in

ჯესიკა უოლშის წამოწყება საქართველოში. ქალების მხარდასაჭერად, შემოქმედებით ინდუსტრიაში

რა პრობლემებს აწყდებიან ქალები შემოქმედებით ინდუსტრიაში? სამართლიანია, თუ არა ამ სფეროში, წამყვან პოზიციებზე ქალთა გადანაწილება? როგორი სამუშაო პირობები აქვთ მათ ამ ინდუსტრიაში? რა სტერეოტიპების მსხვერპლნი ხდებიან ისინი და ფიქრობენ, თუ არა, რომ კრეატიული ინდუსტრია მამაკაცებით დომინირებული და შესაბამისად, მათთვის უფრო შესაფერისი სფეროა?

ამ და სხვა კითხვებზე პასუხების მოძებნაში ქალებსა და არაბინარულ ადამიანებს მსოფლიოსა და საქართველოში გლობალური არაკომერციული ინიციატივა Ladies, wine & design უნდა დაეხმაროს. 

Ladies, Wine & Design ამერიკელი დიზაინერის, ჯესიკა უოლშის წამოწყებაა. ინიციატივის გარშემო შემოკრებილი ადამიანები ამბობენ, რომ კრეატიული დირექტორების ძალიან მცირე პროცენტი არის ქალი ან არაბინარული ადამიანი და მათ სწორედ ამ მოცემულობის შეცვლა სურთ: პორტფოლიო მიმოხილვების, საუბრების, კრეატიული თუ სხვა ერთმანეთის მხარდამჭერი შეხვედრების საშუალებით. 

ხშირად სექსიზმი მხოლოდ აშკარა აგრესია და ჩაგვრა გვგონია და თუ ეს არ ფიქსირდება, მიიჩნევა, რომ ყველაფერი კარგადაა. ჩვენი ინდუსტრიაც ე.წ. open-minded ხალხით სავსედ აღიქმება და ჰგონიათ, რომ სექსიზმსა და დისკრიმინაციას აქ ადგილი არ უნდა ჰქონდეს. თუმცა ხშირად ეს ასე არ არის, თუნდაც რიცხვები სხვა რამეს მეტყველებს, იქნება ეს მაღალ პოზიციებზე დასაქმებული ქალების დაბალი წილი თუ გენდერული სახელფასო სხვაობის მაღალი პროცენტი, – სალომე ჟვანია

LW&D TBilisi-ს გუნდი 5 ქალისგან შედგება: ნინა ტრიგო – მაგისტრატურის სტუდენტი მილანიდან, მარიანა რუჯერი – არგენტინელი გრაფიკული დიზაინერი, რომელიც ამჟამად, ბოლონიაში ცხოვრობს და მუშაობს, მაკა ბროლაძე – მენეჯერი საქართველოდან, ნანკა ბაღათურია -არტ დირექტორი/ გრაფიკული დიზაინერი საქართველოდან და სალომე ჟვანია – კოპირაიტერი საქართველოდან.

ღონისძიების თბილისში ჩატარების ინიციატივასა და ამისთვის ნიუ-იორკიდან უფლების მიღებაზე ნინა ტრიგო გვიყვება: შარშან, დეკემბერში, შობის პერიოდში მე და მარიანა საქართველოს 2 კვირით ვესტუმრეთ. მარიანამ LW&D ღონისძიებების შესახებ იცოდა და ერთხელ მილანში შეხვედრაზე მეც დამპატიჟა. სწორედ ამ დროს ვიფიქრეთ, რომ ამხელა ღვინის ისტორიის მქონე საქართველოსაც უნდა ჰქონოდა საკუთარი “chapter” (ასე ეწოდება LW&D-ის ცალკეულ ივენთებს სხვადასხვა ქალაქში).

ნიუ- იორკიდან დასტურის მიღება ძალიან მარტივი აღმოჩნდა: მივწერეთ, ვინ ვიყავით და რა გვსურდა – LW&D ღონისძიების თბილისში გამართვა. ყველა საჭირო მასალა, მათ შორის, ბრენდ სახელმძღვანელოებიც იმავე დღესვე მოგვაწოდეს.

