კახეთის რბილი, შემოდგომის მზის ქვეშ, ვენახებსა და დუღილის პროცესში მყოფი ყურძნის სურნელს შორის, ისტორიულ „წინანდლის მამულში” კვლავ დაბრუნდა Jazz & Wine Festival 2025. კონცერტის, ღვინის დეგუსტაციისა და შეხვედრების ფორმატში, ფესტივალმა ისევ დაამტკიცა, რომ ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული კულტურული მოვლენაა – ადგილი, სადაც მუსიკა, ღვინო და ემოცია თავისუფლად მიმოედინება ერთმანეთში.
საქართველოში ძალიან ცოტა გარემოა, რომელსაც ჯაზის შესრულება ისე უხდება, როგორც ეს მე-19 საუკუნის არქიტექტურით, მოვლილი ბაღებისა და კავკასიონის ქედის ფონით გამსჭვალულ წინანდლის მამულშია. როდესაც მზე ვენახებზე ეშვებოდა, პეიზაჟის ფერებიც რიტმთან ერთად იცვლებოდა – შემოდგომის გვიანი საღამოს ოქროსფერი ტონებიდან ქართული ღამის ინდიგომდე. ღვინით სავსე ბოკლები შუქდიოდების ქვეშ ბრწყინავდა და თითოეულ გამოსვლას შორის მსმენელის ჩურჩული ისმოდა.
ის, რაც ამ ფესტივალს გამორჩეულს ხდის, ინტიმური გარემოა – ფესტივალი ნაკლებად ჰგავს ღონისძიებას, ეს უფრო თანამოაზრეთა შეკრებაა: მუსიკოსები, მეღვინეები და მსმენელები, რომლებიც ავთენტურობის ზიარების სიყვარულით არიან დაკავშირებულნი.

ფესტივალის გახსნა წილად ხვდა Salt Peanuts ft. Rachel Doe-ს, იტალიელი მუსიკოსების კოლექტივს – კარლო კორდელას (დრამები), ფაბრიციო მორეტის (გიტარა), მიკელე სკუკიას (საყვირი), რიკარდო ფედერიჩის (საქსოფონი) და მიკელე სამორის (ფორტეპიანო) – რომლებსაც უერთდებოდა ხავერდოვანი ხმის მქონე რეიჩელ დოუ. მათი შესრულება კლასიკური სვინგისა და პოსტბოპის სულს გამოხატავდა, რომელიც ახლებურად იყო ინტერპრეტირებული ახალგაზრდული ენერგიით. საყვირის პირველი აფეთქებიდან დასკვნით აკორდამდე, მათი სეტი ნამდვილი დღესასწაული იყო: სახალისო, რიტმული და ცოცხალი.
სტუმრებს სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილი იტალიური კერძებით, სიცილიელმა შეფმა, მაურიციო სიცილიანომ უმასპინძლა.

ამის შემდეგ ბოლრუმში სრულიად განსხვავებული განწყობა შემოიტანა Francesca Tandoi Trio-მ. იტალიელმა პიანისტმა და მომღერალმა შექმნა ინტიმური, ელეგანტური ატმოსფერო, სადაც ყოველი ნოტი ემოციას ქმნიდა. Stefano Senni-ს დუბლი ბასი და Pasquale Fiore დრამი ქმნიდნენ ფაქიზ, დახვეწილ დიალოგს, ხოლო Tandoi-ის სადა, მაგრამ გამჭოლი და მელანქოლიური ვოკალი აშკარად ეხებოდა მაყურებლის გულებს.
მის მიერ My Funny Valentine-ის შესრულება საღამოს კულმინაციად იქცა — ნაზი, ჰაეროვანი და გულწრფელი ინტერპრეტაცია, რომლის შემდეგ რამდენიმე წამით სრული სიჩუმე ჩამოწვა. ეს იყო ის დუმილი, რომელიც მხოლოდ ნამდვილ სილამაზეს მოსდევს.
საღამო ასევე შექმნა ნიკ ვესტმა, რომლის სცენაზე გამოჩენამაც ზღვა ენერგიით აავსო მთელი სივრცე. სახასიათო იისფერი თმით, შესანიშნავი ქარიზმით, ბასგიტარაზე დაკვრის ოსტატობითა და სცენურობით, რომელიც Prince-ის ფანკის სულს გამოხატავს, მან ჯაზმოყვარულებს საოცარი გამოსვლა აჩუქა.

ლორენცო კამპეზეს კლავიშით, დევიდ კოლუმის დრამით, სიმონე ჩეზარინის გიტარითა და ტენეია სანდერსის ვოკალით, ვესტის ჯგუფი აერთიანებდა ფანკს, სოულსა და RnB-ს. საღამოს კულმინაციას წარმოადგენდა Purple Unicorn-ის გრძელი ვერსია, სადაც მისი ბასის სოლო ღამეში გულისცემასავით პულსირებდა.
ფესტივალის დასასრულს, წინანდლის ვენახებში მხოლოდ მშვიდი მელოდია ისმოდა სიბნელეში, სასმისები კიდევ ერთხელ, ბოლოჯერ შეეხო ერთმანეთს და ვიღაცამ დაიჩურჩულა: „მომავალ წელს შევხვდებით”. შესაძლოა, სწორედ ეს არის ამ ფესტივალის ნამდვილი მაგია – ის მაშინ არ მთავრდება, როცა მუსიკა ჩერდება, არამედ გრძელდება მომავლის ხედვითა და იმედით.













