კედლის მხატვრობას თანამედროვე ექსტერიერსა და ინტერიერში სულ უფრო ხშირად ვხვდებით. მოთხოვნის ზრდამ და საკითხის აქტუალობამ შესაბამისი სერვისის შექმნას შეუწყო ხელი. “ჯიგრები” არის პლატფორმა, რომელიც აკავშირებს პოტენციურ დამკვეთსა და შემსრულებელს. “ჯიგრების” იდეის ირგვლივ გაერთიანდნენ მხატვრები, გრაფიკული დიზაინერები, მკერავები, სცენარისტები და სხვა შემოქმედი ადამიანები. როგორც თავად ამბობენ, გუნდის თითოეული წევრი შეპყრობილია თავისი საქმით და ენთუზიაზმით ასრულებს სამუშაოს. მაინც, რა შეიძლება შეცვალოს კედლის მხატვრობამ ჩვენს სახლებსა თუ ოფისებში? “ჯიგრების” ამბავი, კომპანიის თანადამფუძნებლის, ნიკა ბაძაღუას პირადი გამოცდილებით იწყება…
“ჯიგრების” შექმნის სურვილი ჩემმა სტრესმა გამოიწვია. როდესაც უნივერსიტეტში 100%-იანი გრანტით მოვეწყვე, დედაჩემმა სწავლისთვის გადადებული თანხით ასე ნანატრი ბინა იყიდა, ბათუმში ზღვიდან პირველ ზოლში, აივნით. სიჩქარეში და ემოციური ფაქტორის გათვალისწინებით აღმოჩნდა, რომ შევიძინეთ ბინა, რომელსაც არც აივანი აქვს და არც მზის სხივები შემოდის სახლში. დიდხანს დეპრესიაში ვიყავი უმზეობისგან. B ვიტამინის მისაღებად ქუჩაში მიწევდა გასვლა. ჩემმა უსაყვარლესმა მეუღლემ ბინას საბოლოოდ გამოუყვანა წირვა და თქვა რომ გასაყიდი იყო, მაგრამ ცუდი ის იყო რომ არავის გაუჩნდებოდა მისი ყიდვის სურვილი” – თუმცა, ნიკამ და მისმა მეუღლემ მოცემულ რეალობას სხვა მხრიდან შეხედეს და არსებული რესურსები პროდუქტიულად გამოიყენეს. მათ გადაწყვიტეს ბინა მოეხატათ და ამგვარად გაეცოცხლებინათ გარემო. ამ ცვლილებების დროს დაიბადა იდეა – სხვების სივრცეც ისევე გაეხალისებინათ, როგორც საკუთარი.
“მომხმარებელს რამოდენიმე სერვისს ვთავაზობთ, ესენია: კედლის ნახატი, კედლის 3D ნახატი, ნახატი ტილოზე, ნახატი შუშაზე, მოუშენ ვიდეო, ლოგოს დამზადება… ცხოვრების უდიდეს ნაწილს სახლსა და სამსახურში ვატარებთ, ამიტომ საჭიროა ორივე სივრცე შეიცავდეს ჩვენი ხასიათის ელემენტებს. არავინ მოგატყუოთ, კედლებს არამარტო ყურები არამედ ემოცია და ხასიათიც აქვთ. ამაში ჯიგრები დაგარწმუნებთ. ჯიგრები მოვალთ და თქვენს ბინას სიცოცხლით ავავსებთ, აგამღერებთ, აგაცეკვებთ, გაგახარებთ და თან ამ ყველაფერს ჯიგრულ ფასში გაგიკეთებთ.”
როგორც ნიკა ამბობს, კომპანიის შექმნისთვის მას, მის მეუღლეს ნიცას და მის პარტნიორს, ჯემალ კობალაძეს, არ ჰქონდათ არც დანაზოგი და არც მცირედი კაპიტალი…
M: როგორ შეარჩიეთ სახელი “ჯიგრები”?
