ახალი წლის სამზადისი უამრავი ადამიანისთვის John Lewis-ის რეკლამასთან ერთად იწყება ხოლმე. ეს ისეთივე ტრადიციად იქცა, როგორც საახალწლო ნაძვის ხისა და საჩუქრების შერჩევა, განათებების ჩართვა და სხვა. მაინც, რა არის ამ ვიდეორგოლებში ისეთი, რაც ადამიანების გონებაში ბრენდის შესახებ ტოვებს კვალს და უბიძგებს თანხა სწორედ მის მაღაზიებში ხარჯონ?
John Lewis საახალწლო სარეკლამო კამპანიებს დიდი ხნის განმავლობაში აწარმოებდა. თუმცა, მისი რეკლამები ბოლო წლებში გახდა განსაკუთრებით შესამჩნევი. ადრე ბრენდის შეთავაზებები მეტისმეტად მატერიალისტური იყო. პროცესი შეძენაზე ამახვილებდა ყურადღებას. John Lewis-ის რეკლამა კონვეირივით მუშაობდა, სიასავით გამოჰქონდა ნივთები, რომელთა შეძენაც იმ დროისთვის შეეძლოთ მომხმარებლებს.
ყველაფერი შეიცვალა მას შემდეგ, რაც ბრენდმა ამბის თხრობას მიმართა. მოულოდნელად, პროდუქტზე ორიენტირებული ვიდეორგოლების ნაცვლად, ყურადღების ცენტრში მოექცა მიდგომა: „კომფორტულად სხედხართ? ნება მოგვეცით, გიამბოთ იმ ადამიანების შეგრძნებებზე, ვისაც საჩუქარს უკეთებთ“…
ამბის თხრობამ გაამართლა და John Lewis-მა მართლაც მიიპყრო საზოგადოების ყურადღება, მათში წარმოსახვის გაძლიერებით. მის ვიდეორგოლებში გაეცნობოდით გულთბილ ამბებს პინგვინთან მოთამაშე პატარა ბიჭზე, რომელიც შემდეგ, სათამაშოდ გადაიქცა, თოვლის კაცზე, რომელიც მეუღლისთვის იდეალური საჩუქრის საძებნელად ქვეყნის დასალიერში გაემგზავრა, ტყის არსებებს, რომლებიც ბაღში იპარებიან სათამაშოდ, ცეცხლისმფრქვეველ დრაკონს, რომელსაც მეგობრები არ ჰყავს…
John Lewis-ის რეკლამები მედიისა და ონლაინ სივრცის სასაუბრო თემა გახდა. მათი სათამაშოები, რომლებიც რეკლამის გმირები არიან, ბესთ-სელერებად იქცა. ვიდეორგოლების მუსიკალურმა გაფორმებამ ჩარტებში მოწინავე ადგილები დაიკავა. თავად ბრენდი კი, თავისი საახალწლო კამპანიით, ყოველთვის საშობაო განწყობასთან ასოცირდება.
მეტიც, John Lewis-ის ეს მიდგომა სხვა ბრენდებისთვისაც სამაგალითო გახდა. მათაც დაიწყეს საახალწლო განწყობის სარეკლამო ვიდეორგოლებში გადმოტანა, უფრო შინაარსიანი ამბების თხრობა, რითაც მომხმარებელთან ურთიერთკავშირის გამყარებას ცდილობენ.
რუბრიკის “ყავასთან საკითხავი” წარმდგენია Dunkin’.