სულ ცოტა ხნის წინ, Young Lions Georgia 2024-ის დაჯილდოებაზე, საქართველოს იორგ რიომი ეწვია, რომელიც წლების განმავლობაში Publicis Groupe-ს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის (CEE) მთავარი კრეატიული დირექტორი იყო. მის ანგარიშზე 300-ზე მეტი საერთაშორისო ჯილდოა, მათ შორის არაერთი გრან პრი და ოქრო ყველა გამორჩეულ სარეკლამო ფესტივალზე, როგორიცაა D&AD, Cannes Lions, One Show, Clio, LIA, Eurobest, Golden Drum, ADC. ის განსაკუთრებით ამაყობს D&AD-ზე მოპოვებული Black Pencil-ით.
სწორედ იორგ რიომის გუნდმა იმუშავა Burger King-ის ლეგენდარულ Moldy Whopper-ის კამპანიაზე. იტალიურ-გერმანული წარმოშობის კრეატიული ხელმძღვანელი, რომელიც ჯგუფში შემავალი სააგენტოების კრეატიულ შედეგებს ხელმძღვანელობდა 14 ბაზარზე, ახლა საკუთარ სააგენტოს Ain’t ჩაუდგა სათავეში.
იორგ რიომი Young Lions Georgia 2024-ზე PR-ის კატეგორიის ჟიურის ხელმძღვანელობდა. ახლა კი ჩვენთან ერთად მიმოიხილავს კანის ახალგაზრდული ფესტივალის წლევანდელ შიდაშესარჩევ კონკურსს და საინტერესო მოსაზრებებსაც გვიზიარებს.
M: პირველ რიგში, დავიწყოთ კანის ახალგაზრდული ჩემპიონატით. როგორ შეაფასებდით Young Lions Georgia 2024-სა და მასში მონაწილე გუნდების ნამუშევრებს?
ძალიან საინტერესო იყო ამ ღონისძიებაზე აღმოჩენა და ჟიურის ამ შემადგენლობასთან ერთად მუშაობა. ინდუსტრია ნამდვილად ვითარდება და ბევრი ტალანტი ჰყავს ქართულ კრეატიულ ინდუსტრიას. ისინი დიდი ენთუზიაზმით ეკიდებიან თავიანთ საქმეს, მზად არიან ახლის სწავლისთვის. სწორედ წინსვლის ეს სურვილი არის ნიშანი, რომ სფერო სწრაფად და ეფექტურად ვითარდება ქვეყანაში. დავინახე ბევრი ანთებული ახალგაზრდა და ეს ენერგია ძალიან მომეწონა.
პირველ რიგში, მადლიერი ვარ, რომ Young Lions Georgia-ს PR კატეგორის ჟიურის პრეზიდენტად მომიწვიეს. ასევე, მიხარია, რომ ეს კატეგორია იყო წარმოდგენილი, ვინაიდან ძალიან საინტერესო მიმართულებად მიმაჩნია. ის საშუალებას გვაძლევს გავაფართოვოთ იდეა ისე, რომ უფრო მეტი მასშტაბი და მედია მოვიცვათ. PR გვეხმარება, რომ იდეის საშუალებით გავიგოთ, რა სახის გავლენა შეიძლება გვქონდეს კონკრეტულ არხებზე და კონკრეტულ თემაზე საზოგადოების საუბარს როგორ ვუწყობთ ხელს. როდესაც PR კატეგორიაში ტარდება კონკურსი, ეს ნიშნავს, რომ კულტურული გარემო, სარეკლამო ინდუსტრია, ის, თუ როგორ წარმოაჩენ იდეებს, უკვე მომწიფებულია ამ დონემდე. წელს, ამ კატეგორიაში სულ 21 გუნდი მონაწილეობდა. იდეების დიდი ნაწილი ნაკლებად ორიგინალური იყო, თუმცა ვფიქრობ ეს კატეგორიის სიახლის გამოა, ხოლო პრეზენტაციები საკმაოდ კარგად იყო მომზადებული. საკმაოდ საინტერესო იყო ის 4 ნამუშევარი, რომელიც მოხვდა შორთლისთში. ერთ-ერთი მათგანი მართლაც გამორჩეული იყო. საკმაოდ დიდი მსჯელობაც კი დაგვჭირდა, რადგან ერთ-ერთ საკმაოდ ცნობილ ნამუშევარს ჰგავდა. მიხარია გამარჯვებულების ამბავი და ვფიქრობ, განვითარების მომდევნო ეტაპები ჯერ კიდევ წინაა.
