რა აქცევს ამა თუ იმ ბიზნესს წარმატებულ კომპანიად? მხოლოდ ისეთი პროდუქტის გამოშვება, რომელიც ხალხს მოსწონს, მარკეტინგული აქტივობები თუ მისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებლად აღქმა? ალბათ სამივე, თუმცა, თუ დაუკვირდებით, მესამე ნაწილს შედარებით ნაკლები ყურადღება ექცევა ხოლმე, რაც არასწორია. განვითარების მაღალ დონეზე დგას კომპანია, რომლის არა მარტო მომხმარებლობა, არამედ თანამშრომლობაც სასურველია, ამიტომ ნებისმიერმა ბიზნესმა ამ მიმართულებითაც უნდა იმუშაოს იმიჯის შექმნაზე.
სააგენტო ,,ჯედაი” ცოტა ხნის წინ დაფუძნდა საქართველოში. მისი თანადამფუძნებლები ის ადამიანები არიან, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვთ მარკეტინგში და იციან, რას უნდა ეფუძნებოდეს კომპანიის ღირებულებები. ჯედაი დამსაქმებლის ბრენდინგსააგენტოა, რომელიც ზრუნავს იმაზე, რომ კომპანია, როგორც დამსაქმებელი ბრენდი, საინტერესო და მიმზიდველი იყოს პოტენციური თანამშრომლებისთვის.
თავად სააგენტოს დაარსების იდეა დამფუძნებლებს: ამიკო კალანდიას, ნინო კიკნაველიძესა და ნინო კევლიშვილს ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში გაუჩნდათ. HR და მარკეტინგის მიმართულებით სამუშაო გამოცდილების დაგროვების შემდეგ კი იდეა რეალობად აქციეს.
სააგენტოს ღირებულებებსა და მისიაზე თანადამფუძნებელი, ამიკო კალანდია გვესაუბრა.
M: ამიკო, სააგენტოს დაარსების იდეასა და მიზანზე საუბრით დავიწყოთ…
უკვე 10 წელზე მეტია, მარკეტინგის მიმართულებით ვმუშაობ სხვადასხვა სფეროში და ამ წლების მანძილზე ხშირად უკითხავთ კომპანიის მომგებიანობის ზრდა მხოლოდ პროდუქტების მარკეტინგში ინვესტირებას მოაქვს თუ საჭიროა სხვა ტიპის მარკეტინგულ აქტივობებში ინვესტირებაც. საკუთარი გამოცდილებით და საუკეთესო პრაქტიკების გათვალისწინებით, შემიძლია ვთქვა, რომ თუ კომპანიის ბრენდისა და პროდუქტების მიმართ მომხმარებლის ემოციური კავშირი იმდენად დიდია, რომ მას ამ კომპანიაში მუშაობის სურვილი უჩნდება, ესე იგი, ბრენდი ნამდვილად მოწოდების სიმაღლეზეა და სწორად ვითარდება. ვფიქრობ, ნებისმიერი კომპანიის წარმატებისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია მისი ბრენდის პოზიციონირება, როგორც კარგი დამსაქმებელი და ამ მიმართულებით ინვესტირება ისეთივე მნიშვნელოვანია კომპანიის მომგებიანობისთვის, როგორც უშუალოდ პროდუქტის მარკეტინგში.
დამსაქმებლის ბრენდინგსააგენტოს შექმნის იდეა თავისუფალი უნივერსიტეტის MBA პროგრამაზე სწავლისას გაჩნდა. ჩემს ჯგუფელებთან და დღეს უკვე ჩემს პარტნიორ HR პროფესიონალებთან, ნინო კიკნაველიძესთან და ნინო კევლიშვილთან ერთად ხშირად განვიხილავდი სხვადასხვა პროფესიულ საკითხს, სადაც დასკვნა ყოველთვის ერთი იყო: თანამედროვე HR-თვის აუცილებელია ეფექტური მარკეტინგული მხარდაჭერა.
M: რა დაკვირვებაზე დაყრდნობით გაჩნდა ეს დასკვნა?
დღევანდელ კონკურენტულ და დინამიკურ გარემოში კომპანიები ჩართულნი არიან „ტალანტებისთვის ომში“, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ სწორად მართონ თავიანთი დამსაქმებლის ბრენდი, შეძლონ სხვადასხვა აქტივობისა და კამპანიების განხორციელება ტალანტების მოზიდვის, ჩართულობისა და შენარჩუნებისთვის. დამსაქმებლის ბრენდის მართვა ყველაზე ეფექტურად მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც HR და მარკეტინგი „მეგობრობენ“ და ერთად ფიქრობენ კომპანიის, როგორც დამსაქმებლის ბრენდის განვითარებაზე. სწორედ ამიტომ, მე და ჩემმა პარტნიორებმა გადავწყვიტეთ, ერთად გვემუშავა ამ საკითხზე და დავაარსეთ საქართველოში პირველი დამსაქმებლის ბრენდინგსააგენტო, ჯედაი.
M: რა არის ჯედაის ღირებულებები?
