in

სამსახურის ხშირად შეცვლა კარგია თუ ცუდი? — რას ნიშნავს ახალი ტრენდი Job Hopping

Job hopping-ის ტრენდი მზარდი პოპულარობით სარგებლობს ახალგაზრდა პროფესიონალებში. იმის ნაცვლად, რომ ერთ სამსახურში ათწლეულები გაჩერდნენ, ეს ადამიანები ხშირად იცვლიან კომპანიებს, კონკრეტულ ადგილზე 1 ან 2 წელი თუ ჩერდებიან… ერთი მხრივ, ეს ცუდი რამ არ უნდა იყოს, მაგრამ გახსოვდეთ, რომ დამსაქმებლები ლოიალობას აფასებენ, შესაბამისად, პრობლემები შეგექმნებათ, თუ თქვენი რეზიუმე მხოლოდ 1-წლიან ცვლილებებს მოიცავს… 

pasha-statiebi
pasha-statiebi

მოდით, ახლა სწორედ ამ ფენომენის დადებითი და უარყოფითი მხარეები განვიხილოთ… და რისი თქმა შეგვიძლია Job hopping-ის სასარგებლოდ?

1. თქვენი ანაზღაურება იზრდება 

მუშაობისას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოტივატორი ფულადი ანაზღაურებაა. ხოლო, როგორც CNBC აცხადებს, თანამშრომლები, რომლებიც სამსახურს ხელფასების მიხედვით იცვლიან, საკუთარ შემოსავალს მინიმუმ 9,7%-ით ზრდიან… 

2. შეგიძლიათ განსხვავებული სამუშაო გარემო გამოსცადოთ

სამსახურის ხშირად შეცვლა განსხვავებულ სამუშაო სივრცეებში მუშაობასაც გულისხმობს. თანაც არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენი დამსაქმებლის სამუშაო რეჟიმი, მართვის სტილი და ორგანიზაციული სტრუქტურა ყველაფერზე ზემოქმედებს… შესაბამისად, იმ კომპანიებში დარჩენა, რომლებიც არ ესადაგება თქვენს პრეფერენციებს, თქვენსავე პროდუქტიულობაზე უარყოფითად აისახება. 

მაგალითად, თუ სამსახურამდე მისასვლელად 2 საათი გჭირდებათ, ახლომდებარე კომპანიების ძიების ნაცვლად, ის დამსაქმებლები შეგიძლიათ იპოვოთ, რომლებიც ჰიბრიდულ ან დისტანციურ რეჟიმს შემოგთავაზებენ. 

3. ახალი თანამდებობების დაკავება თქვენს უნარებს აუმჯობესებს

ლოგიკურად, განსხვავებულ თანამდებობებზე მომუშავე ადამიანები ახალ უნარებსაც მარტივად ეუფლებიან. კომპანიის განსხვავებულ პოლიტიკასთან, პასუხისმგებლობებთან თუ სამუშაო ხელსაწყოებთან ადაპტირება გამოცდილ თანამშრომლად გაქცევთ და თქვენს რეზიუმესაც მეტად მიმზიდველს ხდის. იმდენადაც კი, რომ სხვა აპლიკანტებს შორის კონკურენტული უპირატესობის მოპოვებაში გეხმარებათ. 

4. თქვენი სანაცნობო წრე სწრაფად ფართოვდება 

კომპანიების ხშირად შეცვლა ახალ კოლეგებთან, ზედამხედველებთან, მენეჯერებთან, მენტორებთან თუ ხელმძღვანელებთან შეხვედრას გულისხმობს, რომელთაც განსხვავებული გამოცდილება აქვთ. ეს კი მათგან რაღაცების სწავლის შანსს აჩენს. თუმცა ბუნებრივია, უბრალოდ ადამიანებთან შეხვედრა სარგებელს არ მოგიტანთ, მნიშვნელოვანია, მათთან ახლო კავშირების დამყარება სცადოთ.