M: პრიველ რიგში, რა არის LW&D Tbilisi-ს მთავარი გამოწვევა? საიდან იწყებთ პრობლემის აღმოფხვრას?
ნინა: ერთ-ერთი თემა, რასაც ამ ინდუსტრიის ქალები ხშირად ვეჯახებით, სტერეოტიპია, რომ ქალები ერთმანეთს კონკურენტებად აღვიქვამთ და ჩვენ ერთად მუშაობა არ შეგვიძლია. ამის გამო, ქალები „დაქსაქსულები“ ვართ და ერთმანეთის მხარდაჭერის ნაკლებობას განვიცდით. ჩვენ ისეთი ერთობის შექმნა გვინდა, სადაც ქალები ერთმანეთს შევხვდებით, გავიცნობთ, მოვუსმენთ, მხარს დავუჭერთ, ერთმანეთს იდეებსა და გამოცდილებას გავუზიარებთ. 

M: ვინ იქნება თქვენი აუდიტორია… აპირებთ, თუ არა ინიციატივაში კაცების ჩართვასაც?
სალომე:
ჩვენი აუდიტორია ქალები და არასისგენდერი კაცები არიან, ვინც შემოქმედებით ინდუსტრიაში მუშაობენ ან ამ სფეროში საქმიანობით არიან დაინტერესებულები. გვგონია, რომ ქალები ამ ინდუსტრიაში ხშირად უხილავი, არც ისე თვალსაჩინოები არიან, სწორედ მათი დაბალი თვითშეფასების გამო, რომელიც პირდაპირ სექსისტური გარემოდან მომდინარეობს. გვინდა, რომ ქალებმა ერთად ვისაუბროთ, ვის სად რა პრობლემა გვაქვს, ერთად დავაფიქსიროთ ეს ბარიერები.

ნინა: რაც შეეხება ინიციატივაში კაცების ჩართვას, მგონია, რომ ქალებმა უკვე ბევრი გავაკეთეთ იმისთვის, რომ გვეჩვენებინა, რა არის პრობლემა და დღეს, იმაზე პასუხისმგებლები აღარ ვართ, რომ მათი ქცევა შევცვალოთ. ინიციატივის მიზანი sisterhood-ის გაძლიერება, ქალებისა და არაბინარული ადამიანებისთვის სივრცის მიცემაა, სადაც ისინი თავიანთ აზრს თავისუფლად გამოთქვამენ და ერთმანეთის გასაძლიერებლად, გამოცდილებებს გაცვლიან.

M: რას ითვალისწინებს LW&D ბრენდის სახელმძღვანელო? შეგიძლიათ, თუ არა, რომ კონტექსტის გათვალისწინებით, უშუალოდ, საქართველოში არსებულ გამოწვევებს მოერგოთ?
ზოგადი სახელმძღვანელო შექმნილია და ჯესიკა უოლშისა და მისი სააგენტოს &Walsh-ის მიერ იმართება. მათგან მასალებს სოციალური მედიისა და ზოგადად, კომუნიკაციისთვის ვიღებთ. თუმცა ჩვენ ღონისძიების ორგანიზებაში თავისუფლება გვაქვს და შეგვიძლია, შეხვედრები ლოკალურ კონტექსტსა და საჭიროებებს მოვარგოთ.

M: LW&D Tbilisi-ს, მიზნის მისაღწევად, ვისი ჩართულობა სჭირდება?
რადგანაც LW&D არაკომერციული ინიციატივაა, ჩვენ იმედებს სპონსორებზე ვამყარებთ. მაგალითად, ისინი, ვინც შეხვედრებისთვის სივრცეს  დაგვითმობენ, ან სულ მცირე, ღვინით უზრუნველგვყოფენ.

გარდა ამისა, ჩვენი გზავნილებისა და იდეების გაჟღერებაც დიდი მხარდაჭერაა. 

M: როგორ აპირებთ, მისწვდეთ სამიზნე აუდიტორიას?
გვინდა, დაინტერესებულმა ქალებმა ჩვენი ნიუსლეთერი გამოიწერონ და ჩვენთან ერთად ჩაერთონ თემების არჩევაში, ჩვენს მოცემულობაში რა ტიპის ღონისძიება უფრო აქტუალური იქნება; რა ასპექტში სურთ მეტი ცოდნისა და ინფორმაციის მიღება.

მოკლედ, თავისუფლად გაგვიზიარეთ თქვენი საჭიროებები და სურვილები და ჩვენ შევეცდებით, თქვენს ინტერესებს მაქსიმალურად მოვერგოთ. 

რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ, საქართველოში, დამსაქმებლები?

რა არის VPN და რისთვის გჭირდებათ ის?