in

Jok.GE-ს კამპანია – საჩუქრები მათ, ვინც თამაშისას ვირტუალურ პირბადეს მოირგებს

ჯერ კიდევ მაშინ, როცა არათუ ინტერნეტი, არამედ კომპიუტერიც კი იშვიათი ნივთი იყო, საქართველოში გამოჩნდა ონლაინ პლატფორმა, რომელზეც ჯოკერის თამაში იყო შესაძლებელი. Jok.GE 2008 წელს ეზეკი ზიბზიბაძემ შექმნა. მისი ინსპირაცია ის დისტანცია იყო, რომელიც ზაფხულის გასვლასთან და სოფლიდან წამოსვლის შემდეგ მასსა და მეგობრებს შორის იქმნებოდა ხოლმე. მან გადაწყვიტა, რომ ჯოკერი არამხოლოდ ზაფხულზე, არამედ ნებისმიერ დროს ვირტუალურად ეთამაშა მეგობრებთან ერთად და სულ მალე ეს შესაძლებლობა ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადა.

2020 წელს, პანდემიიდან გამომდინარე ის დრო დადგა, როცა ვირტუალური თამაშები კიდევ უფრო მოთხოვნადი გახდა – შესაბამისადვე გაიზარდა Jok.GE-ს მომხმარებელთა რიცხვიც. აღნიშნულმა პლატფორმამ კი გადაწყვიტა, პანდემიისთვის თავისებურად ეპასუხა, ამ პროცესში საკუთარი სასარგებლო წვლილი შეეტანა და მომხმარებლებში პირბადის ტარების კულტურა ვირტუალურადაც კი დაენერგა.

აღნიშნული პლატფორმის, მათი მომხმარებლებისა და ახალი კამპანიის შესახებ პლატფორმის წარმომადგენელს, ეზეკი ზიბზიბაძეს გავესაუბრეთ:

M: როგორ შეიქმნა Jok.GE და რა იყო თავდაპირველი მიზანი?

იდეა დაიბადა მაშინ, როდესაც სოფელში ზაფხულობით მეგობრები ვიკრიბებოდით და ვთამაშობდით ჯოკერს, ხოლო შემოდგომის დადგომასთან ერთად, მეგობრები საზღვარგარეთ მიდიოდნენ და ვეღარ ვარხერხებდით ჯოკერის თამაშს შემდეგ წლამდე.

ასე შეიქმნა Jok.GE-ს პირველი ვერსია და განვითარებაც დაიწყო. განვითარებასთან ერთად, მიზანიც ყოველთვის იცვლებოდა. მეგობრებთან თამაშის სურვილი რომ დავაკმაყოფილეთ, უცხო ადამიანებთან თამაში მოგვინდა; ასე გახდა 2008 წელს ჯოკერი ყველასათვის ხელმისაწვდომი. მაშინ საქართველოში ონლაინ თამაშები გავრცელებული არ იყო და აღმოჩნდა ისიც, რომ ჩემ გარდა, ბევრ სხვა ადამიანსაც ჩემნაირი სენტიმენტი ჰქონდა ამ თამაშის მიმართ. ალბათ, მაგიტომაც, მალევე მოიპოვა პოპულარობა.

დღეს უკვე ვცდილობთ, უფრო და უფრო საინტერესო გავხადოთ თამაშის პროცესი, სამომავლო მიზანი კი საერთაშორისო ბაზარზე გასვლა, ჯოკერის სხვადასხვა ქვეყანაში პოპულარიზაცია და მისი საერთაშორისო დონის eSports თამაშად ქცევაა.

M: როგორ შემოიკრიბეთ ჯოკრის ონლაინ მოთამაშეები და რით გახდა მიმზიდველი მათთვის თქვენი პლატფორმა?

მას შემდეგ, რაც სამეგობრო წრეს გავცდით და ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა ონლაინ ჯოკერი, აღმოვაჩინეთ, რომ ადამიანები სხვადასხვანაირად თამაშობდნენ მას. წესებიც და ზოგჯერ თამაშის პრინციპიც, შეიძლება უმნიშვნელო, მაგრამ საინტერესო დეტალებით განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. ბევრი ვიკვლიეთ და გვგონია, ეს მრავალფეროვანი გამოცდილება საინტერესოდ გავაერთიანეთ და დავნერგეთ ჩვენს პლატფორმაზე.

ამის გარდა, გამომდინარე იქიდან, რომ ტექნოლოგიების შესაძლებლობები და შესაბამისად – მოთხოვნები ამ ტექნოლოგიების მიმართ ყოველდღე იზრდება, ჩვენც ვცდილობთ, ეს შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვიყენოთ და მოთამაშეებისთვის გამოცდილება უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გავხადოთ. ჩვენს დღევანდელ მომხარებელს უყვარს ჯოკრის
თამაში, ჩვენი მიზანია – მათ ვირტუალურ სივრცეში თამაში შევაყვაროთ. Jok.GE – ზე მომხმარებელს პერსონალიზებული ავატარი შეუძლია შექმნას; ჩააცვას მას და მოარგოს სხვადასხვა აქსესუარი, არჩევანი ყოველთვიურად უფრო და უფრო მრავალფეროვანი ხდება. ვატარებთ ტურნირებს, დავნერგეთ სარეიტინგო სისტემა, პირველებმა შევთავაზეთ მოთამაშეებს ჯოკერის Anti-Cheat და პარაში თამაში. ყოველთვის ვუსმენთ მომხარებელს და ვცდილობთ მათი შენიშვნები და რჩევები მაქსიმალურად გავითვალისწინოთ. ვფიქრობთ, რომ ყველაფერ ამის გამო გახდა ონლაინ ჯოკერი მიმზიდველი ბევრი ადამიანისთვის .

