in

ჯონ როკფელერი – სიმდიდრის ამერიკელი სიმბოლო 

წარმატებული ადამიანების ისტორიებს თუ გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ მიზნის მისაღწევად, თითოეულმა, საკუთარი, სხვებისგან განსხვავებული გზა აირჩია. უმეტესობამ ნულიდან დაიწყო და ხშირად „ეკლიან“ გზაზე უწევდა სიარული. თუმცა, ზუსტად იცოდა, როგორ უნდა „ექცია ყოველი მარცხი შესაძლებლობად“. ეს ჯონ როკფელერის სიტყვებია, ადამიანის, რომელიც თავისი პიროვნული თვისებების წყალობით, პირველი ​ მილიარდერი გახდა, თანაც ისე, რომ ამ კაპიტალმა მისი სიკვდილის შემდეგაც გააგრძელა „სიცოცხლე“.

ჯონ-დევისონ როკფელერი

„იმუშავე და დაზოგე“ – ამ პრინციპით ზრდიდა როკფელერს პროტესტანტი დედა. ეს სიტყვები ჯონისთვის ბავშვობაში არ დარჩენილა, მან მთელი თავისი საქმიანობა ზუსტად ასე წარმართა. 1839 წელს ნიუ იორკის შტატში, ქალაქ რიჩფორდში დაბადებული მომავალი ბიზნესმენი პატარაობიდანვე გამოირჩეოდა ღრმა რწმენით. მისი წინაპრები ჰუგენოტები იყვნენ და საქმისადმი ყოველთვის დიდ პასუხისმგებლობას იჩენდნენ. პროტესტანტები, როგორც წესი, მოკრძალებულად ცხოვრობენ: ბევრს მუშაობენ, არასოდეს ფიქრობენ საკუთარ სიამოვნებაზე, არიან ხელმომჭირნეები და მთელ ცხოვრებას შრომაში ატარებენ. როკფელერსაც გამოჰყვა წინაპრების რელიგიური ჩვევები და საქმისადმი ზუსტად ასეთი მიდგომით გამოირჩეოდა. მისი აზრით, „თუკი თქვენი მიზანი მხოლოდ ის არის, რომ გახდეთ მდიდარი, თქვენ ამას ვერასდროს მიაღწევთ“. ბავშვობაშივე დაისახა ამბიციური მიზანი, მომავალში ჰქონოდა $100 000 დოლარი და ეცოცხლა 100 წელი.

სულ პირველად, როკფელერმა, მუშაობა, 1855 წლის 26 სექტემბერს, “Hewitt & Tuttle”-ში, ბუღალტრად დაიწყო. თავად ამბობდა, რომ ამ კომპანიაში გატარებულმა წლებმა დიდი გამოცდილება შესძინა და სამომავლო ბიზნეს გეგმების განხორციელება გაუმარტივა. მოგვიანებით დააარსა „შრომის დღე“, რომელსაც ყოველწლიურად, 26 სექტემბერს აღნიშნავდა – დღე, როდესაც პირველი სამსახური დაიწყო. როკფელერისთვის ეს თარიღი საკუთარ დაბადების დღეზე უფრო მნიშვნელოვანი იყო. ამბობდა, ჩემი მომავალი სწორედ ამ დღემ განსაზღვრაო.

ჯონ-დევისონ როკფელერი

ჯონ როკფელერის აღმავლობა საკუთარი ფირმის „Standard Oil Company“-ს დაარსებას უკავშირდება. ფაქტობრივად, ამ კომპანიით ააშენა „ნავთობის იმპერია“ და გახდა მსოფლიოში, იმ დროისთვის, ყველაზე მსხვილი ნავთობმწარმოებელი. ძალიან უნდოდა, კარგი და პასუხისმგებლობით სავსე თანამშრომლები ჰყოლოდა. ამიტომ, თავდაპირველად, ხელფასების მაგივრად, მათ აქციები დაურიგა. როკფელერის აზრით, თუ პერსონალი თავს კომპანიის ნაწილად იგრძნობდა, ბევრად უკეთესად იმუშავებდა.

ამერიკელმა ბიზნესმენმა, 1860 წელს ერთ-ერთ ახლადგახსნილ ნავთობის საბადოში დააბანდა კაპიტალი. საერთოდ, ცდილობდა, ქარხნების საუკეთესო ნაწილი ჩაეგდო ხელში და ეს მოახერხა კიდეც. მისი კომპანიის კომპეტენციაში უკვე შედიოდა როგორც ნავთობის მოპოვება, ისე – რეალიზაცია.

როკფელერმა ყოველთვის ზუსტად იცოდა, ვისთან დაეჭირა საქმე. ამიტომ, პირველ კომპანიონად სამუელ ენდრიუსი აირჩია, რომელიც კარგად ფლობდა ტექნიკისა და ნავთობის გადამუშავების საკითხებს. მათმა ერთობლივმა კომპანიამ “Rockefeller and Endrews” ორივეს საკმაო მოგება მოუტანა. თუმცა, საჭირო იყო უფრო მეტი კაპიტალი. ჯონმა „ჭკვიანური სვლა“ გააკეთა და გავლენიან ოჯახის შვილზე იქორწინა. შედეგად, ახალი კომპანიონები შეიძინა.

როკფელერს ეხმარებოდა საკუთარი ძმა უილიამიც, რომელიც ნიუ იორკში ნავთობპროდუქტებით ვაჭრობის ბიუროს ხელმძღვანელი გახდა. მალე, 1 000 000 დოლარის კაპიტალით შექმნეს “Standard Oil Company of Ohio”, რომელშიც 1000 მუშა იყო დასაქმებული. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას 100%-იანი მოგება ჰქონდა, როკფელერი კმაყოფილი მაინც არ იყო – სურდა, ბაზარზე ნავთობგადამამუშავებელ მრეწველობაში მონოპოლისტი გამხდარიყო. შესაბამისად, ცდილობდა, ყველა კონკურენტი ჩამოეშორებინა, რის გამოც, ამბობდნენ, რომ დიდ მაქინაციებზე მიდიოდა. ბრალს ხალხის გასულელებასა და მოტყუებაში სდებდნენ. საქმე იქამდე მივიდა, რომ პენსილვანიის ერთ-ერთ ქალაქში ნავთობის მეწარმეები შეიკრიბნენ და როკფელერის მიმართ დიდი პროტესტი გამოხატეს: კონკურენტების მოტყუების ბრალდებით, ჯონისა და მისი თანამოაზრეების მიერ შექმნილი კომპანიის – “South Improvement Company”-ს დახურვა მოითხოვეს. კომპანია მართლაც  დაიხურა, როკფელერის რეპუტაცია კი საკმაოდ შეილახა, თუმცა, ამგვარი შემთხვევებს ხელი არ შეუშლია, ნავთობის წარმოების ახალი მწვერვალები დაეპყრო. სასამართლო პროცესებიდან, ყოველთვის გამართლებული გამოდიოდა. ხშირად კომპანიის თანამშრომლებს აპატიმრებდნენ, მაგრამ პირადად მას ვერასოდეს დაუმტკიცეს წაყენებული ბრალი.

1878 წლისთვის „Standard Oil“-ის ხელში იყო, იმ დროისთვის არსებული, სანავთობო ფირმების, ნავთობის საწარმოებისა და ნავთობსადენების 95%. ნავთობით გაჯერებული პენსილვანიის მიწები მომგებიანი აღმოჩნდა. გამდიდრების შემდეგ, როკფელერი პენსილვანიიდან ოჯახით ნიუ იორკში გადავიდა და კომპანიის რეზიდენციაც აქ გადაიტანა. 1896 წელს კი, ფორმალურად წავიდა ბიზნესიდან, თუმცა, რეალურად კიდევ კარგა ხანს მართავდა თავის შექმნილ ნავთობის იმპერიას.

“Standard Oil Company”, 1911 წელი

აღსანიშნავია, რომ ნავთობს, ამ პერიოდში , მხოლოდ განათებისთვის იყენებდნენ. მისი მნიშვნელობა მას მერე უფრო გაიზარდა, რაც ბენზინზე მომუშავე ძრავები გამოიგონეს. როკფელერს გზა გაეხსნა მეტი სიმდიდრისკენ. მან საწარმოები შესაბამისად გადააკეთა და საბოლოოდ, თუ ნავთობმა იგი მილიონერი გახადა, ბენზინმა მილიარდერად აქცია.

ჯონ – დევისონ როკფელერის შექმნილი „ნავთობის იმპერიისთვის“, ისტორიაში ერთ-ერთ მნიშვნელოვანი, „შერმანის კანონის“  გამოსცეს. ამით კომპანია 34 მცირე ფირმად დაიშალა. ერთი შეხედვით, ბიზნესისთვის ეს დიდი დარტყმა უნდა ყოფილიყო, თუმცა, 34-ივე ნაწილის აქციებს თავად ფლობდა და, რეალურად, ამან ორმაგი მოგება მოუტანა. მისთვის ახალ წყაროდ იქცა ნიუ იორკში არსებული „National City Bank”, რომელსაც „როკფელერების ბანკირი“ – ჯეიმს სტილმენი მართავდა. საწარმოო კაპიტალს საფინანსო კაპიტალიც შეერწყა, რაც ბიზნესმენისთვის ძალიან მომგებიანი აღმოჩნდა. უნდა ითქვას, რომ 1917 წლისთვის როკფელერის ქონება აშშ-ს მშპ-ს 2.5%-ს შეადგენდა. 2007 წლის მონაცემებით კი (დოლარის კურსის გათვალისწინებით), $318 მილიარდად შეფასდა.

როკფელერის სამეწარმეო ბიზნესის წარმატებას 3 ფაქტორი განაპირობებდა: პირველი – კომერციული პრაქტიკა, ხშირად, მოგების რეინვესტირებას ახდენდა. მეორე – აწარმოებდა სამრეწველო დაზვერვას –  ყოველთვის იცოდა, რა გზებითა და საშუალებებით, რა ხარისხის პროდუქციას აწარმოებდნენ მისი კონკურენტები. მესამე – ფასების პოლიტიკა. ეს სტრატეგია კონკრეტულ რეგიონებში ფასების მინიმუმამდე დაწევას გულისხმობდა, ფაქტობრივად, სპობდა კონკურენტებს და მონოპოლისტი ხდებოდა, შემდეგ კი, სტაბილური მოგების შესანარჩუნებლად, ფასებს კვლავ ზრდიდა.

სიცოცხლის ბოლო წლებში, როკფელერმა გადაწყვიტა, შელახული რეპუტაცია აღედგინა და საქველმოქმედო საქმეებზე გადაერთო. წლები დასჭირდა, თავი კეთილ და გულისხმიერ პიროვნებად რომ წარმოეჩინა. ჯონმა ეს შეძლო – ამერიკელთა დიდი ნაწილის აზრი მართლაც შეიცვალა – მან ააშენა ჩიკაგოს უნივერსიტეტი, როკფელერის უნივერსიტეტი, სპელმანის კოლეჯი, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, სამედიცინო კვლევების როკფელერის ინსტიტუტი, მონასტრები, დააარსა როკფელერის ფონდი, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს. შემოსავლის 10%-ს იგი ყოველთვის მონასტერს ურიცხავდა. ერთი სიტყვით, სიცოცხლის მიწურულს, ნახევარ მილიარდამდე გასცა, დარჩენილი ქონება და საქმე კი უფროს ვაჟს გადააბარა.

1937 წელს ნავთობმაგნატი 97 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოცნება, ეცოცხლა 100 წელი ვერ აუსრულდა, თუმცა, $100 000-ზე ბევრად მეტი ქონება დააგროვა.

საინტერესო ფაქტი – როკფელერების ოჯახმა, 1930-იან წლებში, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, უინსტონ ჩერჩილს ჯონ როკფელერზე ბიოგრაფიული წიგნის დაწერა სთხოვა. ჩერჩილი კარგი მწერალი და ნობელის პრიზის მფლობელი იყო ლიტერატურაში, თუმცა, მან საამისოდ $250 000 დოლარი მოითხოვა, რაც თავად როკფელერებსაც კი ეძვირათ და, საბოლოოდ, სხვა ავტორი შეარჩიეს.

როკფელერების სახლი

ყველა ადამიანს აქვს ოცნება. თუმცა, მათი მასშტაბები განსხვავებულია. თუ როკფელერის ცხოვრებას თვალს გადავავლებთ, მივხვდებით, რომ მისთვის ზღვარი არ არსებობდა და ყოველთვის, თითქმის ყოველთვის, ახერხებდა იმის მიღებას, რაც სურდა. მუდმივად მოძრავი და ძალიან წარმატებული ადამიანები ხომ ყველაფერს ოცნებით იწყებენ.

„ოცნება უმთავრესია ცხოვრებაში. მთავარია, იოცნებოთ და გჯეროდეთ, რომ აგისრულდებათ. ადამიანი კვდომას მაშინ იწყებს, როცა ოცნებას წყვეტს ან საერთოდ არ ოცნებობს“, – ამბობდა ჯონი როკფელერი.

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

BMW-ს ახალი, თვითმავალი მოტოციკლის „ტესტ – დრაივი“ მიუნხენში

ვუპერი ძაღლებისთვის! – Burger King-ის ვიდეორგოლი