ჯედაის ბრენდის ღირებულებებზე მუშაობისას, პირველი, რაც აზრად მოგვდიოდა, ბედნიერება იყო, რადგან ჩვენ გვჯერა, რომ სწორი დამსაქმებლის ბრენდინგის სტრატეგიის არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია იდეალურად დაბალანსდეს დამსაქმებლისა და დასაქმებულის სურვილები და ორგანიზაციებში შეიქმნას გარემო, რომელიც უზრუნველყოფს თანამშრომელთა ბედნიერების ინდექსის მაღალ მაჩვენებელს. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ გვინდა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ისეთი სამყაროს შენებაში, სადაც დასაქმებულებიც და დამსაქმებლებიც ბედნიერად გრძნობენ თავს.
ბრენდის შენებისას კომპანიები უმეტეს შემთხვევაში აქცენტს მომხმარებლებზე აკეთებენ ხშირად ყურადღების მიღმა რჩებათ არსებული ან პოტენციური თანამშრომლები – ადამიანები, რომლებიც ბრენდის ღირებულებების მთავარი ამბასადორები არიან. მნიშვნელოვანია, რომ ბრენდის შენების პროცესში ყველა დაინტერესებული მხარე იყოს გათვალისწინებული და კომუნიკაციის დაგეგმვისას კარგად იყოს გააზრებული მათთან შეხების თითოეული წერტილი.
M: უშუალოდ რა სერვისებს სთავაზობს ჯედაი კომპანიებს და რა პროექტებზე მუშაობთ მათთან ერთად?
კომპანიებს ვთავაზობთ დამსაქმებლის ბრენდინგის მიმართულებით სრულ მომსახურებას, რაც გულისხმობს: დამსაქმებლის ბრენდის მართვის სტრატეგიის შემუშავებისთვის საჭირო კვლევებისა და აუდიტის ჩატარებას, შედეგების ანალიზს, უშუალოდ სტრატეგიის შემუშავებას და განხორციელებისთვის საჭირო ინსტრუმენტების, აქტივობების გეგმის და სხვა დამატებითი რესურსების გაზიარებასა და კონსულტაციას.
ჩვენი მიდგომა თითოეულ კომპანიასთან არის ინდივიდუალური. შევისწავლით მათ საჭირობებს, გამოწვევებს და მხოლოდ მათზე მორგებულ გადაწყვეტებს ვთავაზობთ. ხშირად კომპანიებმა არ იციან, რაზე გააკეთონ აქცენტი და რა საკითხები წამოწიონ წინ გარე აუდიტორიასთან კომუნიკაციის ნაწილში, სწორედ აქ ვერთვებით ჩვენ. ვიკვლევთ თანამშრომლებისა და პოტენციური კანდიდატების განწყობებს, ვატარებთ არსებული რეალობის აუდიტს და ანალიზის საფუძველზე ვქმნით მათთვის პროდუქტს, რომელიც თანამედროვე სამყაროში დამსაქმებლის ბრენდიგისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
M: როგორია თავად ჯედაის კრეატიული კონცეფცია და იდენტობა?
როდესაც გავიაზრეთ, რამდენად დიდ საქმეს შევეჭიდეთ, მივხვდით, რომ კომპანიის სახელიც შესაბამისი უნდა ყოფილიყო. სიმართლე გითხრათ, ბევრი არ გვიფიქრია და მარტივად შევთანხმდით. ჯედაი საკულტო ვარსკვლავური ომების ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის წოდებაა. ჯედაები თავიანთი სინათლის მახვილით იცავენ მშვიდობასა და სამართლიანობას და ზრუნავენ, რომ სამყაროში ყველა არსება იყოს თანასწორი და ბედნიერი. თანაც, ჯედაებად არ იბადებიან, იმისთვის, რომ ჯედაი გახდე, საჭიროა ისწავლო, დახელოვნდე, გაიწვრთნა და მხოლოდ ამის შემდეგ მიაღწევ მიზანს. ჩვენც ამის გვჯერა – წარმატების მიღწევაში ჩვენი მთავარი ღირებულებები – შემეცნება, სრულყოფილებისკენ სწრაფვა და საქმის განსხვავებულად კეთების გამბედაობა დაგვეხმარება.
რაც შეეხება ლოგოს და ვიზუალურ ესთეტიკას, თავიდანვე ვიცოდით, რომ გვინდოდა თანამედროვე, მარტივი და მინიმალისტური ლოგო ეფექტური ფერებით. დახმარება ძალიან ნიჭიერ დიზაინერს, ლაშა შეყილაძეს ვთხოვეთ, რომელმაც ზუსტად გაიგო ბრიფი და ისეთი ვიზუალი შემოგვთავაზა, რომელიც სრულად აკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებს.
ჯედაი ამჟამად სტარტაპია, თუმცა უკვე დაწყებული აქვს მუშაობა რამდენიმე კრეატიულ პროექტზე და მომხმარებელს ბევრ სიახლესაც ჰპირდება. სააგენტოს მიმართ ინტერესი უკვე გამოხატეს კომპანიებმა, ამიტომ ის სტარტაპისთვის დამახასიათებელი ენთუზიაზმით, გამოცდილი გონებითა და მომხმარებლებისადმი კეთილგანწყობით მუშაობს სამომავლო განვითარებაზე.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი