16
Oct
2018

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, რომელმაც ვაჭრობა ბევრად მარტივი გახადა – Amazon.com-ის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის ბიზნეს-ისტორია

16 Oct 2018

ჯერ კიდევ რამდენიმე ათეული წლის წინ  სახლიდან გაუსვლელად ვაჭრობა ოცნებას წარმოადგენდა. წლების შემდეგ, როდესაც კომპიუტერმა ადამიანების ცხოვრება მარტივად „აითვისა“, ონლაინ-სივრცის ზემოქმედება სავაჭრო სფეროსაც დაეტყო. აღმოჩნდა კაცი, რომელმაც ინტერნეტმომხმარებლების სწრაფი ზრდა მალევე შეამჩნია და ინოვაციური იდეების მოსვლამაც არ დააყოვნა. ეს იყო ჯეფ ბეზოსი, ბიზნესმენი, რომელმაც ინტერნეტის სარფიანი და ორიგინალური იდეიდან წარმატების კიდევ ერთი ახალი ისტორია შექმნა.

დღეს, „ამაზონის“ ხსენებისას, ცოტას თუ გაახსენდება წყალუხვი მდინარე. პირველი, რასაც წარმოიდგენენ, მსოფლიოში ცნობილი ბრენდი იქნება. ჯეფ ბეზოსი სწორედ ამ მსოფლიოში ნომერ პირველი ონლაინ-სავაჭრო ქსელის -ამაზონის დამფუძნებელია. „იდუმალი ბრილიანტი და ცივსისხლიანი ტიტანი“ – ასე ახასიათებს დღეს მას მსოფლიო მედია. ნიუ-მექსიკოში, კერძოდ, ალბუკერკში, დაბადებული ჯეფი მამინაცვლის, მაიკ ბეზოსის გვარს ატარებს. დღევანდელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანის სრული სახელია: ჯეფრი პრესტონ ბეზოსი. მოწყობილობებისადმი ინტერესი ბეზოსმა ბავშვობიდანვე გამოავლინა. იგი აკვირდებოდა სხვადასხვა აპარატურის მუშაობას, საკუთარ სახლს მოწყობილობებს უმაგრებდა, მშობლიების გარაჟი კი სულაც ლაბორატორიად გადააქცია. აქვე უნდა ვახსენოთ ჯეფის ბაბუის, ლოურენს პრესტონის წვლილიც მის აღზრდაში. იგი აშშ-ს ატომური ენერგიის რეგიონალური კომისიის დირექტორად მუშაობდა, სწორედ მან დააინტერესა შვილიშვილი კომპიუტერებით.

მაიამიში გადასვლამ თინეიჯერი ბეზოსის მიდრეკილებებს გზა გაუხსნა. სწორედ აქ გამოავლინა მან კომპიუტერებისადმი დიდი სიყვარული. მოწოდებით ბიზნესმენმა ადრევე დაიწყო თავისი პირველი ბიზნესი, სახელად „Dream Institute“, რომელიც საგანმანათლებლო საზაფხულო ბანაკი იყო. თუმცა, ამ ყველაფერს ტექნოლოგიურ სფეროსთან არაფერი ჰქონია საერთო. იგი ასევე მუშაობდა მაკდონალდსშიც სწრაფი შეკვეთების ხაზზე. კოლეჯის დასრულების შემდეგ ჩააბარა პრინსტონის უნივერსიტეტში კომპიუტერული მეცნიერებებისა და ელექტროინჟინერიის ფაკულტეტზე. ცნობილია ფაქტი, რომ მან უნივერსიტეტი უმაღლესი ქულებით დაამთავრა.

შემოთავაზებებმა ბეზოსს მალევე მიაგნო. ბიზნესმენის ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს უოლ სტრიტს. კერძოდ, მან აქ ბედი რამდენიმე კომპანიაში სცადა. პირველი მათგანი იყო „Fitel“, აქ იგი მუშაობდა სატელეკომუნიკაციო სტარტაპში. შემდგომ ბეზოსი გადავიდა საბანკო ინდუსტრიაში და გახდა პროდუქციის მენეჯერი კომპანია „Banking Trust“-ში. 1990 წელს ჯეფი შეუერთდა საინვესტიციო კომპანია „D.E Shaw“-ს, სადაც მალევე დააწინაურეს და კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი გახდა.