M: რას ურჩევდით ახალგაზრდა კრეატორებს, Young Lions Georgia 2024-ის გამარჯვებულებს, რომლებიც ივნისში კანში მიემგზავრებიან?
ვფიქრობ, როდესაც კანში მიდიხარ მსოფლიო ჩემპიონატზე, ძალიან დაძაბული ხარ. დიდია მოლოდინები, რის გამოც მონაწილეები ძალიან ისტრესებიან. ერთს ვიტყოდი – ნუ შეგეშინდებათ, ნუ დაძაბავთ საკუთარ თავს, ეცადეთ მოდუნდეთ, გაილაღოთ. ამ საქმეს სწორედ ეს სჭირდება და ამიტომაც არ უნდა მისცეთ სტრესს თქვენზე გამარჯვების საშუალება. ამის კარგი მეტაფორაა გოლფი, რომელსაც ძალიან უხდება სიმშვიდე და სადაც ერთ ინჩსაც კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ იყავით მშვიდად.
M: საქართველო პატარა ქვეყანაა, რომელიც ცდილობს გამოჩნდეს მსოფლიო ასპარეზზე და გახდეს ევროკავშირის წევრი. ამისათვის არაერთი საკომუნიკაციო კამპანია იქმნება. რას ურჩევდით ქართველ კრეატორებს, რომ ხელი შეუწყონ ჩვენი ქვეყნის საერთაშორისოდ პოპულარიზაციას და მიაწვდინონ ხმა შესაბამის აუდიტორიას?
საქართველოში უკვე მეორედ ვარ. პირველად 10 წლის წინ ვიყავი და კიდევ ჩამოვალ. ამ ვიზიტებს შორის დანახულ საქართველოს შორის ძალიან დიდი კონტრასტია. ძალიან პროგრესულად მოაზროვნე ევროპელი ახალგაზრდები არიან, ვიგრძენი მათი ენერგია და რამდენად მონდომებულები არიან. ეს ჩანდა არამხოლოდ აქციების სახით, არამედ Young Lions Georgia 2024-ის დაჯილდოების ღონისძიებაზეც. მე ვმუშაობდი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ვიყავი კიევშიც, სადაც მთელი ამ პროცესის შემსწრე გავხდი. ახლა იგივე ხდება აქაც – ვხედავ დიდ ენერგიასა და განვითარების სურვილს, მიუხედავად დიდი მეზობლის მხრიდან არსებული დაბრკოლებისა, რომლის პირობებშიც რთულია ამ ყველაფერთან გამკლავება. ვურჩევდი განაგრძონ აქტიურობა და ბრძოლა, უფრო ხმამაღლა. არაერთი ქართველი მუშაობს ევროპულ კრეატიულ სააგენტოებში. მათ ბერლინსა და მილანში შევხვედრივარ. გამოიყენეთ ეს კონტაქტები. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად კარგი ხარ ახლა, არამედ რამდენად კარგი გინდა გახდე – ესაა ჩემი მიდგომა. და რაკი არსებობს დიდი მიზნები – კანში წასვლა, ევროკავშირში შესვლა, განაგრძეთ მოქმედება, გაამყარეთ კავშირები, უფრო აქტიურად მიიღეთ მონაწილეობა საერთაშორისო კონკურსებში.
M: თქვენს შემოქმედებით გუნდებთან ერთად, 300-ზე მეტი ჯილდო გაქვთ მოპოვებული კრეატიულ ინდუსტრიაში. ამავდროულად, უამრავი კრეატორი სვამს კითხვას, რამდენად დიდი როლი აქვს ფესტივალებზე მონაწილეობასა და თავად ჯილდოების მოგებას?
