeCard-ისა და TBC Status-ის მფლობელებისთვის 15-20%-იანი ფასდაკლებაა.
ავტორი: ია ვეკუა
თბილისის ჯაზფესტივალის გენერალური სპონსორია TBC Status, მხარდამჭერი – თბილისის მერია. ღონისძიების ოფიციალური მარკეტინგული პორტალი Marketer.ge