8
Apr
2019

როგორ დავაბალანსოთ ჯანმრთელობა და კარიერა

8 Apr 2019

არ აქვს მნიშვნელობა კომპანიას მართავთ, თუ საშინაო საქმით ხართ დაკავებული, რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ეს თქვენგან ფიზიკურ და გონებრივ რესურსს მოითხოვს. რა თქმა უნდა, რთულია პრიორიტეტების ისე განსაზღვრა, რომ ჯანმრთელობასა და კარიერას თანაბარი ყურადღება დაუთმოთ, თუმცა, ყოველთვის შეგვიძლია გარკვეული უნარების გამომუშავება. ბალანსის პოვნა მარტივი საქმე არასდროსაა, თუმცა, წარმოგიდგენთ ხუთ მარტივ ჩვევას, რომლის გამომუშავებისთვისაც დიდი ძალისხმევა არ დაგჭირდებათ. ამ ჩვევების თქვენს ყოველდღიურობაში დანერგვის შედეგად კი შეძლებთ იყოთ ჯანმრთელი და ამავდროულად, გქონდეთ კარგი კარიერა:

დაიძინეთ და გაიღვიძეთ ყოველდღე ერთსა და იმავე დროს
არაფერი ჯობია ყოველდღე ერთსა და იმავე დროს დაძინებას და გაღვიძებას. თქვენი სხეული ეჩვევა ამას, ეს ხდება თქვენი რუტინა, რომელიც ორგანიზმისა თუ გონების სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის აუცილებელია. დიდი შანსია, რომ თუ 22:30-ზე დაიძინებთ, მაღვიძარის გარეშე, დაახლოებით, დილის 07:00 საათზე გაგეღვიძებათ.

ზოგჯერ სამსახურის, ოჯახისა თუ მეგობრების გამო, რთულია ამის მოხერხება. ყოველთვის არსებობს გაუთვალისწინებელი შემთხვევები. მთავარია, ამ ძილის რუტინიდან ამოვარდნის შემდეგ, ისევ შეძლოთ მასში დაბრუნება.

თავი აარიდეთ მობილურ ტელეფონს
თანამედროვე სამყაროში, სმარტფონთან მიჯაჭულობის დაძლევა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. მობილური ტელეფონი ოჯახთან ყოფნისას ბევრს გვიშლის ხელს. შეგიძლიათ, ის ჩანთაში, ან რთულად მისადგომ ადგილას შეინახოთ. მაგალითად, კარადის თავზე შემოდოთ, საიდანაც მის ჩამოსაღებად ადგომა დაგეზარებათ. შეტყობინებების შემოწმება საღამოს შეგიძლიათ, თუმცა, ამას ძილის წინ ნუ გააკეთებთ…

დილაობით გადახედეთ ელ-ფოსტას
ბევრი ჩვენგანი შინაც მუშაობს. თუმცა, მნიშვნელოვანია სამსახურისა და სახლის ერთმანეთისგან გამიჯვნა. დილით ელ-ფოსტის შემოწმება დღის დაგეგმვაში დაგეხმარებათ. ასე გადაანაწილებთ პრიორიტეტებს.

შეძლებისდაგვარად, უარყავით ღამის რეისები
სტრესი და უძილობა ის შედეგებია, რომელიც ღამის რეისებით მგზავრობამ შეიძლება გამოიღოს. დაბალი ფასების გამო, ღამის ფრენები ბევრისთვის უფრო მიმზიდველი წინადადებაა, თუმცა, ეს არის დისკომფორტი და დაკარგული დრო, რომელსაც ვერც ძილისთვის და ვერც საქმისთვის ვერ გამოიყენებთ. დღის საათებში მგზავრობისას კი საათების უფრო რაციონალურად გამოყენება შეგიძლიათ.

იყავით მზად ცვლილებებისთვის
ეს ყველაზე კარგი თვისებაა, რომელიც სხვადასხვა სიტუაციასთან გამკლავებასა და ადაპტირებაში დაგეხმარებათ. თუ თქვენი პრობლემების გადაჭრა ცხოვრების წესის ცვლილებას მოითხოვს, გააკეთეთ ეს დღესვე. თუ თქვენთვის სამსახური ახალ გამოწვევებთან, ღირებული პროდუქტის შესაქმნელად კომფორტის ზონიდან გასვლასთან ასოცირდება, ყველაფერი უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ დღის ბოლოს კომფორტის ზონაში აღმოჩნდეთ.

წყარო: Inc

განხილვა