5. მეტად გაბედული და თავდაჯერებული ხდებით

ხშირად დასაქმებულები სამსახურში არსებულ არაჯანსაღ კულტურას იმიტომ უძლებენ, რომ სტაბილური შემოსავალი აქვთ. დიახ, სწორედ ამ მიზეზის გამო სამსახურით კმაყოფილებაზე და საკუთარ უფლებებზეც ამბობენ უარს… აქ კი Job hopping-ის ტრენდი საუკეთესო გამოსავალია — ისინი გაიაზრებენ, რომ რაც უფრო ხშირად მოძებნიან სამსახურს, მით უფრო მეტი შესაძლებლობა იჩენს თავს. 

Job hopping-ის უარყოფითი მხარეები:

1. დამსაქმებლები პრობლემურ საკითხად მიიჩნევენ

სამსახურის ხშირად ცვლა რეკრუტერებს მიანიშნებს, რომ ნაკლებად ლოიალური ხართ. თანაც, კომპანიები ბევრ რესურსს ხარჯავენ ახალი თანამშრომლების დატრენინგებაში და მათ არ შეუძლიათ, ეს იმ ადამიანების შემთხვევაშიც გააკეთონ, რომელთაგანაც ელიან, რომ რამდენიმე კვირაში ან თვეში კომპანიას დატოვებენ…

2. ვერ სარგებლობთ კომპანიის შიგნით არსებული დაწინაურების შესაძლებლობებით 

თუ გავიხსენებთ იმას, რომ HR-ები ძირითადად გამოცდილ და ლოიალურ კანდიდატებს აწინაურებენ, იმ ადამიანების შანსები, რომლებიც ყოველ 1 ან 2 წელიწადში ახალ სამსახურს იწყებენ, მკვეთრად შემცირდება. 

3. სხვები ვერ საუბრობენ თქვენზე

იმის გამო, რომ კომპანიებს ხშირად იცვლით, მენეჯერებმა და თანამშრომლებმა ნაკლები იციან თქვენი მუშაობის სტილსა თუ ხარისხზე, შეიძლება ვერც კი გიცნონ, რომ აღარაფერი ვთქვათ რეკომენდაციების დაწერაზე. ამიტომ, მნიშვნელოვანია, თანამშრომლებთან, თუნდაც ეს ერთი ან ორი ადამიანი იყოს, ძლიერი პროფესიული ურთიერთობები ჩამოაყალიბოთ.

4. შესაძლოა, სამსახურიდან წასვლა ცუდ ჩვევად იქცეს

როგორც ამბობენ, Job hopping ჩვევაშიც შეიძლება გადაიზარდოს. ტოქსიკური დამსაქმებლებისგან წამოსვლა თქვენთვის სასარგებლოა, მაგრამ კომპანიების რთულ პერიოდში დატოვება თქვენსავე პროფესიულ ზრდას აფერხებს. დიახ, სამსახურებრივი გამოწვევების დაძლევა უნდა ისწავლოთ, რა დროსაც გამომუშავებული უნარები კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ. 

5. თქვენი სანაცნობო წრე ნაკლებად ახლო ადამიანებისგან შედგება

ერთი მხრივ, სამსახურის ხშირად ცვლილება სანაცნობო წრის გაფართოებაში კი გვეხმარება, მაგრამ, მეორე მხრივ, იმდენად ცოტა ხანს ვჩერდებით კომპანიაში, რომ ისინი უბრალო ნაცნობები არიან. შესაბამისად, ნდობასა და ურთიერთგაგებაზე დაფუძნებული ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე უნდა იზრუნოთ. 

და თუ ჯერ კიდევ ვერ გადაწყვიტეთ, წამოხვიდეთ თუ არა სამსახურიდან, უმჯობესია,  ობიექტურად შეაფასოთ, როგორ იმოქმედებს ეს ცვლილება თქვენზე. კარიერული გადაწყვეტილებები გრძელვადიანი პროფესიული და პიროვნული განვითარების მიზნების შესაბამისად მიიღეთ და ეცადეთ, ემოციები გვერდით გადადოთ…



TikTok-ის სიახლეები, რომლებსაც მარკეტერები აუცილებლად უნდა გაეცნონ

გაიგეთ, რა სიახლეებს გთავაზობთ „პროფი”, საყოფაცხოვრებო სერვისების პლატფორმა