ბეზოსი საფინანსო სფეროში საკმაოდ წარმატებული იყო, თუმცა, მისთვის აქ მუშაობა მხოლოდ დროებითი გატაცება აღმოჩნდა. მისი გონება სრულიად სხვა სფეროსკენ იყო მიმართული. ჯეფმა რისკიანი ნაბიჯი გადადგა და კომპანიიდან წამოვიდა 1994 წელს იმისთვის, რომ ონლაინ წიგნის მაღაზია შეექმნა, მაშინ ის 30 წლის იყო. სარისკო ნაბიჯის ავტორმა შემდგომში ამგვარი განცხადება გააკეთა:  „როდესაც 80 წლის ვიქნები ვინანებ უოლ სტრიტის დატოვებას? არა! თუმცა, ინტერნეტი რომ მივატოვო, ამას ყოველთვის ვინანებ!“ საბოლოოდ იგი მაინც თავისი ოცნების გზას დაადგა. ინიციატივის განსახორციელებლად ბეზოსმა მშობლებს 300 000 დოლარი გამოართვა.

მან თავიდანვე გააფრთხილა სხვა ინვესტორები, შანსი იმის, რომ ამაზონი ვერ მიაღწევდა წარმატებას, ან სულაც გაკოტრდებოდა, 70% იყო. თუმცა, საბედნიეროდ, იღბალი დარჩენილი 30%-ისკენ გადაიხარა. საკუთარი ბიზნესისთვის ოფისი ზემოხსენებულ მშობლების გარაჟში მოაწყო, სადაც რამდენიმე თანამშრომელთან ერთად მუშაობდა. მალე ჯეფმა საკუთარი წამოწყების პროგრამული უზრუნველყოფა მოახერხა. ბიზნესი სულ უფრო იზრდებოდა, ბავშვობისეული „ლაბორატორიის“ ოთხი ოთახი მას ვერ იტევდა. ოპერაციებისთვის უფრო დიდი სივრცე იყო საჭირო და ოროთახიან ბინაში გადავიდნენ, სადაც სამი მზის მიკროსადგური ჰქონდათ დამონტაჟებული. ბეზოსმა ონლაინ მაღაზიის დასატესტად 300 მეგობარი მოიწვია. ყველაფერმა კარგად ჩაიარა და საბოლოოდ 1995 წლის 16 ივლისს მან ჩამოაყალიბა ყველასთვის კარგად ცნობილი ონლაინ-მაღაზია Amazon.com.

ამ საიტის თავდაპირველი სახე სრულიად განსხვავდებოდა დღევანდელისგან. მასზე თავიდან მხოლოდ წიგნები იყიდებოდა. საიტის  წარმატება განუზომლად დიდი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ამაზონის შექმნა მედიას არ გაუშუქებია, მან 30 დღეეში ამერიკის მასშტაბით 45 ქვეყანაში გაყიდა წიგნები. 2 თვეში მათი ბიუჯეტი 20 000 დოლარით გაიზარდა. გაყიდვების რიცხვი კი იმაზე უფრო სწრაფად იზრდებოდა, ვიდრე ბეზოსი და მისი გუნდი იწინასწარმეტყველებდნენ. 1997 წლისთვის ამაზონი უკვე ყველასთვის ცნობილი იყო. საბაზრო ანალიტიკოსები ეჭვის თვალით უყურებდნენ ამ წამოწყებას და 1 წელში მის გაკოტრებას ვარაუდობდნენ, თუმცა, ორი წლის შემდეგ საიტმა არათუ შეინარჩუნა პოპულარობა, არამედ ელექტრონული კომერციების ლიდერი გახდა.

