in

„ერთ დიდ გაურკვეველ ნახტომს ყოველთვის პატარა და მტკიცე ნაბიჯები სჯობს“ – „ჟირაფ ჟოზეს“ #შეცდომები

მარკეტერი წარმოგიდგენთ რუბრიკას – #შეცდომები, რომლის ფარგლებშიც, ქართველი სტარტაპერები მოჰყვებიან ბიზნესის კეთებისას/დაწყებისას დაშვებული ყველაზე დიდი და გამოცდილების თვალსაზრისით, ღირებული შეცდომ(ებ)ის შესახებ. ამ შემთხვევაში, „ჟირაფ ჟოზეს“ დამფუძნებელი, გიორგი მარშანია გვიზიარებს სტარტაპის გამოცდილებას:

მიუხედავად იმისა, რომ თავადაც შეცდომების დაშვების, ყოველდღიური სწავლისა და სხვადასხვა მარცხიდან გამოსავლის ძიების რეჟიმში ვარ, მაინც შევეცდები, მარკეტერის მკითხველს ის აღმოჩენა და მთავარი შეცდომა გავუზიარო, რომელსაც საწყის ეტაპზე ხშირად ვუშვებდი – გარჩევა, რა არის ცდუნება და რა – არა და მისი დაძლევა.

რას ვგულისმხობ? – სტარტაპის დაწყებისთანავე ჟოზემ წარმატება ძალიან მალევე მოიტანა, არაერთი შესაძლებლობა გამოჩნდა – რა გზით უნდა წავსულიყავით, რომელ კოპანიასთან უნდა გვეთანამშრომლა, რა ალტერნატივები უნდა აგვერჩია, როგორ უნდა განგვეხორციელებინა და სხვ. ჟოზეს განვითარებას მრავალნაირად ვხედავდი და პრინციპში, ყველა მათგანი საკმაოდ მაცდურად გამოიყურებოდა. თუმცა კი, ამ განვლილ 3-4 წელს რომ ვუყურებ, ასე მგონია, აუარებელი იდეების უმეტესობა ბოლომდე არ მივიყვანე და ყველაფერი შუა გზაზე მივყარე.

ცდუნებაც ზუსტად ეგ იყო – მეგონა, უკვე არსებულ იდეაზე უკეთეს გზას ვირჩევდი, შემდეგ ვფიქრობდი, რომ კიდევ და კიდევ უკეთესი უნდა მომესინჯა და რესურსებს სულ ახალ-ახალი იდეებისკენ მივმართავდი რა, საბოლოოდ, ვზარალდებოდი, მათ შორის, ფინანსურადაც. ახალი იდეებით აღტაცება რაღაც ხაფანგივით იყო, რომელსაც საკუთარ თავს თავადვე ვუგებდი და უკეთესის მოლოდინში, კომპანია გეგმის მინიმუმსაც ვერ ასრულებდა. მოკლედ, მე ამ ყველაფერში რესურსებს ვკარგავდი.

სწორედ ამიტომ მგონია, ჟოზეს შემოქმედება საკმარისად ვერ განვითარდა – ვერც რაოდენობრივად გამოვიდა იმდენი სერია და ვერც ხარისხი განვითარდა ისეთი ტემპით, როგორსაც ვისურვებდი. სამ წელში მეტი შეგვეძლო.

თუმცა 2021 წლის დასაწყისი ამ შეცდომების გააზრების პერიოდი აღმოჩნდა და უკვე აპრილში პირადად ჩემს თავს კონკრეტული გეგმა დავუსახე, რომელსაც არცერთ შემთხვევაში არ გადავუხვევდი – მიუხედავად მაცდური წინადადებებისა. ასეც მოხდა და ამან მოგვცა ის, რომ დღეს, აუდიტორიისთვის ძალიან ბევრი სიახლე გვაქვს შესათავაზებელი.
რომ შევაჯამო, პრიორიტეტების არევა და ხშირ-ხშირი ცვლა დამაზიანებელია. ერთ დიდ გაურკვეველ ნახტომს ყოველთვის პატარა და მტკიცე ნაბიჯები სჯობს, რომელიც ამ დიდ ნახტომამდე მომზადებულს მიგიყვანს.

ეს არის ჩემი გამოცდილება. ჭკუას ვერავის ვასწავლი იმიტომ, რომ თავად ყოველდღე სწავლის რეჟიმში ვარ, მაგრამ იმედი მაქვს, მიუხედავად ამისა, ვინმეს რამეში დავეხმარები.

რაც მთავარია, გახსოვდეთ, რომ ჟოზეს ძალიან, ძალიან უყვარხართ!

საქართველოს უნივერსიტეტსა და ვერსალის უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

მხატვარმა ორი ცარიელი ტილოს სანაცვლოდ $84 000 მიიღო!