ადამიანის ავტონომიური ფრენისთვის განკუთვნილი კოსტიუმები სულ უფრო იხვეწება და შესაბამისად, საჰაერო ხომალდის ნაცვლად საჰაერო კოსტიუმით ფრენის იდეაც სულ უფრო უახლოვდება რეალობას. 17 თებერვალს, xDubai-ს მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს ვინს რეფეტი – „პილოტი“, რომელმაც 14 თებერვალს, სტარტი მიწიდან, რაკეტისებურად აიღო და დუბაის ცაზე 1800 მეტის სიმაღლეზე იფრინა.
როგორც ვიდეოს აღწერაში ვკითხულობთ, ვინს რეფეტმა 8 წამში 100 მეტრის სიმაღლეზე აფრენა შეძლო, 12 წამში 200 მეტრი დაფარა, 19-ში 500, ხოლო 30 წამში უკვე ერთ კილომეტრს მიაღწია. აქვე ნათქვამია, რომ კოსტიუმით ფრენის საშუალო სიჩქარე 240 კილომეტრი საათში (130 knot) იყო. პილოტი ჯამში 3 წუთი დაფრინავდა. ხოლო მას შემდეგ, რაც რეფეტმა 1800 მეტრს მიაღწია, დაშვება დაიწყო, 1500 მეტრზე კი უკვე პარაშუტი გახსნა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა #JetmanDubai-ს პილოტმა უსაფრთხოდ შეძლო მაღალ სიმაღლეზე ფრენა და ამასთან, ტრიუკების შესრულებაც. აღსანიშნავია, რომ ეს კოსტიუმი 400 კილომეტრი საათში სიჩქარის განვითარების საშუალებას იძლევა. ისევე, როგორც მიმართულებების შეცვლისა და საჰაერო ტრიუკების შესრულების შესაძლებლობას. [1800 მეტრამდე აფრენას ვიდეოში 2:30 წუთიდან ვხედავთ].
რაც შეეხება კოსტიუმის ტექნიკურ მხარეს, ნახშირბად-ბოჭკოვანი მასალისგან დამზადებული ფრთები ენერგიით ოთხი პატარა თვითმფრინავისებური ძრავიდან მარაგდება. მისმა ინჟინრებმა შეძლეს კოსტიუმისთვის ერთგვარი საჭის შექმნა, რომელსაც პილოტი, ფრენისას ხელით მართავს. მისი დახმარებით ფრენის მიმართულების შეცვლა და საჰაერო ტრიუკების ჩატარებაა შესაძლებელი.












