in

როგორ მოხვდა ჯენიფერი „სამოთხეში“?

ისტორიაში პირველ დაფოტოშოპებულ სურათზე თქვენი პირველი დარედაქტირებული ფოტო შეიძლება გაგახსენდეთ და სწორედ ასე შეიქმნათ მოლოდინებიც. უკან ფონზე არსებული ადამიანების გაქრობას თქვენი ხელიც მიაყოლეთ თუ ახლაც გეცინებათ იმდენად არაბუნებრივი კადრი მიიღეთ? და ეფექტების დადებაზე რას იტყოდით? მოდით, ვაღიაროთ, უმეტესობა კარგად ვერთობოდით, თან, ამის პარალელურად, კომპიუტერიც საკმაოდ ახალი ხილი იყო ჩვენთვის.

თუმცა პირველი დაფოტოშოპებული ფოტოს ისტორია ჩვენისგან ბევრად განსხვავდება, თაფლობის თვის ფოტო რომ რეკლამად აქციონ, აქ რაღაც ასეთი მოხდა… ჩათვალეთ, რომ 1987 წელს ჯონ ნოლის მიერ გადაღებული სურათი რევოლუციას ახდენს ფოტოინდუსტრიაში, არადა უბრალოდ წელს ზემოთ სრულიად შიშველ ქალს ვხედავთ კუნძულზე. ეს ჯენიფერია, რომელიც, თავის პარტნიორ ნოლთან ერთად, Industrial Light & Magic-ში ფილმზე Who Framed Roger Rabbit მუშაობდა. ბორა-ბორაზეც ასე აღმოჩნდნენ. მეტიც, ამ ფოტოს გადაღების შემდეგ ჯენიფერს ნოლმა ხელიც სთხოვა.

Jennifer in Paradise პირადი ფოტო კი უნდა ყოფილიყო, თუმცა დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაზე ხშირად ნანახ სურათებს შორისაა, ეს კი ნოლის ძმის ბრალია და ცოტა Apple-ის სკანერისაც…

ამბავი ასეთია: სურათის გადაღებიდან 3 წლის შემდეგ ILM-ში ნოლი უახლეს Pixar Image Computer-ს გადააწყდა, ერთ-ერთი პირველი პროგრამა იყო, რომელიც სურათების მანიპულაციისთვის გამოიყენებოდა — ფაქტი, რომ შესაძლებელია ფილმიდან სურათის ამოღება, დასკანერება და მისი გაციფრულება, შემდეგ ციფრების მანიპულირება და ფილმში დაბრუნება, საოცარი იყო — ეს ნიშნავდა, რომ შესაძლებლობები უსაზღვრო იყო….

თუმცა Pixar-ის დანადგარი ასობით ათასი დოლარი ღირდა, ხოლო სურათების დამუშავების პროგრამა სპეციალურად გადამზადებულ ოპერატორს მოითხოვდა. აი, აქ კი უკვე თომასზე უნდა მოგიყვეთ, ნოლის ძმაზე, რომელიც მიჩიგანის უნივერსიტეტში კომპიუტერულ მეცნიერებებს ასწავლიდა — ნოლი გაოგნებული დარჩა, როცა აღმოაჩინა, რომ მის ძმას მსგავსი პროგრამა ჰქონდა შემუშავებული, რომელსაც შეეძლო უფრო იაფიან Macintosh Plus-ზეც ემუშავა. თავიდან ჰობი კი იყო, მაგრამ ნოლი სასიამოვნოდ გაოგნებული დარჩა, ამიტომ მას ფუნქციების დამატებას სთხოვდა.

ამას რა მოუხერხეს, ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, ჰქონდათ რაღაც, რაზეც ჯონი ფიქრობდა, რომ გაყიდვა შეეძლოთ. პირდაპირ რომ ვთქვათ, ბაზარზე არსებული სურათების რედაქტირების პროგრამისთვის კონკურენციის გაწევის სურვილი გაუჩნდათ. ერთი პრობლემა ის იყო, რომ იმ დროს ძალიან ცოტა ციფრული ფოტო იყო ხელმისაწვდომი, შესაბამისად, რთული იყო იმის ჩვენება, თუ რისი გაკეთება შეეძლო მათ მიერ შემუშავებულ პროგრამას. ამიტომ, გადაწყვიტეს, მეგობრებს Apple-ის Advanced Technology Group-ის ლაბორატორიაში სტუმრებოდნენ, სადაც მაშინ იშვიათი სკანერის გამოყენება შეეძლებოდათ. ერთადერთი სურათი კი, რომელიც ჰქონდა, ჯენიფერი იყო სამოთხეში.

აი, ასე გახდა Jennifer in Paradise პირველი ფერადი ფოტო, რომელიც პროგრამის უპირატესობების საჩვენებლად გამოიყენეს, დაახლოებით ის იყო, რასაც დღეს ფოტოს რეტუშირებას ეძახიან. შემდგომ კი უკვე ამის Photoshop-ად მოხსენიებაც დაიწყეს და ინდუსტრიაში პირველი დაფოტოშოპებული სურათიც შემოგვთავაზეს.

 

ავტორი: მაკუნა ჯუღელი

MA Architects ღონისძიება „homeis შეკრების“ მხარდამჭერია

როგორ შეუძლია გაყიდვების გუნდს ციფრული და AI ხელსაწყოების გამოყენება