ამბის თხრობას მრავალგვარი სახე და გამოხატულება აქვს — იქნება ეს სიტყვიერად, წერით, ხატვით თუ კამერით… სხვა დანარჩენებისგან განსხვავებით, ფოტოგრაფია უფრო რეალისტურად ასახავს ყველაფერს. ასეა ჯონ სტენმაიერის შემთხვევაშიც, National Geographic-ის მკვლევრის, უამრავი ჯილდოს მფლობელი ფოტოგრაფის, რომელმაც მთელი თავისი შემოქმედებითი ცხოვრება მიუძღვნა გარემოსდაცვით, სოციალურ და ჰუმანიტარულ საკითხებზე ზრუნვას მიუძღვნა.
ახლა კი, ვიზუალური ამბის თხრობის პლატფორმა „მუზეოგრაფის“ ორგანიზებით, ჯონ სტენმაიერის გამოფენა „გამოღვიძება“ მომაში ქოლგა თბილისი ფოტოს ფარგლებში გაიხსნა და 30 ივნისამდე გრძელდება. გამოფენა ჩვენი დროის კრიტიკულ სინამდვილეს ასახავს – ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში დედამიწის გარშემო მიმდინარე უმნიშვნელოვანეს ჰუმანიტარულ საკითხებს, როგორებიცაა კლიმატის ცვლილება, გარემოს დეგრადაცია, სოციალურ-ეკონომიკური უთანასწორობა.
გამოფენაზე წარმოდგენილია 40-ზე მეტი ფოტო ინდივიდუალური ისტორიით. ამ ამბების საშუალებით, ჯონი გვაცნობს და გვიყვება კაცობრიობის კოლექტიურ ისტორიებს — ამბებს, რომლებიც ჩვენ ყველას გვეკუთვნის. გამოფენის მიზანია, დაგვაფიქროს ანთროპოგენურ ეპოქაზე; რა გავლენა აქვს ადამიანს დედამიწის სისტემებზე; ასევე, კაცობრიობისა და კულტურების ღრმა ურთიერთკავშირებზე აკეთებს აქცენტს.
როგორც Design Institute-თან ინტერვიუში აღნიშნავს სტენმაიერი, მისთვის არ არსებობს ერთი მეორეზე მნიშვნელოვანი პროექტი. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი შეიძლება დროის გარკვეულ მომენტში უფრო აქტუალური თემის გარშემო ტრიალებდეს — ომისა და კონფლიქტის, მიგრაცია, გარემოს დეგრადაცია, ნიადაგის განადგურება, ფსიქიკური ჯანმრთელობა, სტიგმატიზებული დაავადებები, ტრეფიკინგი, სიღარიბე, დაპირისპირებები და ა. შ. „თითოეული მათგანი უფრო დიდი იდეის გამაერთიანებელი ქსოვილია.. ცნობიერების ნაკლებობა ან იმის თქმა, რომ „ეს ჩემთვის ნაცნობი თემა არაა“, ჩვენი კოლექტიური აღქმის მცდარი ინტერპრეტაციაა, რომელმაც არ იცის საზღვრები, არ ვიცის ენა და არ აკავშირებს არცერთ კულტურას ან ადგილს ერთმანეთთან. რეალურად, ყველა ამბავი ახლანდელ მომენტს ეხმიანება. ამბები მუდმივად მეორდება. აწმყო დრო და მომენტი მთელი ჩვენი კოლექტიური არაცნობიერის ჯამია. ხოლო ამბების მოყოლა, ან მათი განმეორებით მოყოლა აწმყოს მნიშვნელოვანი კომპონენტია“.
თითქმის 20 წელია, ჯონი ჟურნალ National Geographic-თან თანამშრომლობს — მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კი 23-ზე მეტ ამბავზე უმუშავია, 14 ფოტო ჟურნალის გარეკანზეც კი მოხვდა. მის ნამუშევრებს განსაკუთრებულად აქცევს უნარი, მხატვრულობა და დოკუმენტური სიზუსტე ერთმანეთს შეუთავსოს. თითოეული „გაყინული“ კადრის მიღმა კი სხვადასხვა ამბავი იკითხება… აქ სიტყვები და ნარატიული თხრობა სრულიად ზედმეტია, თავად კამერის ობიექტივში მოქცეული ელემენტები გადმოსცემს სათქმელს. და მიუხედავად იმისა, რომ სტენმაიერი ყოველ ჯერზე ტრაგიკულ თემებზე კონცენტრირდება, შემზარავი განწყობის შემოტანის ნაცვლად, ფოტოებში მაინც სიმშვიდის ბალანსია დაცული.
„პროექტი ან ამბავი ცნობისმოყვარეობით იწყება. კერძოდ, ორი ძალიან მარტივი კითხვით — რატომ ან როგორ. იმის შემდეგ, რაც ამ ორ კითხვაზე სათანადოდ ვიფიქრებთ, არანაკლებ მნიშვნელოვანი ეტაპია „არ ვიცი“ მდგომარეობაში შესვლა, რაც გვიყალიბებს უფრო ინტენსიურ შეგრძნებებს და მოტივაციას, რომ ვეძიოთ „შიგნით“, შევიგრძნოთ და დავინახოთ, თუ როგორ უნდა მოვყვეთ ამბავი ფოტოგრაფიის, ვიდეოსა და ხმის საშუალებით; როგორ გამოვიყენოთ კომუნიკაციის ყველა შესაძლო ელემენტი ამბის ეფექტურად თხრობაში“, — აღნიშნავს ჯონ სტენმაიერი Design Institute-თან ინტერვიუში.
საგულისხმოა, რომ ჯონი 10 წლის განმავლობაში ჟურნალ Time-ის კონტრაქტორი ფოტოგრაფი იყო, სადაც მისი 18 ფოტო დაიბეჭდა ჟურნალის ყდაზე. 2001 წელს ჯონმა მსოფლიოს ექვს წამყვან ფოტოჟურნალისტთან ერთად დააარსა ფოტო სააგენტო VII და მისი ემერიტუსია.
ამასთანავე, Ripple Effects Images-ის წევრია, არტისტებისა და სთორითელერების კოლექტივის, რომელიც მუშაობს თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების საკითხებზე.
გამოფენის კურატორი ანა დავარაშვილია — „გამოღვიძებას“ მომა თბილისში 30 ივნისამდე შეგიძლიათ ესტუმროთ.
პროექტი დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ.