in

ჯაზ მუსიკის მრავალი სახე წინანდლის “Jazz & Wine” ფესტივალზე


შემოდგომას, როდესაც ბუნება ყვითელ საფარშია გახვეული, კახეთის რეგიონში უკვე რამდენიმე წელია ღვინის სეზონთან ერთად ჯაზის დროც დგება. ამ იდეალური დუეტის შემოქმედი ჩვენთან „ჯაზისა და ღვინის“ ფესტივალია, რომელიც წინანდლის ისტორიულ მამულში იმართება და ორგანიზებას „ისთერნ ფრომოუშენის“ გუნდი უწევს.

წელს საქართველოს ჯაზის ვიბრაციები აქტიურად დაუბრუნდა, წარმატებით ჩატარდა როგორც თბილისის, ასევე ბათუმის ჯაზ ფესტივალები. თუმცა “Jazz & Wine“-ს განსაკუთრებული ეფექტი და იდეა აერთიანებს, რომლის ფარგლებშიც ქართველ მცირე ზომის მეღვინეობებს საკუთარი თავის წარმოჩენის შესაძლებლობა აქვთ.

კიდევ უფრო გამორჩეული იყო ფესტივალის წლევანდელი გამოშვება, ვინაიდან მას პირველად სტუმარი ქვეყანა ჰყავდა – რა თქმა უნდა აქ პირველობის სტატუსი ამერიკის შეერთებულ შტატებს ერგო, როგორც ჯაზის მშობელ ქვეყანას. შესაბამისად ფესტივალის დასახელება ზუსტად 15-16 ოქტომბერს ზუსტად აღიწერა და მის ისტორიას კიდევ ერთი ლამაზი ფურცელი შეემატა.

ზომიერად წვიმიანმა ამინდმა და გომბორის გზაზე განლაგებულმა ნისლის ტალღებმა ამ დუეტს დამატებითი სენტიმენტალურობა შესძინეს, თუმცა ფესტივალზე მოხვედრილთ მოწყენილობისთვის როდი ეცალათ. 13:00 საათისთვის 20-მდე ქართულ მეღვინეობას ამერიკელი კოლეგა ნათან ზინდერი შეუერთდა, შეფმზარეული მეთიუ დოლანმა კი ჩვენი გაოცება ამერიკული კერძებით სცადა.

Jazz & Wine
Photo By Gia Gogatishvili

შუადღე ელის ფრანსისის პროექტით დაიწყო – ეს გერმანული მუსიკალური აქტი უკვე 10 წელზე მეტია რაც ევროპისა და შტატების საკმაოდ დიდ სცენებს იპყრობს, ამის ძირითადი მიზეზი კი ტრიოს მულტინაციონალური შემადგენლობა და ის ექსტრავაგანტული და გამორჩეული პერფორმანსებია, რომლითაც 20-30 იანი წლების სვინგის გაცოცხლებას 21-ე საუკუნის მსმენელისთვის ცდილობენ. ალბათ უმეტეს ჩვენგანს მსგავსი სცენები მხოლოდ ფილმებში თუ გვინახავს, თუმცა ელისის საღამოებზე აბრჭყვიალებული ტანისამოსების ერა ზედმეტი ძალიხსმევის გარეშე ბრუნდება. ფრანსისის ტრადიციულ ტრიოს (Mr. Goldielocks & Sir Chul-Min Yoo) აკომპანიმენტს კონცერტის განმავლობაში დრამერი და ბასისტი უწევდნენ, რამაც მათი ელექტრონული სვინგის ხმოვანება უფრო გაამდიდრა და მსმენელიც მარტივად აიყოლია. რამდენჯერმე შესრულდა ჯგუფის ცნობილი ჰიტები „SHOOT HIM DOWN“, „TOO DAMN HOT“ „GangsterLove” და ეს კი ჯერ დღის დასაწყისი იყო, სიტუაცია უკვე მოასწავებდა რომ საღამო უფრო საინტერესო და ენერგიული გამოდგებოდა.