“ჯიგრები” იმიტომ გავხდით, რომ ყელში ამოვიდა ამდენი “art design studio”, “wehost”, “design house”, “art soul”, “art in me”, “B design”, “art house”, “art laboratory”, “interior lab” და მსგავსი “ვითომ სტერეოტიპებით” გაჟღენთილი სახელები. ჩვენ გვსურდა სახელი ყოფილიყო ქართული, მისაღები, ემოციური და კომპანიის შესაბამისი.
M: როგორია თქვენი მუშაობის მექანიზმი?
ჯიგარი ბოტის მეშვეობით, ჩვენ მომხმარებლისგან მაქსიმალურ ინფორმაციას ვიღებთ მისი ინტერესების და ხასიათის შესახებ. მეორე ეტაპზე, მესენჯერის დედოფლები ერთვებიან და მათ საქმე შეკვეთამდე მიყავთ, სთავაზობენ რამოდენიმე ვარიანტს, უწევენ კონსულტაციას, აკეთებენ ფასის კალკულაციას მხატვრებთან შეთანხმებით. შემდეგ, შემოდის ფინანსური მაგნატების მფარველი ანგელოზი ელენე, რომელიც ამზადებს ინვოისს და ვუგზავნით დამკვეთს. თანხის გადახდა შეიძლება ერთიანად და ასევე, ნაწილ-ნაწილ მუშაობის დაწყებისას და დამთავრებისას. შესაძლებელია დაყოფა ტრანშებად. ამის შემდეგ, ჯიგარი იღებს სამუშაო პოზიციას: ამზადებს ესკიზს, სამუშაო ელემენტებს და მიდის დაკვეთის შესასრულებლად, რაც სასურველია შეკვეთიდან 3 დღეში მოხდეს. მომდევნო ეტაპზე, ჯიგრების სული და გული (დამფუძნებლები) ვიღებთ პასუხისმგებლობას შესრულებული სამუშაოს ხარისხზე. საჭიროების შემთხვევაში, გავწევთ დამატებით სამუშაოებს საასურველი ხარისხის მისაღებად. ვემშვიდობებით მომხმარებელს მომავალ შეკვეთამდე. ჯიგრების სულისა და გულის კიდევ ერთი ფუნქციაა კომპანიის მოქნილ რელსებზე გადაყვანა და კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებაა. ინოვაციური გადაწყვეტილებების მიღება, პარტნიორების მოძებნა და პრომოუშენი. გვყავს ჯიგარი ფერია, რომელიც ჯადოსნური ჯოხის აქნევით საოცარ ქოფისა და პოსტებს წერს. მასზე დიდად ვართ დამოკიდებული. გუნდში ასევე არის რამდენიმე გულანთებული ჯიგარი, რომელიც თავის მომენტს ელოდება. ამ ყველაფერთან ერთად, ვცდილობთ ფეხი ავაყოლოთ თანამედროვე სტანდარტებს და კომპანიაში დავნერგოთ 4 დღიანი სამუშაო გრაფიკი. ჩვენ ვმუშაობთ ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს. ოთხშაბათს გუნდი ვიკრიბებით ხან გასართობად, ხანაც ემოციების გასაცვლელად. შაბათ-კვირას ვწყდებით სამუშაო გარემოს და ვიმუხტებით დადებითი ემოციებით.
M: როგორია თქვენი მარკეტინგული სტრატეგია?
ჩვენი ხედვაა შევქმნათ პროდუქტი, რომელიც მისაღებია ტურისტებისთვის, რამდენიმეწლიანმა მუშაობამ მასპინძლობის სფეროში მოგვცა გამოცდილება, რომ ტურისტებს უნდათ ეროვნულ თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრები. გადავწყვიტეთ ვიმუშაოთ მცირე და საშუალო ბიზნესთან, პირველი თვეების მანძილზე, თბილისის ბაზარზე, ხოლო აპრილის თვიდან გავიდეთ ბათუმის ბაზარზე ვინაიდან, ზაფხულში ბათუმი აქტიურია, ასევე აქტიურია ზაფხულის სეზონზე მთიანი კურორტები სვანეთი, რაჭა, ყაზბეგი, ბორჯომი, სურამი და ბაკურიანი და რა თქმა უნდა, ახლად აყვავებული ანაკლია. მაქსიმალურად ვცდილობთ, მოქნილი ორგანიზაციული სტრუქტურის წყალობით, მოვიპოვოთ შემოქმედი ხალხის საკონტაქტო ინფორმაციები მითითებულ ქალაქებში, შევუთანხმდეთ მათ და შევთავაზოთ დამკვეთებს ზემოხსენებული პროდუქტები. ასევე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორი კომპანიები. მოხარულნი ვართ, რომ ვმეგობრობთ დირსისთან, ჯეოლაბთან, სპარკთან, სტარტაპერთან, ტექნოპარკთან, უკვე მარკეტერთან და გვსურს ეს ჩამონათვალი გავზარდოთ.
M: რამდენად მოგებიანია “ჯიგრები”, როგორც ბიზნესი?
ჩვენ კომპანია შევქმენით შიშველი ხელებით, ყოველგვარი ინვესტიციის გარეშე, ამიტომ მცირე პერიოდში ეს ბიზნესი დიდი შემოსავლის წყარო ვერ გახდებოდა, მაგრამ გუნდის თითოეული წევრი ვხედავთ პოტენციალს ამ საქმეში და დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ, ახლადშეძენილი მეგობარი კომპანიებისა და ჩვენი მონდომების შედეგად.
M: მზარდი კონკურენციის პირობებში, როგორ გეგმავთ შეინარჩუნოთ კონკურენტუნარიანობა?
ძირითადად ინტერიერზე ვმუშაობთ. ამ კუთხით, ბაზარზე მარტივი საპოვნელი არა ადამიანი, რომელიც სამუშაოს შეასრულებს. არიან რა თქმა უნდა ცნობილი ხელოვანები, რომელთა მომსახურება ძვირია, ან ხელოვანები რომელთანაც ურთიერთობას გარკვეული რისკი ახლავს.
ჩვენ ვგეგმავთ, რომ შევინარჩუნოთ ინდივიდუალობა ანუ თითოეული ნახატი იქნება უნიკალური. ჩვენი შემოქმედები არ ხატავენ ორ ერთნაირ ნახატს, შესაბამისად, თითოეული ნამუშევარი შესრულდება მხოლოდ ერთხელ, კონკრეტულად ერთი მომხმარებლისთვის. ასევე, აქტიურად ვეცნობით სიახლეებს ჩვენს სფეროში და ძალას არ დავიშურებთ რომ პირველებმა დავნერგოთ.
M: როგორ ხედავთ განვითარების პერსპექტივას?
“ჯიგრების” მიზანია, პლატფორმის ირგვლივ განავითაროს რამდენიმე სახის მომსახურება. სამომავლოდ, გვინდა კიდევ რამდენიმე მოთხოვნადი სერვისის დამატება. ჩვენი ფილოსოფიის საკვანძო საკითხი მოქნილობა და ადაპტაციის უნარია. 2020 წლიდან, გვინდა ავითვისოთ მეზობელი ქვეყნების ტურისტული ქალაქები. ამჟამად, ჩვენი რამდენიმე თანამშრომელი არის სასწავლებლად წასული აღმოსავლეთ ევროპის, თურქეთისა და რუსეთის ქალაქებში. ჩვენ გვინდა სერვისი გავიტანოთ ამიერკავკასის მასშტაბით და შემდგომ, უკვე თურქეთ-რუსეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში. ამ საკითხებზე ვმუშაობთ, როგორც მობიულირ აპლიკაციების დამამზადებელ კომპანიებთან, ასევე ინოვაციების სააგენტოსა და გამომგონებელთა კლუბთან.