24
Jul
2019

ჯესიკა უოლში საკუთარ სააგენტოს ხსნის – “& Walsh” ახალი ნაბიჯი თავბრუდამხვევ კარიერაში

24 Jul 2019

გრაფიკოს-დიზაინერმა, Sagmeister & Walsh-ის უკვე ყოფილმა მფლობელმა და დირექტორმა, კრეატიულ ინდუსტრიაში ძალიან ცნობილმა ჯესიკა უოლშმა საკუთარი სააგენტო გახსნა. ახალ კომპანიას, რომელიც ასევე ნიუ-იორკში იმუშავებს, “&Walsh” დაარქვა და დამფუძნებელთან ერთად, მისი CEO და კრეატიული დირექტორია.

Photo Credit: “& Walsh”

ახალი კომპანია, როგორც ჩანს, შემოქმედებით ინდუსტრიაში Sagmeister & Walsh-ის ადგილს დაიკავებს. მისი კლიენტები და თანამშრომლები, ჯესიკა უოლშს ახალ სააგენტოშიც გადაყვებიან. დროებით, თავად “& Walsh”-იც მისი დამფუძნებლის ყოფილი სააგენტოს ოფისში დაიდებს ბინას. 

„ახალგაზრდობიდან ვოცნებობდი, მხოლოდ ჩემი სტუდია მქონოდა, თინეიჯერობისას, HTML-ის მხარდამჭერი პლატფორმა შევქმენი, რომელიც დამწყებ დიზაინერებს ვებგვერდის შექმნაში ეხმარებოდა. საკუთრი ცოდნის გაზიარების შესაძლებლობა – აი, რისკენ ვისწრაფოდი მუდმივად.

Photo Credit: “& Walsh”

ჯესიკა უოლში, რომელიც Ad Black Sea 2018-ის სპიკერიც იყო, იმ გამონაკლის ქალებს შორისაა, ვისაც საკუთარი კრეატიული სააგენტო აქვს. ამ მოცემულობის შესაცვლელად ის დიდი ხანია იბრძვის. 2016 წელს დააფუძნა არაკომერციული ორგანიზაცია “Ladies, Wine & Design”, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ეხმარება შემოქმედებით ინდუსტრიაში გამოუცდელ ქალებს, ჩაერთონ კრეატიულ პროექტებში და ამ მიმართულებით ცოდნა, გამოცდილება და უნარ-ჩვევები შეიძინონ. ამბობს, რომ ეს სოციალური ინიციატივა მომავალშიც გაგრძელდება და მასზე ახალი სააგენტო კიდევ უფრო აქტიურად იმუშავებს.

Photo Credit: “& Walsh”

Adweek-ის ინფორმაციით, & Walsh-თან უკვე თანამშრომლობენ ისეთი გიგანტი კომპანიები, როგორებიცაა: Apple, Beats by Dre და Kenzo. დიზაინის გარდა, ახალი სააგენტო, სტრატეგიისა და ბრენდის განვითარების მიმართულებითაც აქტიურად იმუშავებს. 

„კომპანიებთან საწყისი ეტაპიდან ვმუშაობთ.კონსულტაციას ვუწევთ პროდუქტებთან დაკავშირებით, ვუსაზღვრავთ აუდიტორიას და ვეხმარებით, ნულიდან ჩამოაყალიბონ სერიოზული ბრენდი“, – ამბობს ჯესიკა უოლში.

Photo Credit: “& Walsh”

მისი თქმით, ახალი სააგენტო ბრენდებს ერთგვარ, თერაპიას უტარებს, ეხმარება დამკვეთს, იპოვოს საკუთარი „მე“ და საკუთარი ხმა.

„დიდებული ბრენდი დიდებულ ადამიანს ჰგავს, მას არ ეშინია გულახდილობის და თავისი რეალური სახის ჩვენების. არა და, მათ ხშირად ურჩევენ, არ გაიხსნან და რეალური „მე“ არ წარმოაჩინონ, რადგან მომხმარებელთა რეაქციის ეშინიათ. როცა ცდილობთ, ყველას თვალში კარგი გამოჩნდეთ და ყველასთვის სასარგებლო იყოთ, ოღონდ კი ვინმეს არ აწყენინოთ, უბრალოდ, “ვანილის ბრენდი” ხდებით, რომელიც საერთოდ არაფრის მთქმელია. მართალია, ასეთი ბრენდები არავის სძულს, მაგრამ სიყვარულითაც ნამდვილად არავის უყვარს“, – ამბობს ჯესიკა უოლში.

Photo Credit: “& Walsh”

 

განხილვა