in

Johnnie Walker-მა „მსოფლიოში ყველაზე მსუბუქი ვისკის ბოთლი“ წარადგინა

გაიცანით Johnnie Walker Blue Label Ultra, რომელიც London Design Festival-ზე Johnnie Walker-მა წარადგინა, როგორც მსოფლიოში ყველაზე მსუბუქი ვისკის ბოთლი. საცობის გარეშე წონა 180 გრამს უდრის. თუმცა ამას წინ 5-წლიანი კვლევისა და განვითარების ფაზა უძღოდა, რაც მოიცავს შუშის მწარმოებლებთან კოლაბორაციებს, რათა ხელახლა შემოეთავაზებინათ ბოთლის დამზადების პროცესი. ეს იმას ნიშნავდა, რომ Johnnie Walker-ის საკულტო ოთხკუთხედი ფორმაც უნდა მიეტოვებინათ და ასეც მოიქცნენ — არჩევანი წვეთის ფორმაზე შეაჩერეს, რაც კვლავ ეხმიანება ბრენდისთვის დამახასიათებელ სილუეტს. 

BOG
BOG

რედიზაინი არც ისე მარტივი ყოფილა. თითოეული ბოთლი ხელით დამზადებას მოითხოვდა, ამასთან, მრგვალი ძირისთვის სპეციალური სადგამის გაკეთება იყო საჭირო, რათა ბოთლების წარმოებისა თუ ტრანსპორტირების დროს შეფერხებები არ შექმნილიყო… 

საქმე კი გაირთულეს, მაგრამ ეს მიზნით შეგვიძლია გავამართლოთ — Johnnie Walker-ის მშობელი კომპანიის Diageo-ს Spirit of Progress-ის მდგრადობის გეგმა ნახშირბადის ემისიების შემცირებას მოიცავს, რაც, თავის მხრივ, შეფუთვისას ნაკლები შუშის გამოყენებას მოიაზრებს. 

Diageo-ს დიზაინის ხელმძღვანელი ჯერემი ლინდლი კი გვეუბნება, რომ მათი შთაგონება სხვა მდიდრული სექტორები იყო, მაგალითისთვის სათვალის მწარმოებელი კომპანიები, რომლებიც ბრუნვად მეთოდს მიმართავენ და უფრო მსუბუქ პროდუქტებსაც გვთავაზობენ. 

რაღა თქმა უნდა, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ მსუბუქ ბოთლში შესანიშნავი ვისკია ჩამოსხმული, რომელიც ოსტატმა ემა უოკერმა შეიმუშავა — გვთავაზობს ვისკებს ისეთი ცნობილი დისტილერებიდან, როგორებიცაა Oban, Brora და Royal Lochnagar. რაც შეეხება უშუალოდ გემოს, რეცეპტორებს წითელი კენკრის, ტკბილი ვანილის, ხის სანელებლებისა და კვამლის გასინჯვას სთავაზობენ.

ოღონდ მხოლოდ 888 ცალს დაამზადებენ, რომელთაგანაც კიდევ უფრო მცირე ნაწილს გლობალურ ბაზარს 2025 წელს შესთავაზებენ. ფასი, ამჟამინდელი მონაცემებით, 1315 დოლარია. 

თუმცა Johnnie Walker-ის ძალისხმევა ამ ბოთლებით არ მთავრდება. კომპანია გეგმავს, პროექტის მიგნებები სხვა ინიციატივებისთვისაც გამოიყენოს და, ამასთან, მსუბუქი წონის საიდუმლოებები უფრო ფართო ინდუსტრიას გაუზიაროს.

ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს აღმოჩენებს პოზიტიური გავლენა ექნება ინდუსტრიაზე და დაგვეხმარება ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში უფრო მსუბუქი, დაბალი ნახშირბადის მქონე შეფუთვებისთვის, — აცხადებს ლინდლი.

რა შემთხვევაშია ლოიალობის პროგრამა წარუმატებელი?

“ხუთშაბათის შეხვედრების” ახალი სეზონის პირველი თემა ინფლუენსერებისა და ბრენდების ურთიერთობა იქნება