ვფიქრობ, არ აქვს მნიშვნელობა, მშობელი ხართ თუ არა — ნებისმიერ შემთხვევაში გეცოდინებათ საყვარელი ჟირაფი ჟოზე, რომელიც 6 წლის განმავლობაში ჩვენ თვალწინ „გაიზარდა“ — სერიიდან სერიამდე გვასწავლიდა დათვლას, ანბანს, ცეკვას, გვიმღეროდა სხვადასხვა თემაზე. ალბათ, პატარებში ისეთი აღქმაც დაამკვიდრა, რომ ყველა ჟირაფს ჟოზე ჰქვია. წარმოიდგინეთ, სადმე ზოოპარკში თუ გადააწყდებიან ჟირაფებს, იქვე „მოსთხოვენ“, მასავით იცეკვოს და ისაუბროს.
ახლა კი ჩვენი ჟოზე ამერიკულ ვოიაჟსაც იწყებს, ამიერიდან საქართველოს ფარგლებს ტოვებს და საერთაშორისო მასშტაბებზე გადის.
ყველაფერი ერთი ქართულ-ამერიკული ოჯახით დაიწყო, რომელიც ნიუ-იორკში ცხოვრობს. მამა ამერიკელია, დედა კი — ქართველი. ვინაიდან მათი შვილი ორენოვანია, ხშირად უსმენს ჟოზეს სიმღერებს და მის ანიმაციებს დიდი სიყვარულით უყურებს. „მამა, დენი პრუსმანი, პროდიუსერია, საკუთარი ფროდაქშენ სტუდიაც აქვს. საკუთარი შვილის მაგალითზე კი მარტივად დაასკვნა: ბავშვი ხომ ყველგან ბავშვია და თუ მის შვილს მოსწონს, სხვებსაც მოეწონებათ. უბრალოდ, ამერიკელებს ქართულის გაგების პრობლემა აქვთ, რის გამოც უკვე თარგმნის ალტერნატივაზე დაფიქრდა“, — გვიყვება გიორგი მარშანია, ჟირაფი ჟოზეს ავტორი.
იდეა მხოლოდ იდეად რომ არ დარჩენილიყო, დენმა და ეიჯეი ტესლერმა მალევე გამოძებნეს გიორგისთან საერთო სანაცნობო და საკუთარი მიზნებიც გაუზიარა. თან იუთუბის სტატიკისაც დააკვირდა, რაც თავისთავად მეტყველებს პოპულარობის დონეზე: 450 მილიონი ნახვა 2017 წლის ვიდეოებზე… ეს არა მხოლოდ საქართველოსთვისაა დიდი მაჩვენებელი, არამედ ნებისმიერი ქვეყნისთვის.
„დამიკავშირდა, ვისაუბრეთ, დეტალები განვიხილეთ და ამ პირველივე დღიდანვე სასწაულად მომართულები იყვნენ. სიმართლე გითხრათ, ამერიკულ მხარეს უფრო მეტად ეტყობოდა შემართება, ვიდრე ჩვენ. ალბათ, ამაზე იმ ბევრმა იმედგაცრუებამ თუ დაბრკოლებამაც იმოქმედა, რასაც ამ წლების განმავლობაში არაერთხელ გადავაწყდით. მაგალითად, მანამდეც გვქონია საერთაშორისო ბაზარზე გასვლის მცდელობა, მაგრამ წარუმატებლად დასრულდა. ამიტომაც, რაღაცნაირ ოცნებანარევ გეგმას უფრო ჰგავდა“, — აღნიშნავს გიორგი.
თუმცა ამჯერად ყველაფერი სხვანაირადაა. ჟოზე ნამდვილად „მიდის“ ამერიკაში — უფრო სწორად, უკვე წავიდა კიდეც. პირველი სერიის პრემიერაც შედგა. ამ ეტაპისთვის კი პირველი სეზონია გადათარგმნილი, რასაც მომდევნო სეზონების თარგმნაც მოჰყვება. რაღაც მომენტში კი „ერთმანეთს დაეწევიან“ და ერთობლივად განაგრძობენ განვითარებას.
ბუნებრივია, ერთი კონტინენტიდან მეორეზე „გადაცხოვრება“ ასე მარტივი არ არის. პირველ რიგში, ქართულიდან ინგლისურად ითარგმნება ყველა სიმღერა თუ ანიმაცია. ამ თვალსაზრისით გასათვალისწინებელია, რომ ჟოზეს და ჟოზეფინას ეს სახელები დარჩებათ, თუმცა ზოგიერთი გმირის შემთხვევაში შეიძლება იქაურ რეალობას მოერგოს — თუნდაც იმიტომ, რომ ერთ-ერთი პერსონაჟის სახელი ინგლისური სლენგის მიხედვით ცუდად ჟღერს. ასევე, „ღუშები“ მოღუშულობასთან რომ ასოცირდება, ამერიკაში ნაკლებად მიხვდებიან…
უბრალოდ, გიორგისთვის და ამერიკული მხარისთვისაც მნიშვნელოვანია ავთენტურობის შენარჩუნება. „თავიდან ვფიქრობდი, ძველი ვიდეოები უკეთეს ხარისხში ხომ არ გამეკეთებინა, მაგრამ დენისგან კატეგორიული უარი მივიღე. პირიქით, უნდათ, ზუსტად ის გზა გაიაროს ჟოზემ ამერიკაში, რაც აქ თავის დროზე. მათ არ სურთ თავიდანვე „იდეალური“ ვერსია, არამედ იქაც უნდა გაიზარდოს ჩვენი ჟოზე. რაც შეეხება ავთენტურობას, ზუსტად ეს არის ამერიკელებისთვის საინტერესო — ქართული კულტურა, ის, რაც აქამდე მათთვის უცნობი იყო. ჟოზე არ არის ამერიკული კულტურის ნაწილი, ამიტომ, ვფიქრობ, მათთვის უფრო საინტერესო იქნება ახალი კულტურის გაცნობა. სწორედ ეს არის მთავარი ხიბლი, შენი კულტურა გააცნო“.
პირველ რიგში გუნდმა სიმღერების თარგმნა გადაწყვიტა, რასაც გაკვეთილები, იგავ-არაკები, „ისწავლე ჟოზესთან ერთად“ და სხვა რუბრიკები მოჰყვება. ზოგადად, სიმღერები უფრო პოპულარულია, მეტად უყვართ ბავშვებს და დიდ ყურადღებასაც იქცევს. შემდეგ კი თემატური პროდუქციაც ჩაეშვება გაყიდვაში.
ავტორი: ქეთია ბელქანია