in

Jazz & Wine 2021-ის მასპინძლობის ამბავი

“ნეტავ ისეთივე კარგი იქნება, როგორც წინა წელს?” – ვფიქრობდი გონებაში.. ხო, შარშანდელი შემსრულებლები, მათი საოცარი კომპოზიციები, ღვინით დახუნძლული დახლები და ბექა გოჩიაშვილის მაღალი ნოტები შეუძლებელია დღემდე სასიამოვნოდ არ გახსენდებოდეს. თუმცა, ადამიანის ეს ინტუიცია, რომ ყველაფერი კარგი ერთხელ ხდება და არ მეორდება, ამ შემთხვევაში არ გამართლდა, რადგან Jazz & Wine 2021 გაცილებით მრავალფეროვანი ფორმატით მოგვევლინა წელს.

16 ოქტომბერს წინანდლის მამულმა კიდევ ერთხელ შეკრიბა ჯაზის მოყვარული აუდიტორია – ფესტივალის ამ მიმდევრულობამ კი გონებაში ტრადიციად ჩამოაყალიბა ერთი რამ – შემოდგომაზე ჯაზს აუცილებლად უნდა ვუსმენდეთ. ასეც მოვიქეცით.

დღე ყველაზე ენერგიული შემსრულებლებით დაიწყო – Rudy Valentino & Baleras აღმოჩნდა ბენდი, რომელმაც ჩვენთვის სრულიად მოულოდნელად გააღვიძა სვინგი და მოძრაობა დაგვაწყებინა. ხო, ნამდვილად შეუძლებელი იყო ბენდის სოლისტის ენერგეტიკას არ ავყოლოდით და მისი რიტმი ჩვენც არ გვეგრძნო. და მაინც, რას მღეროდა ეს ჰიპერაქტიული ბენდი? რაც კი რამ სამხრეთ ამერიკული და იტალიური ენერგიული მუსიკა არსებობს, ყველაფერს! მათი ყურებისას აუცილებლად გაგიჩნდებოდა განცდა, რომ ისინი არამხოლოდ მუსიკოსები, არამედ შოუმენებიც იყვნენ და მათ მხიარულ მუსიკას დესერტად იტალიური იუმორიც სდევდა თან.

დესერტზე გაგვახსენდა – ბენდს ასევე ჩამოჰყვნენ იტალიელი შეფებიც, რომლებიც ქართველ აუდიტორიას იტალიური პასტით გაუმასპინძლდნენ. პასტის არომატი კი ყველაზე კარგი აქცენტი იყო იტალიური მუსიკის გასამძაფრებლად.

აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პასტას თეთრი ღვინოც უხდება და ამის მეტს რას შევხვდებოდით Jazz & Wine-ზე? დიახ, ტრადიციულად მეღვინეებმა კვლავაც გამოფინეს თავიანთი ქვევრის ღვინოები და კიდევ ერთხელ დაგვარწმუნეს რომ ჯაზს ნამდვილად უხდება ღვინო.

Rudy Valentino & Baleras-ი იმდენად შევიდნენ მსმენელთან ინტერაქციაში, რომ სცენიდან წასვლა კარგა ხნის განმავლობაში არ მოინდომეს. ჩვენც მეტი რა გვინდოდა – თან ვუსმენდით, თან ვცეკვავდით. ამ პროცესში კი ყველაზე სასიამოვნო მაინც ხანში შესული ადამიანების აქტიურობა იყო. ისინი ყველაზე უფრო მონდომებით ცეკვავდნენ!

როდესაც ბენდს გამოვემშვიდობეთ, ყველას აღტაცებული ღიმილი გვეფინა სახეზე და ვფიქრობდით, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე კარგი ცოცხალი შოუ იყო, რაც კი ოდესმე გვენახა.

ამ ემოციებისგან განსატვირთად და ახალი ნაწილისთვის მოსამზადებლად კი საკმაო დრო იყო. ალბათ, არ იქნება გადაჭარბებული, თუკი ვიტყვით, რომ ქართველი მსმენელი ყველაზე მეტად მაინც ქართველ ჯაზმენს, პაპუნა შარიქაძეს ელოდა. რადისონის საკონცერტო დარბაზში საღამოს იგი დენი გრისეტთან, მიხაილ ტოკაისთან და რობერტ ტერენზთან ერთად წარდგა. იტალიური, ამერიკული, პოლონური და ქართული იმპროვიზაციები სცენაზე გაერთიანდნენ და ოთხივემ ერთად დაიწყო დაკვრა.

პიანისტებმა, ჩარლი პარკერის რეპერტუარი შეარჩიეს, მათ დაუკრეს ისეთი კომპოციზიები, როგორებიცაა: Now is the time, My little suede shoes, Anthropology და მუსიკა, რომელიც ჩარლის თავად არ დაუწერია, თუმცა, კი ძალიან უყვარდა მისი შესრულება – Body and Soul. ოთხივე პიანისტი დრო და დრო იცვლებოდა პიანინოსთან და ამგვარ მომენტებში მრჩებოდა განცდა, რომ არა კონცერტზე, არამედ გენერალურ რეპეტიციაზე ვიყავი, რადგანაც მუსიკოსები საოცრად უშუალოდ, ბუნებრივად და აუღელვებლად აკეთებდნენ ამას. ჩვენ, მსმენლები კი ყურადღებით ვაკვირდებოდით ნოტებს და გვესმოდა ძალიან ჰარმონიული, ძალიან რბილი და შეხმატკბილებული მუსიკა.

როლებში შეჭრამ კი აუდიტორიას მხოლოდ ის დაგვმართა, რომ დასრულების მერეც ემოციებით სავსეები ვისხედით და რაღაცას კიდევ ველოდით.. კონცერტის შემდეგ პაპუნა შარიქაძესთან გასაუბრებაც მოვახერხეთ, რომელმაც გვითხრა, რომ ეს ფესტივალი ძალიან დიდ როლს თამაშობს ქართული კულტურის განვითარებაში.

ამასობაში კი, მცირეოდენი შესვენების შემდეგ დრო დადგა, რომ დღის დასკვნით ეტაპზე გადავსულიყავით, რომელსაც დიჯეი მაესტრო და სუზან ალტი უძღვებოდნენ. რით შეიძლებოდა დასრულებულიყო დღე საუკეთესოდ თუ არა ჯაზისა და კლუბური მუსიკის კომბინაციით? ნამდვილად ასე იყო – საქსაფონის ხმას თან ერთვოდა დიჯეის მიქსები და თითქოს პირველივე წამიდან იგრძნობოდა, რომ ჩვენ ძალიან გემოვნებიან და რიტმულ მუსიკას ვუსმენდით. აუდიტორიას ცეკვა არც ამ ნაწილში დაუშურებია და ამის სურვილს ასევე აჩენდა ძალიან კარგი, მუსიკისთვის შესაფერისი განათებებიც.

შემოდგომის Jazz&Wine ამგვარად დასრულდა, თუმცა, ამ საოცარი ადგილიდან და ფესტივალიდან თან გამოვიყოლეთ საოცარი ემოციებიც, რომლებიც ალბათ ნამდვილად გაგვყვება მომავალ შემოდგომამდე – იმ დრომდე, როცა ჯაზის მოსმენა ყველაზე სასიამოვნოა.

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

მიეცი ხმა და მოხატე სტადიონი შენს უბანში!

მიკროუბანი ქალაქის ცენტრში – 8 მიზეზი, თუ რატომ უნდა აირჩიოთ ეს პროექტი