ივლისის ბოლო კვირა ბათუმში ტრადიციულად ჯაზური იქნება. 26-28 ივლისს, თავისი ენერგიულობითა, მუხტითა და ფანკით ცნობილი „შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი“ ჩატარდება. ამ ქალაქს განსაკუთრებით უხდება ეს ფესტივალი, რომელიც უკვე სავიზიტო ბარათადაც იქცა. წელს იგი უბრუნდება ტრადიციულ ლოკაციას და ჩოგბურთის კორტებზე ჩატარდება. 3 გამორჩეული, მსოფლიო დონის ჯაზ პროექტით და მრავალფეროვანი ხმაურით ფესტივალი სტუმრებს არამხოლოდ საქართველოდან, არამედ რეგიონიდანაც ელოდება.
27 ივლისს, ფესტივალის მეორე დღე გამორჩეულ დრამერს, ჯოჯო მაიერს დაეთმობა. შვეიცარიელი რიტმის ოსტატი, 2 ჯოხით ნამდვილ ჯადოქრად იქცევა ხოლმე. მისი მოგზაურობა მუსიკალურ სამყაროში ბავშვობიდან იწყება. მამა პროფესიონალი ბასისტი იყო, რომელმაც შვილს პატარაობიდანვე ჩაუნერგა მუსიკის სიყვარული. 2 წლის ასაკში იწყება მისი შეხება დრამთან, 6 წლიდან კი უკვე კონცერტებზე გამოდიოდა. სწორედ ამ დროს მოხდა იმის მანიფესტაცია, რომ მსოფლიო დრამინგის ოჯახს ახალი გენიოსი ეზრდებოდა.
ჯოჯოს პირველი წარმატება ჯაზისა და როკ მუსიკის სამყაროში ევროპის ფარგლებში მოხდა. ამ წლებში მან მოახერხა და მიიპყრო ჟანრის გამორჩეული ფიგურების ყურადღება, როგორიცაა დიზი ჯილესპი და ნინა სიმონე. 1990-იან წლებში კი მისმა ნიუ იორკში გადასვლამ სრული ტრანსფორმაცია მოახდინა – კონცერტებზე ცეცხლს ანთებდა და უბრალოდ ნიჭიერი მუსიკოსიდან, რევოლუციურ ხელოვანად ჩამოყალიბდა.
სწორედ აქ, ნიუ-იორკში დაიბადა მისი ახალი და ყველაზე გამორჩეული პროექტი – „Nerve”. ეს იყო ექსპერიმენტი, რომელიც ცოცხალი დრამინგის და ელექტრონული მუსიკის შეკავშირებას ცდილობდა და ამ მხრივ პიონერები იყვნენ. მაიერის დრამინგი ბენდის ფარგლებში ცილდებოდა ტრადიციულს საზღვრებს, ცდილობდა რომ მოეძებნა საერთო ენა ჯაზსა და Drum n Bass-ის მუსიკალურ სტილებს შორის. ამ დროს დრამი ხდება სინთეზატორი, რომელიც განმეორებითად იმეორებს პატერნებს, რაც ელექტრონულ მუსიკაში აპრობირებული ფორმულაა.
Nerve-ის გამოსვლები არამხოლოდ კონცერტები, არამედ გამორჩეული ღრმა გამოცდილებებია, სადაც მაიერის რიტმები რეალურ დროში გარდაიქმნება და ვითარდება როგორც DJ სეტი, ელექტრონული ბითების აკუსტიკურ დრამინგში გადასატანად, მისი ცნობილი ტექნიკა „შებრუნებული ინჟინერია“ ჯოჯოს გენიალობის კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტია.
მაიერი დრამინგის ტექნიკის და ინოვაციის კლასი და მაღალი თამასაა. მისი მოლერის მეთოდი მეთოდი გულისხმობს დაკვრისას ძალისა და სისწრაფის მაქსიმიზაციას, მინიმალური ძალისხმევის დახარჯვის გარეშე. ეს მეთოდი დღემდე აქტიურად გამოიყენება მთელ მსოფლიოში დრამერების მიერ. გარდა ტექნიკური სრულყოფისა, ჯოჯო ერთ-ერთი მთავარი განმანათლებელია უწყვეტი რიტმის სამყაროში. მან არაერთი DVD დისკი გამოსცა, რომლებიც არამხოლოდ დამწყები, არამედ უკვე პროფესიონალი დრამერებისთვისაც უმნიშვნელოვანესი რესურსია.
ჯოჯო მაიერი არამხოლოდ დრამერი, არამედ რიტმის ალქიმიკოსია, რომელსაც საკუთარი ხედვა და გავლენა გააჩნია მუსიკალურ სამყაროზე, მისი უნარი ერთმანეთს მარტივად შეუზაოს განსხვავებული ჟანრები და მაღალ სისწრაფეში მათემატიკური სიზუსტით დაუკრას ცოცხალ დრამზე შთამაგონებელია ყველა მუსიკოსისთვის. სწორედ ამიტომაც, მისი მემკვიდრეობა არამხოლოდ მის დაკრულ ბითებშია, არამედ იმ კარშიც, რომელიც მან მომავალი თაობებისთვის გახსნა.