in

რა უპირატესობა აქვს სოციალურ ქსელებში შექმნილ მცირე ზომის ჯგუფებს?

ბევრი ჩვენგანი სოციალურ მედიას იმისთვის იყენებს, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს მიაწვდინოს ხმა, ორიგინალური კონტენტი გაავრცელოს და დიდი ჩართულობაც მიიღოს. ნაწილისთვის კი მეტად კომფორტულია ისეთი ალტერნატიული სივრცე, სადაც კონკრეტული თემის ირგვლივ რამდენიმე ათეული ან ასეული ინდივიდი ერთიანდება — სწორედ ამისთვის არსებობს დაფარული ჯგუფები.

რა აქცევს „საზოგადოებებს“ მიმზიდველად?

ამ პატარა, პირადი ციფრული თემების სარგებლის განსაზღვრა მარტივად შეიძლება: მაგალითად, Discord სერვერები მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, კონკრეტული საკითხის ირგვლივ ჩამოაყალიბონ ჯგუფი და მხოლოდ ისინი მოიზიდონ, ვისი ინტერესიც თემატურად იკვეთება.

მსგავს მოდელს ორი უპირატესობა ახლავს: მცირე მასშტაბი და გაზრდილი კონფიდენციალურობა. შესაძლოა, ნაკლები ადამიანის ჩართულობა არც ისე მომხიბვლელად გეჩვენებოდეთ, მაგრამ ეს მეტად უზრუნველყოფს იმ ფაქტს, რომ მხოლოდ რეალურად დაინტერესებული მომხმარებლები გაერთიანდნენ, უფრო საქმეზე ორიენტირებული განწყობა შეიქმნას და რეალური შედეგებიც გამოიღოს ციფრულმა ძალისხმევამ. ამასთან, კონფიდენციალურობის ზრდა ბოტებისა და ნეგატივის გაფილტვრასაც უწყობს ხელს.

პირადი სივრცის აღქმა

ონლაინ თემების იდეალურ ზომაზე საუბრისას, აუცილებლად უნდა მოვიხმოთ სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, 150 ადამიანისგან შემდგარ ჯგუფებში ყველაზე კარგად ამყარებენ კომუნიკაციას. თუმცა უფრო მცირე მასშტაბიც მისაღებია: როგორც დისქორდის მარკეტინგის ხელმძღვანელი განმარტავს, სერვერების 90% 15 ადამიანისგან შედგება, რაც პირადი სივრცის აღქმას ზრდის.

დაკვირვებებიც ცხადყოფს, რომ მცირე ჯგუფები გაცილებით ეფექტურად მუშაობს. ამიტომაც, უკვე არაერთი სტარტაპი ფოკუსირდება მსგავსი ტიპის თემების შექმნაზე. მაგალითად, Locket-ის მომხმარებლებს შეუძლიათ, 20-მდე ადამიანი დაიმეგობრონ, რომელთაც ფოტოებს გაუზიარებენ. მისი დამფუძნებლების მიზანი ისეთი სივრცის შექმნა იყო, სადაც ადამიანები მხოლოდ ყველაზე ახლო ადამიანებთან შეინარჩუნებდნენ კონტაქტს. ხოლო Hipstamatic-ზე 99 ანგარიშის გამოწერაა შესაძლებელი, საიდანაც 9-ის „ახლო მეგობრად“ მონიშვნა შეიძლება.

მართალია, ქლაბჰაუსის მიზნები არ გამართლდა და საბოლოოდ ყველაფერი კრახით დასრულდა, მაგრამ მისი თანადამფუძნებლის, პოლ დავისონის რჩევა ნამდვილად გასათვალისწინებელია: „საუკეთესო სოციალური გამოცდილება ყველასთვის ღია, ხელმისაწვდომი არ უნდა იყოს. უმჯობესია პატარა ჯგუფები, სადაც ყველაფრის მარტივად მართვა შეიძლება. სწორედ ეს ქმნის ინტიმურობის, ნდობისა და მეგობრობის განწყობას“.

ამ ფაქტს უდიდესი პლატფორმა Instagram-იც იზიარებს. გასულ წელს მისმა წარმომადგენლებმა განაცხადეს: „უდიდესი ცვლილების მომსწრენი ვართ და ვხედავთ, რომ თინეიჯერები მეტ პირადულობას ამჯობინებენ“. შედეგად, მეტამ ინსტაგრამზე, ფეისბუქსა და WhatsApp-ზე შესაბამისი ფუნქციები დაამატა — „მომხმარებლებს შესაძლებლობას ვაძლევთ, პირადი სივრცე დაიცვან და მხოლოდ იმ ადამიანებს გაუზიარონ სასურველი კონტენტი, ვისთანაც სიახლოვეს გრძნობენ“.

კონფიდენციალურობის საკითხი

თანამედროვე სამყაროში კონფიდენციალურობა ერთ-ერთ მწვავე საკითხად იქცა, რადგან გაჩნდა პირადი მონაცემების თუ ინფორმაციის მითვისების ბევრი საშიშროება. ჯგუფების შემთხვევაში კი შედარებით მარტივია იმის კონტროლი, ვის შეუძლია მათში გაწევრიანება — ამისთვის ყველა პლატფორმას სხვადასხვაგვარი მექანიზმი აქვს. მაგალითად, გარდა მოდერატორის მიერ კონტროლის უპირატესობისა, შესაძლებელია ჯგუფის „გასაიდუმლოება“ — სხვა სიტყვებით, მას ჩვეულებრივ ვერ მოძებნიან ინტერნეტ სივრცეში, თუ შიდა წევრმა არ მოიწვია. ამ ფუნქციის ფეისბუქი და WhatsApp სარგებლობს.

ფოტოგრაფის თვალით დანახული მშვენიერება ყოველდღიურ მომენტებში

რა უნდა ჰკითხოთ საკუთარ თავს კარიერის შეცვლამდე?