მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანგარიშის მიხედვით, რომელიც ფორუმის ყოველწლიურ შეხვედრამდე გამოქვეყნდა შვეიცარიის ქალაქ დავოსში, 2030 წლისთვის, მოსალოდნელია მოლარეების, საფოსტო მომსახურების თანამშრომლების და ადმინისტრაციული ასისტენტების პოზიციების მნიშვნელოვანი შემცირება.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) შეფასებით, „ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და არსებულის გაუქმების“ გამოწვევა დღევანდელი სამუშაო ადგილების 22%-ს შეადგენს. მოსალოდნელია 170 მილიონი ახალი სამუშაო ადგილის შექმნა, რაც დღევანდელი დასაქმების 14%-ია. თუმცა, ეს ზრდა დაბალანსდება 92-მილიონი სამუშაო ადგილის დაკარგვით, რაც საბოლოოდ 2030 წლისთვის 78 მილიონი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას განაპირობებს.
კვლევა ეფუძნება 1000-ზე მეტი წამყვანი გლობალური დამსაქმებლის მონაცემებს, რომლებიც წარმოადგენენ 14 მილიონზე მეტ მუშაკს 20-ზე მეტ ინდუსტრიაში. მონაცემები აანალიზებს, თუ როგორ მოქმედებს მაკროტენდენციები სამუშაო ადგილებსა და უნარებზე და რა სტრატეგიებს გეგმავენ დამსაქმებლები 2030 წლისთვის ახალ შრომით ლანდშაფტთან ადაპტირებისთვის.
ანგარიშის თანახმად, ამ ცვლილებების მთავარი მამოძრავებელი ძალებია ტექნოლოგიური წინსვლა, დემოგრაფიული ცვლილებები, გეო-ეკონომიკური დაძაბულობა, ეკონომიკური არასტაბილურობა და მწვანე ტრანზიცია, რომლებიც მოსალოდნელია, რომ გლობალურად გარდაქმნიან ინდუსტრიებსა და პროფესიებს.
კლების პროცესში მყოფი პოზიციები:
საოფისე პოზიციები, მათ შორის მოლარეები, ადმინისტრაციული ასისტენტები და აღმასრულებელი მდივნები, სავარაუდოდ, ყველაზე დიდ კლებას განიცდიან აბსოლუტურ რიცხვებში. ასევე მოსალოდნელია საფოსტო სერვისის თანამშრომლების, ბანკის მოლარეების და მონაცემთა შემყვანი სპეციალისტების პოზიციების სწრაფი შემცირება.
მზარდი სამუშაო ადგილები:
წინა ხაზის სამუშაო პოზიციებზე მოსალოდნელია ყველაზე დიდი ზრდა აბსოლუტურ რიცხვებში, მათ შორისაა: ფერმერები, მიტანის სერვისის მძღოლები, მშენებლები, გამყიდველები და საკვების გადამამუშავებელი მუშაკები. ზრუნვის ეკონომიკის სამუშაოები, როგორიცაა ექთნები, სოციალური მუშაკები, კონსულტანტები და პირადი მომვლელები, ასევე მოსალოდნელია, რომ მნიშვნელოვნად გაიზრდება მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, მასწავლებლებთან ერთად.
ტექნოლოგიური პოზიციები ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში:
ტექნოლოგიასთან დაკავშირებული პოზიციები პროცენტულად ყველაზე სწრაფად მზარდი სამუშაოებია და მოიცავს: დიდ მონაცემთა სპეციალისტებს, ფინტეკის ინჟინრებს, ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების სპეციალისტებს, და პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერებს. მწვანე და ენერგეტიკული გადასვლის პოზიციები, მათ შორის ავტონომიური და ელექტრო სატრანსპორტო საშუალებების სპეციალისტები, გარემოს დაცვის ინჟინრები და განახლებადი ენერგიის ინჟინრები, ასევე შედიან ყველაზე სწრაფად მზარდ პოზიციებში.
ყველაზე მოთხოვნადი უნარები დამსაქმებლებისთვის:
კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ყველაზე მოთხოვნადი უნარები და ზრდის სფეროები ტექნოლოგიურ სექტორშია, ხელოვნური ინტელექტის, დიდი მონაცემების და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, და დამსაქმებელთა 41% გეგმავს შტატების შემცირებას ხელოვნური ინტელექტის მიერ არსებული ამოცანების ავტომატიზაციის გამო.
თუმცა, ადამიანური უნარები, როგორიცაა კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, მათ შორის მედეგობა, მოქნილობა და სისწრაფე, კვლავ მოთხოვნადია. ფაქტობრივად, ანალიტიკური აზროვნება არის ყველაზე მოთხოვნადი ძირითადი უნარი დამსაქმებლებს შორის – 10-დან 7 კომპანია მას აუცილებლად მიიჩნევს.
საშუალოდ, მომუშავეებს შეიძლება მოუწიოთ არსებული უნარების 39%-ის ტრანსფორმაცია ან განახლება მომდევნო 5 წლის განმავლობაში. თუმცა, „უნარების არასტაბილურობა“ შემცირდა 2023 წლის 44%-დან, როგორც ეს WEF-ის ბოლო სამომავლო სამუშაოების ანგარიშში იყო განსაზღვრული. ეს სავარაუდოდ გამოწვეულია იმით, რომ მუშაკები „კვალიფიკაციას იმაღლებენ“, ანუ დამატებით ტრენინგებს გადიან.
წყარო: Fastcompany