Ad Black Sea 2018-ის დაწყებამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა. სანამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლები საკუთარ ნამუშევრებს წარადგენენ და მათ შორის საუკეთესოებიც გამოვლინდება, „მარკეტერი“ წარმოგიდგენთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ჯესიკა უოლშთან. ის ფესტივალის ერთ-ერთი სპიკერია. გრაფიკული დიზაინერი და საერთაშორისო სააგენტო Sagmeister & Walsh-ის ხელმძღვანელი ისაუბრებს, რამდენად მნიშვნელოვანია შემოქმედებით ინდუსტრიაში ექსპერიმენტები და საბოლოოდ, რას მივყავართ ახალ იდეებამდე.

ჯესიკა უოლში: „ამჟამად, ნიუ იორკში, კრეატიულ სტუდია Sagmeister & Walsh-ს ვხელმძღვანელობ. ვარ დიზაინერი და კრეატიული დირექტორი. ჩვენ ვქმნით ბრენდის იდენტობას, ვმუშაობთ კრეატიულ კამპანიებზე, ვიზუალებზე, ფილმებზე, ანიმაციაზე, თქვენ წარმოიდგინეთ, ავეჯზეც და ა.შ. ყველაზე მეტად, რაც ჩემს საქმეში მომწონს, ისაა, რომ თითოეული დღე განსხვავებულია. დღეს, შეიძლება, დამკვეთის მოთხოვნებს ვამუშავებდე, ხვალ ფოტო გადაღებების არტ დირექტორობა შევითავსო, ზეგ ბრენდის სტრატეგიაზე ვიმუშაო, მეოთხე დღეს კი ვწერო. ზუსტად მრავალფეროვნებაა, ის რაც მაფხიზლებს და კონცენტრაციისა და აქტიურობისკენ მიბიძგებს.
M: წარსული რომ გავიხსენოთ, რა გზა გაიარეთ აქამდე? რატომ გადაწყვიტეთ დიზაინერობა და როგორ მოხვდით სააგენტოში?
11 წლის რომ ვიყავი, ვებ გვერდის პროგრამირება და დიზაინი ვისწავლე. გავაკეთე სპეციალური დამხმარე პორტალი, სადაც სხვა ბავშვებს შეეძლოთ, ვებ გვერდების შექმნა ესწავლათ. Google advertising მაშინ ახალი გამოსული იყო და იქიდან ერთ – ერთი ბანერი ჩემს გვერდზე დავდე. საკმაოდ ბევრი ფული ვიშოვე. მანამდე არასოდეს მიფიქრია, თუ ჩემი ჰობი შემოსავლის წყარო გახდებოდა. ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ პროფესია ბიზნესის ან ფინანსების კუთხით უნდა ამერჩია. ვებ გვერდის ასეთმა წარმატებამ შთამაგონა, ხელოვნების სკოლაში ჩამებარებინა და მთელი ცხოვრება დიზაინისთვის მიმეძღვნა. რაც შეეხება Sagmeister & Walsh-ს, ორ წელიწად ნახევარი სტეფანთან (Stefan Sagmeister, ჯესიკა უოლშის პარტნიორი კომპანიაში) ერთად ვიმუშავე მის სტუდიაში, რაც საკმაოდ კარგად გამოგვდიოდა. 2012 წელს დავიწყეთ ფიქრი, როგორ შეიძლებოდა, კოლაბორაცია გაგვეგრძელებინა თან ისე, რომ ორივესთვის მომგებიანი ყოფილიყო. მანამდე უკვე მქონდა კლიენტებთან ურთიერთობის გამოცდილება. ვფიქრობდი, დრო იყო, საკუთარი სტუდია გამეხსნა და აღიარება მიმეღო იმისგან, რასაც ისედაც ვაკეთებდი. თავის მხრივ, სტეფანსაც სურდა, შეექმნა სტუდია და საკუთარ პროექტებზე ემუშავა. ასე გავხდით პარტნიორები, რაც საშუალებას გვაძლევს, ვაკეთოთ ეს ყველაფერი და თან, მუშაობის პროცესში, ერთმანეთსაც დავეხმაროთ.