ეს არაა მხოლოდ ჯილდოს მოგება. ჯილდო უმნიშვნელოვანესია ჩვენი სფეროსთვის, შეიძლება ითქვას, საყრდენია იმის შესაფასებლად, თუ რა გაკეთდა. ესაა ე.წ. ვალუტა ახალგაზრდებისთვის. რაც უფრო მეტს იგებ, მით მეტი ვალიდაცია გაქვს, როგორც ბიზნესს. ამას გარდა, ჯილდო არის ისტორია იმის შესახებ, თუ რა გაკეთდა. თუ არ იცი, რა შექმნილა, ვერაფერს დააშენებ ზედ. აზრი არ აქვს მხოლოდ ჯილდოსთვის ბრძოლას. მნიშვნელოვანია ისეთი ნამუშევრით მოვიგოთ ჯილდო, რომელიც ისედაც ღირებულია. საკმაოდ დიდი ნაწილი იქმნება პრო-ბონოდ. სოციალური მიზნებისთვის კამპანიის შექმნის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. თუმცა, ეს უნდა იყოს ანაზღაურებადი. თუ გსურთ უფრო მეტი კომპანიის ინტერესი გამოიწვიოთ, სჯობს იმუშაოთ მსგავს ნამუშევრებზე. ასეთ შემთხვევაში, დამკვეთი დარწმუნდება, რომ თქვენ მართლაც შეგიძლიათ მისთვის შედეგების მოტანა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი, როგორც პროფესიონალების მთავარი ფუნქციაა პროდუქტისა და მომსახურების რეკლამირება. სწორედ აქ ჩანს დამკვეთის რეალური ტკივილი და ის, თუ როგორ გადავჭერით მისი პრობლემა. კრეატივი არის ბიზნეს-ხელსაწყო და გამოიყენეთ სწორედ ამ მიზნით.
M: კრეატიულ ინდუსტრიაში მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ, საკუთარი სააგენტოს ჩამოყალიბება გადაწყვიტეთ. რატომ იყო თქვენთვის ასე მნიშვნელოვანი, ყველაფერი ახლიდან დაგეწყოთ, Ain’t-ის სახით?
ბოლო წლებში, კრეატიულმა ინდუსტრიამ და ციფრულმა მედიამ დიდი ცვლილებები განიცადა. ციფრულმა პლატფორმებმა და ხელსაწყოებმა საშუალება მოგვცა, კონკრეტულად ვაჩვენოთ დამკვეთს, სად, როდის და როგორ იხარჯება მისი ბიუჯეტი. ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანია გრძელვადიან შედეგებზე ორიენტირებული. დავაკვირდი, რომ დიდმა კომპანიებმა შეცვალეს მიდგომა, მედიის გამოყენებასთან დაკავშირებით, უფრო მეტად სააგენტოების დამოუკიდებელ ქსელებთან ურთიერთობისკენ გადაინაცვლეს. შესაბამისად, აუცილებელია, რომ კრეატიული ინდუსტრია ამ მიდგომასთან მოვიდეს რეზონანსში. Ain’t არის ისეთი კომპანიებისთვის, რომლებიც ძალიან აფასებენ გამბედავ კრეატივს. ძალიან დიდი ინტერესი გვაქვს საერთაშორისო ტალანტებთან ურთიერთობის. ღია ვართ თანამშრომლობისთვის ქართველ პროფესიონალებთან და სააგენტოებთანაც. ჩვენ გვაქვს საერთაშორისო ფრილანს სისტემა და გუნდს ვქმნით პროექტიდან გამომდინარე. ერთსა და იმავე პროექტზე შეიძლება მუშაობდეს საერთაშორისო გუნდი. მე მაინტერესებს ადამიანები, რომლებიც უკვე არიან პროფესიონალები და სურთ განვითარება.
ჩვენ არ ვართ ყველასთვის. ჩვენ ვართ ისეთი ბრენდებისთვის, ვისაც საზოგადოების წინაშე გამოჩენა სურს და ამის მიღწევა ორიგინალურად სურს. პროცესში აქტიურად ვიყენებთ AI ხელსაწყოებს. სააგენტოს სახელიც სწორედ ამას უკავშირდება – თან ვიყენებთ AI-ს, თუმცა არ ვეყრდნობით მას. AI არ აკეთებს საქმეს, მას აკეთებს ადამიანი, AI-ის დახმარებით. ამ საქმეში ყველაზე მეტად ვაფასებთ სწორედ ადამიანურ ნაწილს – გადაწყვეტილების მიღების უნარს, კრეატივსა და გამოცდილებას.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი