in

14 წლიდან ბიზნესში, გლობალური ბრენდის ჩამოსაყალიბებლად!

ვისკის ისტორია ასობით წელიწადს მოიცავს. ალკოჰოლის გამოხდის პრაქტიკა ევროპაში ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში შემოვიდა, თუმცა შოტლანდიაში, ვისკის სამშობლოში, დისტილერიის ნიშნები მე-15 საუკუნიდან შეიმჩნევა. სამეფო კარის ჩანაწერები მოწმობს, რომ აქ ვისკის aqua vitae-ს უწოდებდნენ, რაც ლათინურიდან რომ ვთარგმნოთ, სიცოცხლის წყალს ნიშნავს. 

istoriebi
istoriebi

მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა. ვისკი მსოფლიოში აღიარებულ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სასმელად იქცა, რომელიც მდიდრულ შეხვედრებთან, სალონურ საუბრებთან ან უბრალოდ ბარში თავშესაქცევად მისულ ადამიანებთან ასოცირდება. ბევრი ცნობილი სახელწოდების ვისკიც გამოჩნდა, რომელთა შორისაც ერთ-ერთი გამორჩეული სახელია JOHNNIE WALKER – შერეული ვისკი.

ის, ვის სახელსაც ბრენდი ატარებს

სანამ უშუალოდ ვისკის დაბადებაზე ვისაუბრებთ, ორიოდე სიტყვით მისი დამფუძნებლის შესახებაც გეტყვით. ლეგენდარული ჯონ უოკერი დაიბადა 1805 წლის 25 ივლისს ტოდრიგსის ფერმაში, კილმარნოკში, რომელიც შოტლანდიაში მდებარეობს. 1819 წელს ჯონის მამა გარდაიცვალა და ჯონს იმ საოჯახო მეურნეობის გაყიდვა მოუწია, სადაც თავისი ცხოვრების პირველი თოთხმეტი წელი გაატარა. 

საკულტო ბრენდის თავმდაბლური დაბადება

მართალია, ვისკის სლოგანი ასე ჟღერს – „1820 წელს დაბადებული, მაგრამ ისევ ძლიერი”, თუმცა რეალურად ერთი წლით ადრე, 14 წლის ჯონ უოკერმა პირველი ნაბიჯები გადადგა კომპანიის დაფუძნებისკენ, როდესაც მან ოჯახის ფერმა გაყიდა. მან საქმის პარალელურად დაიწყო ვაჭრობის შესწავლა და მალე შეძლო ბიზნესის აყვავება. 

მიღებული შემოსავლით უოკერმა გახსნა თავისი პირველი სასურსათო ბიზნესი კილმარნოკში, სადაც დაიწყო ვისკის დამზადება და გაყიდვა. მისი გარდაცვალებიდან 10 წლის შემდეგ, 1857 წელს, მისმა ვაჟმა, ალექსანდრემ წარმოადგინა Walker’s Old Highland Blend ვისკი. ეს იყო Red Label-ისა და Black Label-ის წინამორბედი, რომელიც შეიქმნა 1909 წელს.

ბრენდინგი

ალექსანდრე უოკერმა შემოიტანა 1860-იანი წლებისთვის უჩვეულო კვადრატული ბოთლი დახრილი ეტიკეტით, რომელიც 1908 წელს კარიკატურისტმა ტომ ბრაუნმა დახატა და სხვადასხვა ინკარნაციის მეშვეობით, დღემდე მთავარ ელემენტად რჩება ბრენდის გამოსახულებაში. 

ორი ცნობილი პროდუქტი

ალექსანდრეს შვილებმა 1909 წელს შემოიღეს JOHNNIE WALKER-ის ორი ყველაზე ცნობილი პროდუქტი: “Red Label” და “Black Label”. დაახლოებით იმავე პერიოდში შეიქმნა ახალი ვიზუალიც – მოსიარულე კაცის ორიგინალური ესკიზი და დაემატა ბოთლებს.

მარკეტინგული გათვლა

1950-იანი წლების შუა პერიოდში ჯონი უოკერმა დაიკავა თავისი ადგილი, როგორც მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადმა ვისკიმ. უნდა აღინიშნოს, რომ კომპანია მარკეტინგში სათანადო ინვესიტიციას ახორციელებდა, რის ხარჯზეც მისი სახელი კიდევ უფრო ბევრისთვის ხდებოდა ცნობილი. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ 100 მილიონი ფუნტის ღირებულების კამპანია „განაგრძე სიარული“.

ზრდა წარმატებისთვის

კომპანიამ განაგრძო ზრდა. მან დაამატა: ლურჯი, ორმაგი შავი, ოქროსფერი და პლატინის ლეიბლები. დღეს დიდი საერთაშორისო კომპანიის საკუთრებაში არსებული ბრენდების პორტფელს შორის, ვისკი კილმარნოკში აღარ იხდება და ორიგინალური ქარხანა დანგრეულია. თუმცა თავად Johnnie Walker-ს ყველგან იპოვით და შოტლანდიურ გემოს ყოველ ყლუპში შეიგრძნობთ. 

Johnnie Walker-ის ხაზს Blue Label დაემატა 1992 წელს. მისი სამეფო ვერსია, Blue Label King George V 2008 წელს შემოიღეს. 2011 წელს გამოვიდა Double Black, რასაც მოჰყვა Gold Label Reserve და Platinum Label ვარიანტები.

2015 წლის სექტემბერში Johnnie Walker-მა ყველაზე დიდი გლობალური მარკეტინგული კამპანია წარადგინა, რაც კი დღემდე გაუკეთებია. ის მომხმარებელთა ქცევის მრავალთვიან შეკვეთილ კვლევასა და ბრენდის ხანგრძლივ გზავნილს, „გააგრძელე სიარული“ ეფუძნება.

დღეს ეს ის ვისკია, რომელსაც ყველა ბარსა თუ ალკოჰოლის მაღაზიაში შეხვდებით. 14 წლის ჯონ უოკერის მიერ ჩაფიქრებული ბიზნესი უზარმაზარ საწარმოდ გადაიქცა, რომელიც ვისკიმოყვარულთა რჩეულ პოზიციებს იკავებს.

ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.

#დაძარი

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

„ჩვენ ყველანი თოჯინები ვართ და საკუთარი თავებით ვთამაშობთ“….

Audi-ს ლოგოს ცვლილებები პირველი დღიდან დღემდე