in

ქალები, რომლებიც თვითგამოხატვას ცდილობენ – „ჟესტური ფემინიზმი” ირანში

აჰუ დერიაის სახელმა ბოლო დროს მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოიცვა მედია და საზოგადოება. ეს არის სტუდენტი გოგონა, რომელმაც გაბედა და პროტესტი გამოთქვა იმის გამო, რომ მის ქვეყანაში ქალებს ჰიჯაბის არასწორად ტარების გამოც კი სასტიკად ეპყრობიან. მან თავისი პროტესტი საჯარო სიშიშვლით გამოხატა, ხოლო მისი ვიდეო და ფოტოები მთელ ინტერნეტს ვირუსულად მოედო. აღსანიშნავია, რომ ირანში პერიოდულად ხდება მსგავსი შემთხვევები და ათასში ერთხელ, მაგრამ მაინც, ქალები ცდილობენ საკუთარი უფლებების მოთხოვნას, მაგრამ აჰუ დერიაის ბოლო დაუმორჩილებელმა აქტმა მართლაც დიდხანს დაამახსოვრებდა საზოგადოებას.

bog
bog-mob

როგორც ცნობილია, ის სწავლობდა თეირანის უნივერსიტეტში, ფრანგული ლიტერატურის ფაკულტეტზე და მას ხშირად ავიწროებდნენ უნივერსიტეტის ბასიჯის პარასამხედრო ჯგუფის წევრები, ე.წ. სლამური რევოლუციის გვარდია, რომელსაც გოგონას ჩაცმულობა კოდექსის შეუფერებლად მიაჩნდა. საპასუხოდ, დარიაიმ სრულიად გაიხადა დაწუნებული სამოსი და მხოლოდ შიდა თეთრეულის ამარამ დაიწყო კამპუსებს შორის სიარული, რამაც, რა თქმა უნდა, გამვლელები გაოგნებული დატოვა. იგი მალევე დააკავეს და, გავრცელებული ინფორმაციით, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, რაც ხშირად გამოიყენება რეჟიმის მიერ, მომიტინგეების წინააღმდეგ.

ამ სამწუხარო ფაქტს მთელი მსოფლიო გამოეხმაურა და დარიაის ეს თამამი ჟესტი სწრაფად გავრცელდა სოციალურ მედიაში ჰეშთეგით #GirlofScienceAndResearch, რამაც გამოიწვია როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო დიალოგი ირანში ქალთა უფლებების შესახებ.

ჰეშტეგს მოჰყვა ბევრი ილუსტრაცია და დარიაის თამამი ნაბიჯი ინსპირაციად იქცა გრაფიკოსებისა თუ სხვა მიმართულების ხელოვანებისათვის. თავიანთ წარმოდგენებში მათ გოგონა გამოსახეს ტანკის წინ, ისლამური რესპუბლიკის დროშიანი კედლის გარღვევის მცდელობით და სხვა…ეს ვიზუალური პორტრეტები, რომლებიც დომინირებდა სოციალურ მედიაში და გრაფიტის სახითაც კი გამოჩნდა, წინააღმდეგობის გაწევის საკულტო სიმბოლოებად იქცა და, ალბათ, სამუდამოდ დარჩება ისტორიას.

ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ დარიაიმდე ფემინისტური ბრძოლის სხვადასხვა ფაქტი დაფიქსირებულა ირანში. 2017 წელს ქალმა, სახელად ვიდა მოვაჰედმა, თეირანის ერთ-ერთ ყველაზე გადატვირთულ ქუჩაზე ააფრიალა თეთრი თავსაბურავი და ამით შექმნა სურათი, რომელიც ასევე შთააგონებდა ბევრ სხვა გოგონას. მას შემდეგ ქალები პერიოდულად ავლენენ დაუმორჩილებლობას და დარიაის აქტიც ამ ტენდენციის გაგრძელებაა. ამ ორ ცნობილ შემთხვევას შორის კავშირი მარტო ჩვენ არ დაგვინახავს და ის უკვე ილუსტრაციად აქციეს, რომელზეც ორივე აქტივისტია გამოსახული.

ზოგადად, ირანში მომხდარი მსგავსი ამბები ხშირად ხდება ხელოვანების მუზა და მძიმე შინაარსის მიუხედავად, სამუდამო ილუსტრაციად გარდაქმნის ამ ბრძოლის ფორმებს, რომლებიც საზოგადოებას მუდმივად გვახსენებს ირანში მცხოვრები ქალების მდგომარეობას. კიდევ ერთ მაგალითად გამოდგება 2017 წლის მოვლენა, როდესაც მოცეკვავე ტანინ ტორაბიმ შეასრულა ნელი ცეკვა თეირანის ტრადიციულ თაჯრიშ ბაზარში. მისი მოძრაობები საკმაოდ დახვეწილი, თუმცა ირანისთვის არატრადიციული იყო, ამიტომ მან გამვლელებში დიდი გაოცება გამოიწვია. იმავე წელს მხატვარმა ნასტარან საფაიმ შექმნა ვიდეო, სახელად, „მაღალი ქუსლები”, სადაც მან თავად გაიარა მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით ვალი ასრის (ყოფილი ფეჰლავის) ქუჩაზე. მისი დამალული GoPro კამერა კი აფიქსირებდა სხვა ადამიანების რეაქციებს გოგონას საქციელზე: დაბნეული მზერა, სიტყვიერი შეურაცხყოფა და სექსუალური შევიწროების შემცველი შეძახილები…

კიდევ ერთი ასეთი პროტესტი იყო როცა მხატვარი ზორეჰ სოლატი იდგა თეირანის ერთ-ერთ ხალხმრავალ გზაჯვარედინზე ჰიჯაბის გარეშე და ეცვა კვადრატული ფორმის სარკის ნაწილებისგან აწყობილი სამოსი.

ეს ყველაფერი უკვე ჟესტური ფემინიზმის სახელით მოიხსენიება მედიასა და ლიტერატურაში. ის ხაზს უსვამს ირანის მხატვრული საზოგადოების გამძლეობასა და შემოქმედებით სულისკვეთებას.

რატომ ყიდულობენ უცხოელები უძრავ ქონებას აჭარაში?

LEGO-მ ყვავილების 2025 წლის კოლექცია წარადგინა