8
Aug
2019

როგორ ჩაიარა Jessie J-ის კოცერტმა Black Sea Arena-ზე?

8 Aug 2019

მაისში დაანონსდა, რომ საქართველოს ცნობილი ბრიტანელი მომღერალი Jessie J ეწვეოდა და კონცერტს Black Sea Arena-ზე 6 აგვისტოს გამართავდა. მხოლოდ ამ ინფორმაციამაც კი საკმაოდ დიდი ემოცია გამოიწვია ქართველ მსმენელში. ეს ხომ ის მომღერალია, რამდენიმე წლის წინ გამუდმებით რომ გვიტრიალებდა მისი მუსიკები გონებაში.. ჰოდა, აშკარაა, რომ ხალხის ეს ემოცია ნამდვილი იყო, რადგანაც, როგორც აღმოჩნდა, 6 აგვისტოსთვის ბილეთები სრულად იყო გაყიდული.

ფოტო: Copter • კოპტერი

Black Sea Arena-ზე ჯესი ჯეი მსმენელს “ძველი” ფორმით მოევლინა. მისი ვიზუალი ზუსტად ისეთი იყო, როგორც მაშინ, როდესაც პოპულარობა ახალი მოპოვებული ჰქონდა. შავებში გამოწყობილმა მომღერალმა ქართველი აუდიტორიის ოვაციები მალევე დაიმსახურა. თუმცა, კონცერტის დეტალებამდე, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ის, რომ ბლექ სი არენამ ყველა მისი მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა, მათ შორის, პრიორიტეტული მასპინძლობის მხრივ – ვეგანური საკვები. ჯესი ჯეი პირადი თვითმფრინავით ბათუმში კონცერტის წინა ღამეს ჩამოფრინდა. თავის ჯგუფთან ერთად შეკვეთილში, სასტუმრო “პარაგრაფში” დაბინავდა, საიდანაც რამდენიმე Instagram სთორი და ფოტო გამოაქვეყნა.

ფოტო: Copter • კოპტერი

გარდა იმისა, რომ ქართველი აუდიტორია სრულიად აღფრთოვანებული შეხვდა შემსრულებელს, არც ჯესი ჯეი დარჩენილა გულგრილი მის მიმართ. ეს კი, ალბათ, იმითაც იყო გამოწვეული, რომ კონცერტს თითქმის 10 000-მდე ადამიანი ესწრებოდა. თანაც ხომ ეს მისთვის პირველი ვიზიტი იყო საქართველოში. საინტერესოა, აქამდე რა მოლოდინები ჰქონდა მას, თუმცა, ფაქტია, რომ იგი ემოციამოზღვავებული იყო და სწორედ ამ ემოციების ფონზე მომღერალმა საქართველოს და ქართველ მსმენელს Instagram პოსტი მიუძღვნა:

კონცერტს ორმაგი ენერგიით ავსებდა ის, რომ დამსწრეთა უმეტესობა ჯესი ჯეის შემოქმედების თაყვანისმცემელი აღმოჩნდა და მასთან ერთად მღეროდნენ სიმღერებს: Price Tag, Domino, Flashlight, Queen, Bang Bang და იმ კომპოზიციებს, რომლებითაც მსოფლიო ჯესი ჯეის იცნობს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მომღერალი მსმენელის მიმართ საკმაოდ ინტერაქტიული იყო. მაგალითისთვის კი: მან ერთ-ერთი მათგანის ვრცელი წერილი წაიკითხა.

ფოტო: Copter • კოპტერი

მომღერალმა საქართველო ძალიან კმაყოფილმა დატოვა, ეს კი მის სოციალურ ქსელსაც ეტყობოდა: მან უამრავი Instagram სთორი გამოაქვეყნა, მათ შორის, ქართველი ფანების მიერ დადებული ვიდეო, სადაც ისინი ერთ-ერთ მის სიმღერას ასრულებენ. Jessie J-მ საქართველოში ჩამოსვლის სურვილი კვლავაც გამოთქვა – იგი ხომ ამდენ გულშემატკივარს ნამდვილად არ ელოდა..

ფოტო: Copter • კოპტერი

განხილვა