in

“კანის ოქროს ლომი” და 40 წლიანი გამოცდილება! – ჯონ პალანტი თბილისს ეწვია

ჯონ პალანტი საერთაშორისო კრეატიული კონსულტანტია, რომელსაც სარეკლამო სფეროში, არაერთი ჯილდო აქვს მოგებული, მათ შორის კანის ოქროს ლომი, D&AD Black, Yellow Pencils და სხვა. საერთაშორისო სააგენტოში Saatchi & Saatchi, კოპირაიტერობიდან დაწყებული, ევროპის რეგიონული კრეატიული დირექტორობით დამთავრებული, მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ, მან საკუთარი საკონსულტაციო კომპანია Brouhaha დააარსა. საერთო ჯამში, ჯონ პალანტის გამოცდილება სარეკლამო ინდუსტრიაში 40 წელს მოითვლის. თბილისში “დინამიური კრეატიულობის” ვორკშოპით Saatchi&Saatchi-ს გუნდს ეწვია. როგორ მოხვდა ფსიქოლოგიიდან სარეკლამო ინდუსტრიაში და რას ფიქრობს კრეატივის განვითარებაზე? ჯონ პალანტმა მარკეტერის კითხვებს უპასუხა.

BOG
BOG

M: მცირედი თქვენ შესახებ. როგორ აღმოაჩინეთ კრეატივი საკუთარ თავში, ეს ბავშვობის ჩვეულებებმა გიკარნახათ თუ სხვა ფაქტორებმა განაპირობეს?

არ ვთვლი, რომ სხვა ბავშვებზე უფრო ნიჭიერი ან კრეატიული ვიყავი. შედარებით მოზრდილ ასაკში, მიზიდავდა ხატვა, ვხატავდი და ვუშვებდი კომიქსებს, სადაც სუპერგმირების შესახებ მქონდა გაკეთებული ჩანახატები. თუმცა, ამ ყველაფერზე არ ვიყავი კონცენტრირებული, პროფესიული თვალსაზრისით, რადგან შემდგომ, უნივერსიტეტში, ფსიქოლოგიის მიმართულებით გავაგრძელე სწავლა.

სარეკლამო სფეროთი სრულიად შემთხვევით დავინტერესდი. სწავლის პერიოდში, ბიბლიოთეკაში ფსიქოლოგიაზე მასალას ვეძებდი და რეკლამის შესახებ წავაწყდი წიგნს. ძალიან სახალისო იყო, საინტერესო და გამიტაცა. იმ პერიოდიდან დავიწყე ფიქრი, როგორ მოვხვედრილიყავი ამ ინდუსტრიაში.

M: რა იყო თქვენი პირველი სამსახური? რა გავლენა იქონია პირველმა სამსახურმა თქვენს კარიერაზე?

ძალიან გამიმართლა, რომ პირველი სამსახური ლონდონის ერთ-ერთ საუკეთესო სააგენტოში დავიწყე. მყავდა პროფესიონალი კრეატიული დირექტორი, რომელმაც დიდ ბრიფებზე მუშაობის საშუალება მომცა. ეს საკმაოდ სტრესული სამუშაო იყო. თანაც, ამ სააგენტოს არაერთი ჯილდო ჰქონდა მოგებული. რაღაცნაირად, მოვახერხე და მოვიპოვე ერთ-ერთი ჯილდო. აქედან დაიწყო ჩემი კარიერა.

M: გვიამბეთ საქართველოში თქვენი ვიზიტის შესახებ…

როგორც დამოუკიდებელი კონსულტანტი, კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლებს ხშირად ვუტარებ ვორკშოპებს დინამიურ კრეატიულობაზე. შეხვედრებზე ვსწავლობთ, როგორ გავხდეთ უფრო პროდუქტიული. კრეატივი ისეთი სფეროა, რომელსაც შთაგონება სჭირდება, შეიძლება ყოველთვის სწრაფად არ მოგივიდეს ძალიან მაგარი იდეა. ვსწავლობთ, როგორ მივუდგეთ ამ საკითხს გონივრულად და როგორ ავაჩქაროთ სამუშაო პროცესი, როგორ მივიღოთ უფრო მალე უკეთესი შედეგი.

M: როგორც არაერთი კრეატიული ჯილდოს მფლობელი, რა აზრის ხართ კრეატიული ფესტივალების შესახებ? რამდენად მნიშვნელოვანია სააგენტოსთვის კრეატიულ ფესტივალებზე მონაწილეობა?

ჩემი აზრით, კრეატიულ ფესტივალებს დიდი როლი აქვთ კრეატორების განვითარებაში. ფესტივალზე, ინდუსტრიის წარმომადგენლები ეცნობიან ერთმანეთს, წარადგენენ საკუთარ ნამუშევრებს, იმსახურებენ აღიარებას… ვფიქრობ, ეს აძლევს შემოქმედებით ადამიანს მოტივაციას, რომ უფრო მეტად ეცადოს. მახსოვს, როდესაც პირველად დავესწარი D&AD ფესტივალს ლონდონში, ამან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და მომცა ძალა, მეორე დილას ადრე ავმდგარიყავი და ენთუზიაზმით შევდგომოდი საქმეს.

M: წიგნები, რომლებსაც ურჩევდით კრეატორებს…

ჩემს კარიერაზე ორმა კრეატიულმა დირექტორმა იქონია ყველაზე დიდი გავლენა. დეივ ტროტი და პოლ არდენი. მათ რამდენიმე საინტერესო წიგნიც აქვთ გამოცემული. დეივ ტროტი ყოველკვირეულ ბლოგსაც აწარმოებს, სადაც ყვება კრეატიულ ფესტივალებზე, განიხილავს საუკეთესო ნამუშევრებს და ა.შ.

M: დღესდღეობით, რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა კრეატიული ინდუსტრიისთვის და როგორ შეიძლება მისი გადალახვა?

ალბათ, ეს მაინც დამოკიდებულია იმაზე, სად მუშაობ. დინამიური კრეატივი არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ასევე, მნიშვნელოვანია, კოლაბორაციისთვის იყოს შესაბამისი პირობები, სხვადასხვა პროფილის კრეატორები, თუნდაც მედიის წარმომადგენლები რომ ერთად კარგად და ეფექტურად მუშაობდნენ.

M: რას გვირჩევთ, როგორ დავრჩეთ კრეატიულები?

ენერგია და ინტერესი დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ კრეატიული ტონუსი. თვალი ადევნეთ, რა ხდება ინდუსტრიის შიგნით და გარეთ. უყურეთ ფილმებს, იკითხეთ წიგნები.

თბილისში მსოფლიო ჩემპიონატის საგულშემატკივრო Fan Area გაიხსნა

ქართველების #აზრები ამერიკიდან – რა ფერია ამერიკა?