6
ოქტ
2016

როგორია პირველი ქართული ვისკი? – JIMSHER

6 ოქტ 2016

თეა ლომთათიძე

სოფო ლომთათიძე

ბაზარზე პირველი ქართული ვისკი გამოჩნდა. ცნობილ მეღვინესა და „ასკანელი ძმების“ დამფუძნებელ ჯიმი ჩხაიძეს ვისკის დამზადება სურვილი 10 წელია ჰქონდა. მას სურდა, რომ ტრადიციული ალკოჰოლური სასმელების გარდა, რითაც საქართველო უკვე ცნობილია, ქართული წარმოების ვისკიც შეეთავაზებინა მომხმარებლებისთვის. ვისკის შეფუთვის ქართული ხასიათის შენარჩუნებაზე კი ზვიად ციკოლიამ იზრუნა. როგორ შეიქმნა ბრენდი, რატომ გადაწყდა ვისკის გაკეთება, როგორ შეარჩიეს სახელი და როდის გამოვა ბაზარზე ბრენდი, TM Jimsher-ის ბრენდ-მენეჯერის, სოფო ლომთათიძის ინტერვიუდან შეიტყობთ.

BOG PLUS

M: მოგვიყევით ვისკის შესახებ, როგორ შეიქმნა ბრენდი?

საქართველო მსოფლიო ბაზრისთვის ისეთი ალკოჰოლური სასმელების წარმოებითაა ცნობილი, როგორიცაა: ჭაჭა, ბრენდი, განსაკუთრებით კი ღვინო. სწორედ, ამ კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით, საქართველოში მოღვაწე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მეღვინე, ჯიმშერ ჩხაიძე დიდი ხნის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ ქართველებს, გარდა ტრადიციული ალკოჰოლური სასმელებისა, ვისკის შემთხვევაშიც შეგვეძლო უნიკალური სახეობების შექმნა. ამ სახეობების ძიებას მან თავისი ცხოვრების უკანასკნელი 10 წელი მიუძღვნა. პროდუქტის გასინჯვის შემდეგ ყველამ ერთხმად აღვნიშნეთ, რომ გაწეული შრომა ამ აღმოჩენის გასაკეთებლად ნამდვილად ღირდა.

ჯიმისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ბრენდის ლოგოსა და შეფუთვის დიზაინზე აუცილებლად საუკეთესო ქართველ დიზაინერს ეზრუნა და პროდუქტის ამ კომპონენტშიც ქართული ხასიათი შეენარჩუნებინა. ვფიქრობთ, რომ ზვიად ციკოლიას ნამუშევარი თავად საუბრობს თავის თავზე.jimsherM: რატომ გადაწყვიტეთ ვისკის გამოშვება?

ვისკის წარმოება უკვე დიდი ხანია გაცდა მშობლიურ გეოგრაფიულ ჩარჩოებს და დღეს, გარდა შოტლანდიური და ირლანდიური ვისკისა, ამერიკულ, კანადურ, იაპონურ და სხვა ქვეყნების წარმოებულ წარმატებულ სავაჭრო მარკებსაც ვიცნობთ. თითოეული ეს ქვეყანა არ ღალატობს ვისკის წარმოების ფუნდამენტურ ტრადიციებს, მაგრამ ამასთანავე, განსხვავებული ხედვა აქვთ ცალკეულ ნიუანსებში. სწორედ ეს განსაზღვრავს სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული ვისკის თავისებურებებს. ამასთანავე, ვისკის ბაზარი მაღალალკოჰოლური სასმელების კატეგორიაში ერთ-ერთი ყველა მსხვილი და მზარდია, რის გამოც ის ერთმნიშვნელოვნად მიმზიდველია ნებისმიერი მეწარმისათვის.

M: როგორ შეარჩიეთ სახელი Jimsher?

დღეისათვის ცნობილი ვისკის ბრენდების უმრავლესობის დასახელება ან მის წარმოშობაზე მიუთითებს, ან ავტორის სახელზე. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო და არც მისი რომელიმე რეგიონი, ამ ეტაპზე, ვისკის წარმოებით ცნობილი არ არის, პირველი და ერთადერთი იდეა პროდუქტისთვის ავტორის სახელის დარქმევა იყო. თავად ჯიმი თავიდან წინააღმდეგობას გვიწევდა, მაგრამ კვლევამ აჩვენა, რომ განსაკუთრებით საექსპორტო ბაზრის ვისკის მოყვარულთათვის, ეს სახელი ძალიან ეფექტურად ჟღერდა.

jimsher(1)

M: რამდენი სახეობის ვისკია და როდიდან გამოჩნდება პროდუქტი ბაზარზე?

გვაქვს 4 სახეობის ვისკი, რომლებიც ამ სასმელის შესახებ სრულიად ახალ ისტორიას უნიკალური, ქართული აქცენტებით გვიყვებიან:

FromSaperavi Casks

FromTsinandali Casks

From Georgian Brandy Casks

From Bourbon Cask Finished In Qvevri

პროდუქტი ქართულ ბაზარზე 6 თვეში გამოჩნდება და მთლიან ბაზარს აითვისებს, როგორც Off Trade-ის (მარკეტები, სუპერმარკეტები, ჰიპერმარკეტები, სპეციალიზებული ალკოჰოლური სასმელების ობიექტები), ისე On Trade-ის (რესტორნები, ბარები და კლუბები) სეგმენტში.

M: რა მოლოდინები და სამომავლო გეგმები გაქვთ?

შემდეგი ეტაპი უკვე საექსპორტო ბაზარი იქნება. პროდუქტის ანონსის შემდეგ, 20-მდე ქვეყნის წარმომადგენელი უკვე დაგვიკავშირდა და მათთან მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს. ჩვენ გვჯერა, რომ სწორი მუშაობის შედეგად, რამდენიმე წელში Jimsher ცნობილი სავაჭრო მარკა გახდება და მაღალი ხარისხით მიღწეული რეპუტაციით ღირსეულ ადგილს დაიკავებს მსოფლიო ბაზარზე.

განხილვა