M: გვიამბეთ კამპანიაზე – როგორ გამოიყენეთ საკუთარი პლატფორმა პანდემიასთან ბრძოლაში? რა იყო ამ ყველაფრის მიზანი?

2020 წელი ყველასთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა. მიშვნელოვანია, გავიაზროთ ის საფრთხეები, რაც ვირუსს ახლავს თან და მაქსიმალურად დავიცვათ წესები. პანდემიის გამო, Jok.GE – ის მომხმარებელთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა და სურვილთან ერთად, სწორედ ამან გაგვიჩინა შესაძლებლობა, რაღაც ფორმით, საკუთარი წვლილი შეგვეტანა კოვიდთან ბრძოლის პროცესში.

საზოგადოების ნაწილს ჯერ ხომ ვირუსის არსებობის არ სჯერა და კიდევ უფრო მეტს – იმის, რომ პირბადის ტარებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. რეალურ სამყაროში ჩვენი შესაძლებლობები შეზღუდულია; სამაგიეროდ, Jok.GE – ის პლატფორმის დახმარებით შეგვიძლია და ვცდილობთ, ცნობიერების გაზრდაში მივიღოთ მონაწილეობა.

გარდა იმისა, რომ NCDC – ის რეკომენდაციას სათამაშო მაგიდასთანაც ვიცავთ და მოთამაშეებს შორის დისტანცია 2 მეტრია; (მერე რა, რომ ვირტუალურ სივრცეში ყველა ვირუსი ვრცელდება, გარდა კოვიდისა) ასევე – ის მომხმარებელი, რომელიც თამაშის დროს ვირტუალურ პირბადეს გაიკეთებს, ტოკენებითაც დასაჩუქრდება. ტოკენი სათამაშო ვალუტაა, რომლის საშუალებითაც მოთამაშეები ტურნირებში იღებენ მონაწილეობას, საჩუქრებს ყიდულობენ და ა.შ; ამავე ვალუტითვე შეუძლიათ მათ სხვა მომხარებელს აჩუქონ ვირტუალური პირბადეები. ჩვენი მიზანია, აქტიური მომხმარებლების 90 % – მა ატაროს ვირტუალური პირბადე, რის შემდეგაც, თითოეული მათგანი დამატებით დასაჩუქრდება, ყოველდღიურად.

ცნობიერების გაზრდასთან ერთად, კამპანიის მიზანი ისიცაა, რომ მოთამაშეებს ჩვევა ჩამოუყალიბდეთ – ისინი ახლა ონლაინ სივრცეში ატარებენ პირბადეს, მოუწოდებენ და საჩუქრად უგზავნიან სხვებს. ვირტუალურ სივრცეში გაჩენილი ჩვევა კი ხელს შეუწყობს მის ყოველდღიურობაში გადმოტანას.

M: როგორ მიიღო მომხმარებელმა სიახლე?

კამპანია ერთი კვირის წინ დავიწყეთ და იმ მომენტისთვის მოთამაშეების 2.9% ატარებდა პირბადეს; დღეს ეს მაჩვენებელი 34% – ზე მეტია და თან ყოველდღიურად უმჯობესდება.

მომხარებლები სხვადასხვა საკომუნიკაციო არხის საშუალებით, კამპანიის მიმართ კეთილგანწყობასთან ერთად, ახალ იდეებსაც გვიზიარებენ. ჩვენ ყველა ამ იდეას ვისმენთ და ვფიქრობთ, როგორ შეიძლება მათი პლატფორმაზე ინტეგრაცია.

M: როგორ შეაფასებდით კამპანიის შედეგებს? 

კამპანიის შედეგის შეფასება, ვფიქრობთ, ჯერ ადრეა; თუმცა, ის ფაქტი, რომ მომხმარებელთა საკმაოდ დიდი ნაწილი იღებს მასში მონაწილეობას, უკვე იმედის მომცემია. და თუკი მათგან ერთი მაინც, რეალურ ცხოვრებაში სკეპტიკურად უყურებდა ან საერთოდ არ იყენებდა პირბადეს და ამ კამპანიის გამო, მას დამოკიდებულება შეეცვალა, ჩავთვლით, რომ შედეგი დადგა და ჩვენმა ინიციატივამ გაამართლა.

აქვე, პატარა საჩუქარი გვაქვს მარკეტერის მკითხველებისთვის – პირბადეების Pack, სრულიად უფასოდ შეუძლიათ მიიღონ ლინკზე – Jok.GE.

ვირუსი, სამწუხაროდ, ჯერ ისევ აქტიურია; თუმცა, საერთო ძალისხმევით, ვფიქრობ, მალე შევძლებთ მის დამარცხებას!

გილოცავთ 2021 წელს! მშვიდობიან, წარმატებულ წელს გისურვებთ და ჩვენი მომხმარებლების უსაფრთხო გართობაზე ამ წლიდან ორმაგი ენერგიით ვიწყებთ ზრუნვას

[R]

Protected: როგორ სამუშაო გარემოს ქმნის საქართველოში ამერიკული კომპანია Universal Transit? (Open list) (0 submissions)

რა ხდებოდა წლის მთავარ ტექნოლოგიურ ღონისძიების, CES-ის პირველ დღეს