სთორითელინგი დღეს მეწარმეებისა და დამფუძნებლებისთვის ინვესტორების, თანამშრომლებისა თუ მომხმარებლების მოსაზიდად ფუნდამენტურ უნარს წარმოადგენს. ჩვენ ჭკვიან ადამიანებთან პარტნიორობა გვინდა, ეს ბუნებრივია, მაგრამ ამასთან, შთამაგონებელი მოგზაურობის ნაწილიც უნდა გავხდეთ.
თავად ამბავი და ის, თუ როგორ ვყვებით მას, კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ამ უნარით გამორჩეულ ადამიანებს შორის ერთ-ერთი ამაზონის დამაარსებელი ჯეფ ბეზოსია. სთორითელინგის ტექნიკების დაუფლება კი ადრეულ ასაკში სამეცნიერო ფანტასტიკური რომანების კითხვით დაიწყო და ფაქტია, რომ ამაზე მუშაობა მომავალშიც გააგრძელა…
როცა Amazon-ის დაარსების ისტორიას ჰყვება ჰოლივუდის სცენარისტებისთვის ნაცნობ ტექნიკას, ე. წ. Beats-ს იყენებს — მოკლედ რომ აღვწეროთ, სცენარში მოქმედება გრძელდება და მაყურებელიც მუდმივად ჩართულია მასში. თუმცა აქაც 3 მნიშვნელოვანი საკითხი არსებობს, რომელთაც თხრობისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ:
1. ინციდენტები
ეს ის სცენაა, რომლითაც რაღაც თავგადასავალი იწყება… მაგალითად ფილმში ერთმანეთს რომ ეჯახებიან და ყავას ან წვენს ტანსაცმელზე შემთხვევით ასხამენ… ჯეფ ბეზოსისთვის ასეთი მომენტი მაშინ დადგა, როცა გაიგო, რომ Internet წელიწადში 2300 პროცენტით იზრდებოდა. ეს სტატისტიკა რომ არ ენახა, არც ნივთების ონლაინ გაყიდვის იდეა გაუჩნდებოდა…
საკუთარ თავს ჰკითხეთ, რა იყო თქვენი იდეისთვის შთაგონების წყარო? იქნება ეს რაღაც წიგნი, ღონისძიება თუ პრობლემა, რომლის გადაჭრაც გჭირდებათ. ხოლო მას შემდეგ, რაც დაადგენთ, რამ „წამოიწყო“ თქვენი თავგადასავალი, იგი თქვენსავე აუდიტორიას გაუზიარეთ.
2. „ყველაფერი დაკარგულია“
ეს მაშინ ხდება, როცა გმირი ვერასდროს აღწევს თავის მიზნებს… მსგავს რამესთან შეხება ბეზოსსაც ჰქონდა, როცა ამაზონის აქციების ფასი 90%-ით დაეცა. ეს ამბავი Amazon.Bomb-ის სათაურით გამოქვეყნდა და სხვათა შორის ჯეფ ბეზოსს ძალიან უყვარს, იმდენადაც კი, რომ ამაზონის ამბის გაზიარებისას თითქმის ყოველთვის ახსენებს. მიზეზი მარტივია: ეს მოიცავს ისტორიას იმის შესახებ, თუ როგორ გადარჩა ამაზონი.
საკუთარ თავს ჰკითხეთ:
- რა დაბრკოლებებმა ჩამიშალა გეგმები?
- რა დაბრკოლებები გადალახა ჩემმა გუნდმა და როგორ აისახა ეს ჩვენს ღირებულებებზე?
- რა პრობლემებს წავაწყდი კომპანიის შექმნისას და რა გაკვეთილი მივიღე?
გამოცდილებისგან რაღაცების სწავლა თქვენი აუდიტორიისთვის შთამაგონებელია…
3. გართობა და თამაშები
აქ უკვე სასაცილო, „მსუბუქ“ მომენტებზე უნდა გადავინაცვლოთ. კვლავ ბეზოსის მაგალითს რომ მივუბრუნდეთ, თავდაპირველად მან კომპანიას Cadabra დაარქვა და ადვოკატს დაურეკა საბუთების მოსამზადებლად, თუმცა ადვოკატმა სახელი ვერ გაიგო და გაუმეორა: “Cadaver?” — აი, აქ ხდება მთავარი ამბავი: ბეზოსმა ეს მინიშნებად მიიღო, კომპანიას სახელი შეუცვალა და Amazon გაგვაცნო.
ამ ამბის გამო კი ბეზოსი ადასტურებს, რომ კარგი ამბები ინფორმაციებს გვაწვდის და გვართობს კიდეც. ასეა თუ ისე, არასდროს მისცეთ აუდიტორიას მოწყენის საშუალება…