in

ჯიბუ/ტასო გალერეა — ანუ, პირველი თანამედროვე კერამიკის გალერეა საქართველოში


თბილისის სახელოვნებო სივრცეს კიდევ ერთი ლოკაცია დაემატა — ჯიბუ/ტასო გალერა. ეს არის ძალიან მოკლე დროში და სპონტანურად შექმნილი გალერეა, რომელიც კერამიკის დარგის განვითარებას ემსახურება.

“კერამიკ სტუდია 1300 უკვე 7 წელია რაც არსებობს, მე და ჯიბუ ყოველთვის ვფიქრობთ რა უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯი კერამიკის დარგის განვითარებისთვის, სწორედ ერთ-ერთი ასეთი საუბრის დროს გაჩნდა ეს იდეა”, — აღნიშნავს ტასო გომელაური, გალერეის დამფუძნებელი.

საქართველოში პირველი თანამედროვე კერამიკის გალერეა არაკომერციულია და ამ ეტაპზე მას უშუალოდ სტუდია ეხმარება. თუმცა როგორც გალერეის დამფუძნებლები იმედოვნებენ, მათი ახალი სივრცე ბევრ საინტერესო პროექტს უმასპინძლებს, რაც უშუალოდ შემოსავალზეც აისახება.

ჩვენს ჩანაფიქრებს ყოველთვის უცბად ვბერავთ სულს

ცხადია, გალერეა ორიენტირებულია მხოლოდ კერამიკის ნამუშევრებზე და აქ წელიწადში 4 ხელოვანის ექსპოზიცია იგეგმება — როგორც ქართველი, ისე უცხოელის. ასევე, გალერეას ეყოლება რეზინდენტები, რომლებიც ჩამოვლენ, გააკეთებენ ნამუშევრებს, ჩაატარებენ ლექციებს, გაუზიარებენ გამოცდილებას და ცოდნას დაინტერესებულ ადამიანებს და შემდეგ გამოფენენ თავიანთ ნამუშევრებს. ეს კი ძალიან საინტერესო გამოცდილება იქნება ნებისმიერ მედიაში მომუშავე ხელოვანისთვის.

საგულისხმოა, რომ კერამიკის გალერეა ელენე ფოცხიშვილის გამოფენით გაიხსნა. “ელენე ფოცხიშვილთან მუშაობის პროცესმა, დიდი როლი ითამაშა გალერეის გახსნის იდეაში. ვფიქრობთ, გამოფენის კონცეფცია და იდეა სწორედ ის არის, რითაც უნდა გახსნილიყო ჩვენი გალერეა. პროექტზე “შენში” ელენემ ჩვენს სახელოსნოში იმუშავა. მისმა იდეამ ძალიან მოგვხიბლა და ჩვენი ტექნიკური დახმარებით ელენეს ჩანახატები ცოცხალ არსებებად იქცნენ”. 

“კერამიკა მარტოოდენ დეკორატიული ხელოვნება არ არის, ის გაცილებით მეტია; კერამიკა შესანიშნავი მედიაა ჩვენი გრძნობებისა და აზრების გადმოსაცემად. თიხის საშუალებით შესაძლებელია მრავალფეროვანი სამყაროს შექმნა”, — ამბობს ელენე.

ელენეს მიერ შექმნილი ქანდაკებების სერია, სახელწოდებით “შენში” სიურრეალისტური ხოჭოებია, რომლებსაც ადამიანის სახეები აქვს. მისი კონცეფციის მიზანი პრობლემებით დატვირთული ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ჩვენებაა, რასაც ის ხოჭოებთან აიგივებს. ინგლისურად სიტყვა “Bug” ხოჭოსაც ნიშნავს და მომაბეზრებელ, აკვიატებულ, გამაღიზიანებელ ფიქრებსაც… “ყველას ჩვენ-ჩვენი ხოჭოები გვაქვს; თუ შევჩერდებით, მათ ჩვენში დავინახავთ და თვალს გავუსწორებთ, მართლაც შესაძლებელი გახდება, რომ იმ შინაგან სიმშვიდეს მივაღწიოთ, რომელსაც მთელი სიცოცხლის განმავლობაში ვეძიებთ”. ელენე ყველას მოუწოდებს, რომ თავიანთი ხოჭოები იპოვონ.

როგორც ტასო ამბობს, მიმდინარე წლის შემოდგომის ჩათვლით, უკვე დაგეგმილია გამოფენების თანმიმდევრობა. შემდეგი კერამიკოსი უცხოელი იქნება, თუმცა მისი ვინაობა ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება…

ავტორი: ქეთია ბელქანია


შესაძლოა, McDonald’s-ის რესტორნებს მეტავერსშიც ესტუმროთ

ანი ზაქარეიშვილი – #პირველისამსახური