დროის გასვლასთან ერთად, ამაზონის ფუნქციები სულ უფრო იზრდებოდა. ბეზოსმა გადაწყვიტა, საიტი პროდუქციის სახეობების გაზრდის ხარჯზე მრავალფეროვანი გაეხადა. მასზე მომხმარებლებს უკვე შეეძლოთ CD დისკებისა და ვიდეოების ყიდვა. შემდგომში ნელ-ნელა პროდუქცია იზრდებოდა და ემატებოდა ტანსაცმელი, ელექტრონული მოწყობილობები, სათამაშოები და სხვადასხვა საცალო ვაჭრობის საგნები. სანამ სხვა საიტები ნელ-ნელა ქრებოდნენ ონლაინ-სივრციდან, ამაზონი საკუთარი წარმატების პიკს აღწევდა. თუკი 1995 წლისთვის მისი ბიუჯეტი 510 000 დოლარს შეადგენდა, 2011 წლისთვის მან 17 მილიარდს მიაღწია.

მიუხედავად იმისა, რომ ბეზოსის წამოწყება ძალიან წარმატებული გამოდგა, ამაზონის განვითარებაში ჩავარდნებიც იყო, მაგალითად, 2000 წლისთვის კომპანია გაკოტრებას მიუახლოვდა და რომ არა ბანკიდან ნასესხები 2 მილიარდი, არავინ იცის, ამაზონს რა ბედი ეწეოდა. 2003 წლისთვის კომპანიამ თავი დააღწია ამ მდგომარეობას და 400 მილიონის ღირებულების პროდუქცია გაყიდა.

ამასობაში ბიზნესმენს სულ უფრო ინოვაციური იდეები მოსდიოდა თავში. ერთ-ერთი ასეთი იყო „Amazon Instant Video“ – ეს იყო საკუთრივ ამაზონის ვიდეოჩამწერი. გარდა ამისა, 2007 წელს ბეზოსმა და მისმა გუნდმა შექმნეს ქინდლი („Kindle“) – მცირე ზომის მოწყობილობა, რომელშიც შესაძლებელია წიგნების ყიდვა, გადმოწერა და წაკითხვა. იგი არის ელექტრონული წიგნების წასაკითხი მოწყობილობა. 2011 წლიდან ამაზონმა დაიწყო ქინდლის გაუმჯობესებული სერიების გამოშვება. აღსანიშნავია, რომ ბოლო თაობის ტაბლეტით ბეზოსი შეეცადა, მეტოქეობა გაეწია ეფლის აიპედისთვის და ამისთვის მან ბევრად უფრო ხელმისაწვდომი ტაბლეტები დაამზადებინა. 2011 წელს ჟურნალმა „ეკონომისტმა“ ამაზონის გუნდს ქინდლის შექმნის გამო, ჯილდო გადასცა ინოვაციების სფეროში.

ჯეფ ბეზოსი შეუდგა თავისი ბიზნესის გაფართოებას და მან 2007 წელს ჩადო ინვესტიცია „Blue Origin“-ში, ეს არის აეროკოსმიური კომპანია ქალაქ სიეტლში, რომელიც ხელს უწყობს ტექნოლოგიების განვითარებას. მისი მიზანია, უახლოეს მომავალში მუსრველებს კოსმოსში ფრენის შესაძლებლობა მისცეს. ბეზოსი ყოველთვის გამოთქვამდა ინტერესს კოსმოსში მოგზაურობისა და მზის სისტემაში ადამიანის ცხოვრების შესახებ. ჯერ კიდევ 18 წლის ჯეფი აცხადებდა, რომ მას სურდა, დედამიწა დაეცვა რესურსების გადაჭარბებული მოხმარებისგან. მისი ინტერესი ასევე იყო კოსმოსში მოგზაურობის ხარჯების შემცირება, რის გამოც ბეზოსი შეადარეს ილონ მასკს, მით უმეტეს რომ ორივე მილიარდერია და გალაქტიკის შეცნობის ინიციატივა ერთ-ერთი პრიორიტეტულია მათ ბიზნესში.  აღსანიშნავია, რომ 2015 წელს კომპანიამ სატესტო ფრენები დაიწყო, მან კოსმოსში გაუშვა თავისი რაკეტა სახელად, „New Shepard“, რომელიც 2017 წელს მშვიდობით დაბრუნდა დედამიწაზე.

