შესანიშნავი მანქანების უკან ნიჭიერი ადამიანები დგანან, რომლებიც ყოველ დეტალს საზღვრავენ საიმისოდ, რომ მათი ნამუშევრები იყოს გამძლე, დახვეწილი, უსაფრთხო და კომფორტული. ყოველი დიდი ბრენდის უკან დგანან ის ინჟინრები თუ დიზაინერები, რომლებიც მას ქმნიან და ერთ-ერთი ასეთი ინჟინერი, რომელიც დღეს გვინდა გაგაცნოთ, ჯონ დელორეანია.
მისი სრული სახელია ჯონ ზაქარია დელორეანი. ის უდავოდ ბრწყინვალე ინჟინერი იყო, რომელიც მეოცე საუკუნის 50-იან წლებში გამოვიდა, როგორც თანამედროვე ხედვის გამზიარებელი, რომელმაც უარი თქვა კონვენციებზე და დაიწყო ახლის ძიება. მისი ოცნება იყო უდიდესი სპორტული მანქანის შექმნა, რაც კი მაშინ მსოფლიოს ენახა.
ადრეული წლები
ჯონ ზაქარია დელორეანი დაიბადა 1925 წლის 6 იანვარს და გაიზარდა დეტროიტის აღმოსავლეთ მხარეს, ძირითადად, მუშათა კლასის უბანში. მისი მამა, ზაქარია, პროფკავშირის ორგანიზატორი და Ford Motor Company-ის მუშა იყო, თუმცა, გადმოცემით ცნობილია, რომ მას დამოკიდებულება ჰქონდა ალკოჰოლზე, რაც ხელს უშლიდა წინსვლაში.
ჯონი ადრეული წლებიდანვე გატაცებული იყო ავტომობილებით, თუმცა მეორე მსოფლიო ომის დროს მას დროებით არმიაში სამსახური და სწავლა-განვითარებაზე უარის თქმა მოუწია. ამის მიუხედავად, ომის დასრულების შემდეგ, მან მიიღო მაგისტრის ხარისხი ავტომობილების ინჟინერიაში.
კარიერა
ოფიციალურად საავტომობილო კარიერა ჯონმა 1952 წელს დაიწყო. იგი შეუერთდა კვლევისა და განვითარების გუნდს Packard Motor Car Company-ში. ცოტა ხანში ის გახდა ამომავალი ვარსკვლავი კომპანიაში და მისი ნიჭი მალე შეამჩნიეს ინდუსტრიის წარმომადგენლებმა.
1956 წელს დელორეანმა General Motors-ში დაიკავა ინჟინრის თანამდებობა Pontiac-ის განყოფილებაში. იმ დროს GM იყო ყველაზე დიდი კომპანია მსოფლიოში, თუმცა, რაც შეეხება თავად Pontiac-ს, ის არ იყო გათვლილი ახალგაზრდობაზე, რომელიც ამოძრავებდა ქვეყნის განვითარებად კულტურას.
დელორეანის მიდგომა
მაშინ, როცა GM-ის სხვა აღმასრულებლები ყურადღებას ამახვილებდნენ დიდებული მანქანების აწყობაზე, რომლებსაც ქუჩაში ისე უნდა ევლოთ, თითქოს ღრუბლებში ცურავენ, დელორეანს განსხვავებული გეგმები ჰქონდა. მას სპორტული მანქანების შექმნა სურდა, მანქანების, რომლებიც მოიცავდა ახალგაზრდულ კულტურას.
1961 წელს პიტ ესტესმა ჩაიბარა Pontiac-ის სადავეები და დელორეანი დივიზიის მთავარ ინჟინრად დაინიშნა. მან გამოიყენა შესაძლებლობა და მისმა საინჟინრო გუნდმა დიდი, 389 კუბური დუიმიანი V8 ძრავა გადააკეთა. შედეგად მიიღეს მანევრირებადი მანქანა, რომელსაც რბოლისთვის შესაფერისი სიმძლავრე და ბრუნვის ჭარბი რაოდენობა ჰქონდა. დელორეანმა მას Pontiac Tempest LeMans GTO უწოდა და ამით შექმნა ავტომობილების ახალი კატეგორია, რომელიც ცნობილი გახდა, როგორც muscle car. GTO პაკეტი მყისიერი დარტყმა იყო ბაზრისთვის. GM-მა გაყიდა 32,450 GTO წარმოების ძრავა პირველ წელს.
დელორეანის წინსვლა
1965 წელს დელორეანმა გაუსწრო რამდენიმე პერსპექტიულ ინჟინერს, რომელთაც უფრო მეტი სტაჟი ჰქონდათ და გახდა Pontiac-ის ყველაზე ახალგაზრდა გენერალური მენეჯერი 40 წლის ასაკში. ოთხი წლის შემდეგ იგი დასახელდა Chevrolet-ის ყველაზე ახალგაზრდა მენეჯერად. 1972 წელს კი დაინიშნა GM-ის ჩრდილოეთ ამერიკის მანქანებისა და სატვირთო მანქანების ოპერაციების ხელმძღვანელად.
ის იყო არა მხოლოდ ნიჭიერი ინჟინერი, არამედ სტრატეგიული მარკეტერიც. მას ესმოდა ის, რაც სხვა საავტომობილო ინდუსტრიის აღმასრულებლებს ჯერ არ ჰქონდათ გააზრებული – ის უსწრებდა დროსა და ტენდენციებს.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი