in

12 ოქტომბერს Jazz & Wine ფესტივალი ჯაზ მუსიკის მრავალფეროვან შემსრულებლებს უმასპინძლებს


ტრადიციულად შემოდგომის დადგომასთან ერთად, განსაკუთრებული მუსიკალური მომენტებისთვის ვემზადებით, რაც ბევრისთვის წინანდალში ოქტომბერში დაგეგმილი “Jazz & Wine”-ის ღონისძიებასთან ასოცირდება. აღნიშნულმა ფესტივალმა წლების განმავლობაში არაერთხელ გაამრავალფეროვნა შემოდგომის მიძინებული მუსიკალური პროცესები, თავის მხრივ კი წინანდლის მამულსაც დამატებითი როლი შესძინა. რთველის სეზონის დადგომასთან ერთად, ჯაზის დუღილის ტემპერატურაც იმატებს და შედეგად ამ ორის განუმეორებელ წყვილს ვიღებთ.

წელსაც წინა პროგრამების მსგავსად 12 ოქტომბერს რამდენიმე საინტერესო მუსიკალური აქტის მოსასმენად ვემზადებით.

დავიწყოთ იტალიური ბენდით Sweet Life Society, რომელიც 2008 წელს ტურინელმა პროდიუსერებმა გაბრიელე კონკასმა და მატეო მარინიმ დააარსეს და დიდი პოპულარობით სარგებლობს ევროპის მასშტაბით თუ მის ფარგლებს გარეთ. მათი შთამბეჭდავი ცოცხალი პერფორმანსები, რომელშიც ცხრაკაციანი ბენდი მონაწილეობს, განსაკუთრებულად გამორჩეულია. ათწლეულზე მეტი საერთაშორისო ტურის გამოცდილებით, ჯგუფს დაუკრავს მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ ფესტივალებზე და კლუბებში, მათ შორის Glastonbury, Eurosonic, Bestival, Lovebox, Wilderness, Latitude, Boomtown, Fusion, Lowlands, Paradiso Amsterdam, Village Underground London და სხვები.

ჯგუფის უნიკალური სტილი აერთიანებს ვინტაჟური მელოდიების გრუვს და კარიბის ხმოვანებას, რომელიც შერწყმულია ამერიკული ჰიპ-ჰოპის რიტმებთან და ბრიტანული ბას მუსიკის ენერგიასთან. ეს დახვეწილი და ელეგანტური მიქსი სრულდება ძლიერი ჩასაბერი სექციის, ელექტრო ბასისა და გიტარის თანხლებით, რომლებიც ჰარმონიულად ერწყმის ცოცხალ დრამ მანქანებითა და სემპლერებით შექმნილ ბიტებს. ამას კი ზედ 2 უნიკალური MC-ის ვოკალური პარტიები ემატება.

შემდეგი იქნება გრეგუარ მარესა და ედმარ კასტენადას პროექტი Harp Vs Harp, რომელიც არფისა და ჰარმონიკის ერთობლივ უნიკალურ შეთანაწყობას წარმოგვიჩენს. ედმარ კასტანედა  კოლუმბიაში დაბადებული ჯაზ არფისტია, რომელმაც მსოფლიოს მასშტაბით გაითქვა სახელი. 1994 წელს ამერიკაში ჩასვლის შემდეგ, მან არფა თავიდან გააცნო ჯაზის სამყაროს და შეძლო მისი ტექნიკური და შემოქმედებითი უნარებით ამ ინსტრუმენტის ინოვაციური ხასიათი გაემჟღავნა მსმენელისთვის. კასტანედას შესრულება მოიცავს ჯაზისა და მრავალფეროვანი ჟანრების სინთეზს, რაც გამოიხატება მისი კოლაბორაციებით ისეთ ცნობილ არტისტებთან, როგორებიც არიან სტინგი, ვინტონ მარსალისი და პაკო დე ლუჩია.

 

გრეგუარ მარე  შვეიცარიაში დაბადებული და ჯაზის სამყაროში გამორჩეული ჰარმონიკის შემსრულებელი და კომპოზიტორია. მან 18 წლის ასაკში ნიუ იორკში გადაინაცვლა და მუსიკალურ სამყაროში თავისი უნიკალური ადგილი დაიკავა. მიუხედავად იმისა, რომ ჰარმონიკა იშვიათად გამოიყენება ჯაზში, მარემ შეძლო მისი თანამედროვე ჟანრებში ინტეგრირება, რაც გამოიხატება იმ მრავალ ცნობილ მუსიკოსებთან თანამშრომლობაში, როგორიც არიან ჰერბი ჰენკოკი, პეტ მეთენი, პრინცი და სტინგი. მათი საერთო პროექტი. Harp Vs Harp სწორედ ამ ორი უნიკალური მუსიკოსის და მათი ასევე უნიკალური ინსტრუმენტების დიალოგის მცდელობაა, რომელიც ჯაზის ფარგლებში წარიმართება და ორივესთვის ტოვებს თავის წარმოჩენის სივრცეს.

დღეს კი 2000-იანი წლების დასაწყისში პარიზში შექმნილი ბენდი Electro Deluxe დახურავს, რომელიც ცნობილი ჯაზის, ფანკის და ელექტრონული მუსიკის შერწყმით გახდა. ჯგუფი დააარსეს დრამერმა არნო რენავილმა, საქსოფონისტმა თომა ფორმა, ბასისტმა ჟერემი კოკმა და კლავიშისტმა გაელ კადუმ, ხოლო 2007 წელს მათ  სადებიუტო ალბომი „Stardown“ გამოუშვეს, რომელმაც მათ ინოვაციურ მუსიკალურ სტილს ჩაუყარა საფუძველი.

Electro Deluxe-ს განსაკუთრებული ადგილი უკავია მუსიკალურ სამყაროში მათი დაუვიწყარი ცოცხალი შესრულებებით, რაც ნათლად გამოჩნდა ისეთ ფესტივალებზე, როგორიცაა Jazz à Vienne და Montreal Jazz Festival. მათმა ინოვაციური მუსიკამ საერთაშორისო აღიარებას მიაღწია, ხოლო მათი ფანების რაოდენობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით იზრდება. კახეთში ბენდი მათ ახალ ალბომს, “Next” წარადგენს.

მოკლედ ჯაზის მოყვარულებს წინ მნიშვნელოვანი მომენტები ელით, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ


Potential in Action! ბრენდ GIG-ის ახალი სიცოცხლე

სოციალური საწარმოები პლასტმასის ნარჩენების შემცირებისთვის