2013 წლის 5 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ბეზოსმა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ამერიკული გაზეთი „The Washington Post“ შეიძინა 250 მილიონ დოლარად და მასთან ერთად გაზეთის ყველა „შვილობილი“ კომპანიაც. გაზეთის მფლობელმა განაცხადა, რომ ვაშინგტონ პოსტის მართვის სადავეები ტყუილად არ დაუთმია ბეზოსისთვის. იგი თვლიდა, რომ გაზეთი ბევრად უფრო წარმატებული იქნებოდა ბიზნესმენის ხელში.

2013 წლის დეკემბერში ბეზოსმა საჯარო გახადა თავისი ინიციატივა, რომელსაც დაარქვა „Amazon Prime Air“ – იგი წარმოადგენს მიწოდების მომსახურებას. კერძოდ, ამისთვის კომპანია გამოიყენებს დრონებს და პროდუქციას ამ გზით მიაწვდიან მომხმარებლებს. თუმცა, რასაკვირველია, საგნების ზომა და გადაადგილების მასშტაბები შეზღუდულია. ამ სერვისის გამოყენება მცირე ზომის ნივთების გადასატანად იქნება შესაძლებელი. მან განაცხადა, რომ ამგვარი სისტემა რეალობად დაახლოებით 4-5 წელში იქცევა. გარდა ამისა, ბეზოსმა ასევე ჩამოაყალიბა „Amazon Studios“, რომლის მეშვეობით შეიქმნა რამდენიმე პროგრამა, ხოლო 2014 წლიდან მასზე სხვადასხვა სერიალები და ფილმები გავიდა.

2013 წელს ამაზონი აღიარეს მსოფლიოში ყველაზე დიდ ონლაინ-მაღაზიად. რაც შეეხება მის დამფუძნებელს, 2017 წლის ივლისში „ბლუმბერგის“ მონაცემებით იგი აღიარეს, როგორც მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი. მან ჩამოიტოვა Microsoft-ის შემქმნელი ბილ გეითსი. იგი მეორე ადგილზე აღმოჩნდა, ბეზოსს ამ დროისთვის 105 მილიარდი დოლარი ჰქონდა, ხოლო 2018 წლის ივლისისთვის კი მისი ქონება 150 მილიარდად შეფასდა.

ჯეფ ბეზოსის წარმატების საიდუმლოს ამოხსნა შესაძლოა მისსავე სიტყვებში ვიპოვოთ: „ყველაზე მთავარი რამ კომპანიისთვის მომხმარებელზე ფოკუსირებაა. ჩვენი მიზანია ვიყოთ მსოფლიოში ყველაზე მეტად მომხმარებლებზე ორიენტირებული კომპანია.“

ბეზოსი ეწევა ფილანტროპიულ საქმიანობასაც. იგი აფინანსებს სხვადასხვა არაკომერციულ საქმიანობასა და საქველმოქმედო ორგანიზაციებს. მას აქვს დაარსებული საკუთარი ორ მილიარდიანი საქველმოქმედო ფონდიც.

„თუკი შენ არ შეგიძლია, გაუძლო კრიტიკას, მაშინ ვერასდროს შექმნი რაიმე ახალს და საინტერესოს.“ – მოგვმართავს ბეზოსი, უდიდესი გამოცდილებების და მიღწევების მქონე ბიზნესმენი. მან შეძლო, არათუ დაენერგა ინოვაცია საზოგადოებაში, არამედ იგი მსოფლიო დონის წარმატებად ექცია. ერთ დროს მხოლოდ წიგნებით მოვაჭრე ინტერნეტმაღაზიიდან ამაზონი საცალო ვაჭრობის გიგანტად გარდაიქმნა, რომელიც თითქმის ყველა სახის პროდუქციას სთავაზობს საზოგადოებას.

და ბოლოს, დევიზი, რომლითაც ბეზოსი დღემდე ხელმძღვანელობს: „იმუშავე ძლიერად, გაერთე ამავდროულად და შექმენი ისტორია!“

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

განხილვა