Alice Francis
Photo By Gia Gogatishvili

ოთხსაათიანი მუსიკალური პაუზის შემდეგ ბალრუმის სივრცეში სრულიად განსხვავებულმა ხმაურმა გაგვახსენა ჯაზ მუსიკის სტილისტური სიმდიდრე. ჩვენს წინაშე Caili O’Doherty-ის კვინტეტს დაეთმო. ნიუ იორკის ხუთეულმა, რომელიც სტანდარტულ ტრიოსთან ერთად ვოკალისტსა და საქსაფონისტს აერთიანებდა, მსმენელი მაგნიტივით მიიზიდა. ერთ საათიანი გამოსვლის დროს, აუდიტორია რამდენიმეჯერ წამოუდგა მუსიკოსებს, რომლებიც თავის მხრივ, საკუთარი შემოქმედებიდან საუკეთესო ნაწარმოებებს ასრულებდნენ. განსაკუთრებული ოვაციები კი მაშინ გაისმა, როცა დარბაზში ნაცნობი ქართული მელოდია განსაკუთრებული, ჯაზ ინტერპრეტაციით აჟღერდა – „ჟუჟუნა წვიმა მოვიდა“-მ გულის გაპობის ნაცვლად, გული გაგვითბო და აფროამერიკელი ვოკალისტი მიერ ქართულად წარმოთქმულმა სიტყვებმა კიდევ ერთხელ გაგვახსენა, თუ როგორ შლის მუსიკა კულტურათა შორის ნებისმიერ ზღვარს. თუმცა ამით შოუ არ დასრულებულა, მალევე ვოკალისტის ხილვა სცენის ქვემოთ, მსმენელთა შორისაც შეგვეძლო, პოზიტიური განწყობით დამუხტულმა ბენდმა,  დარბაზის რიგების ვოკალური შესაძლებლობებიც დატესტა –  ერთიანი გადაძახილებით და გასხივოსნებული სახეებით დღის მეორე კონცერტიც დასრულდა.

Caili O'Doherty
Photo By Gia Gogatishvili

თუმცა საღამო დასასრულისგან ჯერ კიდევ შორს იყო, მთავარ სცენაზე ლეგენდარულ გერმანულ პროექტს De-Phazz-ს ველოდით. ჯგუფი რომელიც ჩემი თინეიჯერობის პერიოდიდან ძალიან ძვირფასი და განსაკუთრებულია, ალბათ იმითაც რომ  ერთ-ერთ ყველაზე არაგერმანულ მუსიკალურ პროდუქციას ქმნიან – სავსეს აფროამერიკული მუსიკალური სტილების ნაზავით და ლაუნჯ მუსიკის ხასიათით. 22:00 საათისთვის მათი დროც დადგა და დარბაზი საცეკვაოდ გაემზადა. სცენაზე პერიოდულად ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ქალი და მამაკაცი ვოკალისტები, ჯგუფის ძირითად ბირთვს კი მოწვეული მესაყვირე აძლიერებდა. 2022-ში ბენდს საიუბილეო წელი ქჰონდა – მათი დაარსებიდან 25 წელი გავიდა. ამ წლების განმავლობაში ჯგუფის შემადგენლობა ალბომიდან ალბობამდე იცვლებოდა, თუმცა უცვლელი იყო მთავარი მუსიკალური არქიტექტორი, პროდიუსერი პიტ ბაუმგარტნერი, რომელიც თანამედროვე ლაუნჯ მუსიკის ერთ-ერთ ფუძემდებლადაც ითვლება. ჯგუფმა შეასრულა ცნობილი კომპოზიციები „The Mambo Craze“ „Trashbox“ „Death By Chocolate” და სხვა. ასევე  პატივი დაგვდეს და შეასრულეს კომპოზიციები ახალი ალბომიდან „Jelly Banquet“ რომელიც სულ რაღაც ერთი თვის წინ გამოვიდა საჯარო მსმენელისთვის.

Caili O Doherty
Photo By Gia Gogatishvili

ენერგიულმა და ხალისინმა დღემ კიდევ ერთხელ დაგვანახა რომ კულტურათა შორის დიალოგისთვის ჯაზის და ღვინის კულტურის სინთეზი მართლაც საუკეთესო არჩევანია – არჩევანი რომელიც საბედნიეროდ ჩვენს მოქალაქეებს მარტივად შეუძლიათ გააკეთონ. 


როგორ უნდა გააგრძელოთ სვლა, როცა ერთ ადგილზე ხართ გაყინული?

ქალები და კარიერა – რა გამოწვევებს უმკლავდებიან ისინი ლიდერულ პოზიციებზე მოსახვედრად