M: თქვენი აზრით, რა არის მთავარი პრინციპი საქმეში? იდეა, რომელსაც არასოდეს ღალატობთ?
იმუშავე ხალხთან, ვინც შენზე ჭკვიანია. დათანხმდი ისეთ საქმეს, რომლისაც გჯერა და გაინტერესებს და რომელიც შენთვის კარგი გამოწვევაა. ერთი და იგივე დიდხანს არასოდეს აკეთო, თორემ ვერ გაიზრდები. მაგალითად, მე საუკეთესო პროდუქტს მაშინ ვქმნი, როდესაც საქმეს პირველად ვკიდებ ხელს და ასე ვთქვათ, ჩემთვის უცხო მოედანზე ვარ. ეს მაძლევს ბიძგს, ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო და ყველანაირი გამოწვევა დავძლიო.
M: თქვენს გამოცდილებას თუ გავითვალისწინებთ, ბევრ საერთაშორისო და წარმატებულ კომპანიასთან გიმუშავიათ. ყველაზე დიდი აღიარება რომელმა პროექტმა მოგიტანათ?
ჩვენმა ინიცირებულმა პროექტებმა გაცილებით მეტი პოპულარობა და აღიარება მოგვიტანა, ვიდრე რომელიმე, თუნდაც, მსოფლიო დონის დამკვეთისთვის შესრულებულმა სამუშაომ. ამიტომ, მგონია, რომ 40 Days of Dating ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია, რომელზეც დღემდე გვიმუშავია.

M: რაც შეეხება AD Black Sea-ის ფესტივალს, კონკრეტულად რაზე ისაუბრებთ?
ვისაუბრებ, რამდენად ღირებულია ამ ინდუსტრიაში მოქმედება, მის ბიოლოგიურ და ისტორიულ მნიშვნელობაზე. ვიმსჯელებ, მოქმედების აუცილებლობაზე კრეატივის პროცესში, რაც თავის მხრივ, ინოვაციურობას მოითხოვს. დამსწრე საზოგადოებას გავუზიარებ საკუთარ გამოცდილებას, რა გავლენა იქონია მოქმედებამ ჩემი და ზოგადად, Sagmeister & Walsh-ის ბოლო ნამუშევრებზე. ასევე, ვისაუბრებ, რამდენად მნიშვნელოვანია, იმოქმედო, ჩაატარო ექსპერიმენტები და როგორ შეიძლება ამან ახალ იდეებამდე თუ ვიზუალურ გადაწყვეტამდე მიგიყვანოს.
M: ზოგადად, რა შეგიძლიათ თქვათ მსგავს ღონისძიებებზე? რამდენად მნიშვნელოვანია ინდუსტრიისთვის, პროფესიონალებისთვის, დამწყებებისთვის?
ისეთი კონფერენციები, როგორიც არის AD Black Sea, საინტერესო და შთამაგონებელ, ინსპირაციის მომცემ სპიკერებს, სფეროს ექსპერტებს აერთიანებს. მათი მოსმენით მეც ბევრ ცოდნას და ინსპირაციას ვიღებ. სხვადასხვა დროს, ძალიან ბევრ ნიჭიერ შემოქმედს შევხდი ასეთ ღონისძიებებზე და ჩვენი სტუდია მათთან დღემდე თანამშრომლობს. ვფიქრობ, მსგავსი ფესტივალები არაჩვეულებრივი საშუალებაა, მუდმივად იცოდე, რას აკეთებენ და ფიქრობენ სხვები. შენთვის ეს არის შესაძლებლობა, მოვლენებს ახალი პერსპექტივიდან შეხედო და კიდევ უფრო დიდ წარმატებას მიაღწიო.

