9
Sep
2019

გარემოს დამცველები ჯეფ ბეზოსს ამაზონის ტყის ყიდვას სთხოვენ

9 Sep 2019

25 წლის წინ, ჯეფ ბეზოსმა, თავის სტარტაპს “Amazon” სამხრეთ ამერიკაში მდებარე მდინარის საპატივცემულოდ დაარქვა. ამას დიდი სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა – ბიზნესმენს სურდა, მისი კომპანია ელ.კომერციის მიმართულებით მსოფლიოში ყველაზე წარმატებული და მასშტაბური გამხდარიყო, ყველაზე დიდი და წყალუხვი მდინარე „​ამაზონის“​ მსგავსად. მაშინ ჯეფ ბეზოსი, ალბათ, ვერც წარმოიდგენდა, რომ ერთ დღეს, მის კომპანიას ეს სახელი კიდევ ერთხელ დაუკავშირდებოდა – ამ შემთხვევაში საუბარია „​ამაზონის“ სუბტროპიკულ ტყეზე. მომხდარი კატასტროფის შემდეგ, გარემოსდამცველები და ხელოვანები ჯეფ ბეზოსს სთხოვენ, ამაზონის ტყე იყიდოს.

Photo Credit: Adweek

​ამაზონი“ ჯერ ისევ იწვის, ოღონდ სხვა ამაზონი, თქვენს კომპანიაში ყველაფერი რიგზეა. ერთი შეთავაზება გვაქვს: იყიდეთ ამაზონის სუბტროპიკული ტყე. იყიდეთ, მაგრამ არ შეეხოთ. შეინარჩუნეთ ის მსოფლიოსთვის, დაიცავით მცენარეები და ველური ბუნება რაც იქ არის და რითიც ჩვენ ვსუნთქავთ. დაიცავით ადგილობრივები, ვისი ცოდნაც შეუფასებელია. თქვენ ძლიერი ბრენდი გაქვთ, ჯეფ, მაგრამ რა მემკვიდრეობა გინდათ რომ დატოვოთ? ახლა გაქვთ შანსი, ამ ტყეს რაიმე გაუკეთოთ სანაცვლოდ, მან ხომ ასეთი სახელი და არა მხოლოდ სახელი მოგცათ. ჩადეთ ინვესტიცია თქვენს მემკვიდრეობაში, სანამ ყველა მიხვდება (გაიგებს,გაარკვევს),  საიდან მოდის მუყაოს ყუთები”, – ნათქვამია წერილში, რომელსაც Adweek გარემოს დამცველებისა და ხელოვანების სახელით ავრცელებს.

როგორც კამპანიის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, მსოფლიო კატასტროფის წინაშეა და გამოსავალი სასწრაფოდ უნდა მოიძებნოს. ჯეფ ბეზოსს კი დახმარება მხოლოდ იმიტომ არ სთხოვეს, რომ მისი კომპანია და ამაზონის სუბტროპიკული ტყე „​სეხნიები არიან“. მისი თქმით, ეს უფრო გლობალური მოწოდებაა.

„ჯეფი [ბეზოსი] საოცარი ფილანტროპია. ის სიმდიდრეს განსხვავებულად აღიქვამს. თუმცა, არ ვფიქრობთ, რომ ჩვენს ამ ინიციატივაზე მაინცდამაინც რეაგირებას მოახდენს. ეს უფრო საერთო, ყველას მიმართ გამოთქმული მოწოდებაა, რომ ახლებურად, განსხვავებულად შეხედონ ძალაუფლებას, კონტროლს და სამყაროც განსხვავებულად დაინახონ“.

ცოტა ხნის წინ, მსგავსი მოწოდებით სოციალურ მედიაშიც გამოვიდნენ. Twitter–ის მომხმარებლები, ჰეშთეგით #ActForTheAmazon, ჯეფ ბეზოსს, ამაზონის ტყის დაცვაში დახმარებას სთხოვდნენ.

განხილვა