M: და რა არის წარმატება?
წარმატება, რა თქმა უნდა, ჩვენს მოლოდინებსა და მიზნებს უკავშირდება. ადამიანები მუდმივად უსაფრთხოებას, აღიარებასა და სიყვარულს ვეძებთ. ზოგი ამ ყველაფერს ფულში პოულობს, ზოგი – კარიერაში, ზოგი – სიყვარულში, ქორწინებაში, ბავშვებში, ზოგიც – მეგობრებსა და ოჯახში. შეიძლება, გეჩვენებოდეს, რომ ეს ყველაფერი გაქვს, მაგრამ მაინც დაუკმაყოფილებლობის გრძნობა გქონდეს და რაღაც მეტს ელოდე. ან პირიქით, მდიდარი საერთოდ არ იყო, მაგრამ გქონდეს მოსიყვარულე ოჯახი, კარგი სამსახური და დიდებული მეგობრები, ანუ, იპოვო ის, რასაც ეძებდი. პირადად ჩემთვის წარმატება არის ახალი შესაძლებლობები. ეს ნიშნავს, კარიერაში მივაღწიო იმას, რომ უარი ვთქვა ისეთ პროექტებზე, როცა კლიენტს არ აქვს შესაფერისი გრაფიკი ან ბიუჯეტი; რომ თავად ავირჩიო სად და როგორ გავატარო დრო; რომ შემეძლოს ერთი თვე უარი ვთქვა ყველაფერზე და მხოლოდ ჩემს პირად პროექტზე ვიფიქრო, თან ისე, რომ ფინანსურ კუთხეზე არ ვინერვიულო.

M: კრეატიულ ინდუსტრიაში წარმატებისთვის რა არის საჭირო?
რისკი. ძალიან მარტივია მიუბრუნდე იმ იდეებს, რაზეც ადრე მუშაობდი. შეიძლება, ძალიან კარგი, იდეალური პროექტი გამოვიდეს, მაგრამ არა – ახალი. როდესაც ახალ იდეებსა და მარცხის რისკს განიხილავ, ზუსტად მაშინ მოდის საუკეთესო იდეა და ნამუშევარი ყველაზე კარგი გამოდის. ყოველთვის, როცა რაღაცას ვაკეთებ და ერთი შეხედვით, მონახაზი, ძალიან საშიში და გაუგებარი ჩანს, ეს არის, რაც მჭირდება. ზუსტად არასოდეს ვიცი, როგორი რეაქცია ექნება ხალხს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც განსხვავებულია. ამიტომ, ვტოვებ კომფორტის ზონას და მივდივარ რისკზე. ჩემი გამოცდილებით თუ ვიმსჯელებ, ეს ყოველთვის ფასდება.
ერთადერთი, რასაც არასოდეს ვრისკავ, ეს „დედლაინია“. აქ, ნამდვილად ვერ გავრისკავ, რადგან წარსულში დავბრუნდები. საკმარისი სივრცე და დრო უნდა გქონდეს, რომ რაღაც ახალზე იფიქრო. უნდა ისწრაფოდე სიახლისკენ. ზუსტად ამას ცდილობს ჩვენი სტუდია. შეიძლება მუშაობის პროცესში დავმარცხდეთ კიდეც, მივხვდეთ, რომ ის საუკეთესო იდეა ჯერ არ მოგვსვლია, მაგრამ ამას კლიენტი ვერასოდეს იგებს. დრო გვაძლევს საშუალებას, ჩავატაროთ ექსპერიმენტები, ბევრი სხვადასხვა ვარიანტი მოვსინჯოთ და ბოლოს მივიდეთ იქამდე, რაც ნამდვილად იმუშავებს. ამიტომ, ყველაზე რთულია, ისეთ დამკვეთებთან მუშაობა, ვისაც საკუთარი „დედლაინები“ აქვს. უმეტესობას კი სწორედ ასეა. არა და, როცა საკმარისი დრო არ გაქვს, ძალიან რთულია, რაიმე კარგი და ღირებული შექმნა.

M: როგორ ფიქრობთ, დიზაინერები და ზოგადად, კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლები გაურბიან რისკს?
არა. პირიქით. საერთოდ, მგონია, რომ შემოქმედებითი პროფესიის არჩევას დიდი სიმამაცე სჭირდება. ეს არ არის უსაფრთხო არჩევანი, რადგან არ არის დაბალანსებული, მუდმივი. სხვა სფეროებისგან განსხვავებით, აქ, შეიძლება, არ გესახებოდეს არანაირი კარიერული გზა ან წინასწარ განსაზღვრული დიდი ხელფასი. კრეატიულ ინდუსტრიაში წარმატებას რომ მიაღწიო, ძალიან მიზანდასახული და მონდომებული უნდა იყო. და ეს ნამდვილად არ არის მარტივი. თუ მოინდომებ, უბრალო უსაფრთხოდ იცხოვრო, ამას ვერ შეძლებ.

M: და ბოლოს, რას ურჩევდით დამწყებ კოლეგებს?
ნიჭი აუცილებლად ფასდება. არავინ იბადება არაჩვეულებრივ დიზაინერად. პროფესიონალი რომ გახდე, კეთილი უნდა ინებო და ამაში დიდი შრომა ჩადო, საათები, დღეები, თვეები იმუშაო საკუთრ თავზე. იმის კეთება რაც რეალურად მოგწონს და გიყვარს, გეხმარება, დიდი დრო დაუთმო და შეიძინოთ ის უნარ – ჩვევები, რაც ნამდვილ, დიდებულ პროფესიონალად გაქცევს. თავიდან იმაზე ნუ იფიქრებ, რომ, რაღაც პერიოდი, კარგი ანაზღაურება არ გექნება. მთავარია, ისწავლო იმ ხალხისგან, ვინც იმავეს აკეთებს, რაც შენ გსურს. პორტფოლიოში მხოლოდ ის ნამუშევრები შეიტანე, რაზეც მომავალში გინდა მუშაობა. რადგან, სწორედ ამის მიხედვით აგიყვანენ სამსახურში. თუ ვებ დიზაინი გძულს, ამოიღე პორტფოლიოდან, ან პირიქით, თუ ტიპოგრაფია გიტაცებს, გაათენე ღამეები, იმუშავე დასვენების დღეებში და შექმენი, რაც შეიძლება მეტი ნამუშევარი, გაამდიდრე პორტფოლიო. ნურასოდეს ეცდები, რომ ყველაფერში კარგი იყო. არ არსებობს იდეალური ადამიანი. ამის ნაცვლად, იმუშავე იმ ადამიანებთან, ვინც შენზე ჭკვიანია, რაიმეს გასწავლის და ზრდაში დაგეხმარება, ვინც საგნებსა და მოვლენებს ახალი პერსპექტივიდან დაგანახებს. იყავი მუდმივად საინტერესო. მიზანდასახულობისა და თავდადებული შრომის გარდა, კიდევ მნიშვნელოვანია გამოცდილება და ემპათია. ეს გეხმარება განსაზღვრო, როგორ ეკონტაქტო ბევრ განსხვავებულ ადამიანს. ამიტომ, დააგროვე მრავალფეროვანი გამოცდილება. გამოწვევასავით დაუწესე საკუთარ თავს, რომ ისწავლო ბევრი ახალი რამ და შეხვდე ახალ ადამიანებს. შეინარჩუნე სხარტი, გახსნილი გონება და შეგეძლოს ლავირება. როცა ვინმე სამსახურში ამყავს, ნიჭიერებისა და სამუშაო ეთიკის გარდა, აუცილებლად ვაქცევ ყურადღებას მის ადამიანობას. ძალიან ხანმოკლეა ცხოვრება საიმისოდ, რომ ისეთ ხალხთან ვიმუშაო, ვინც ყველაფერს ართულებს ან ცდილობს ყველაფერი თავის ჭკუაზე აკეთოს.

შეგახსენებთ, Ad Black Sea ქართული საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალია, რომელიც 20-22 სექტემბერს, ბათუმში, უკვე მეოთხედ ჩატარდება. პროექტის მიზანია ქვეყანაში კრეატიული ინდუსტრიის განვითარება და მისი საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენა. პროექტი Check in Georgia-ს ფარგლებში ტარდება, ხოლო მთავარი პარტნიორია თიბისი ბანკი. Check in Georgia-ს და თიბისი ბანკის გარდა, ღონისძიებას მხარს უჭერენ კომპანიები სხვადასხვა ინდუსტრიიდან, მათ შორის: ნატახტარი, ბორჯომი, საქართველოს რკინიგზა, სარაჯიშვილი, ევექსი, თიბისი დაზღვევა, ალტერსოქსი, გრანტსი, ვაკის სოსისები და სხვები.
ღონისძიების ორგანიზებაში აქტიურად არიან ჩართულები სარეკლამო სააგენტოები: ვინდფორსი, მეტრო ფროდაქშენი, სტუდია More, ლივინგსტონი, ედვერტვაიზი, რედბერი.
ფესტივალის მთავარი მედიაპარტნიორი კი მარკეტერია.