30
Nov
2018

„გვინდა, ღვინო, საქართველოში ყველაზე პოპულარული სასმელი იყოს“ – სტარტაპი „ჟუჟუნა ღვინო“

30 Nov 2018

Startauperi
Startauperi


„საქართველო ღვინის სამშობლოა. აღიარებულია, მსოფლიოს პირველი ღვინო აქ გაკეთდა, რითიც დასტურდება, რომ ამ სასმლით ყველაზე ადრე ჩვენ ვთვრებოდით და ვერთობოდით. მართალია, ძალიან დიდი რაოდენობით ღვინოს მოვიხმართ, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ჩვენი ეროვნული იდენტობის ამ უმნიშვნელოვანეს ატრიბუტს უფრო დიდი ადგილი შეიძლება ჰქონდეს მეინსტრიმში, მათ ყოველდღიურობაში, ვინც ახალი საქართველოს საინტერესო პერსპექტივას ქმნიან და მსოფლიოს ყურადღებას აპყრობს ჩვენი ქვეყნისკენ“, – აღნიშნავს სტარტაპ „ჟუჟუნა ღვინოს“ მმართველი პარტნიორი გიორგი ტაბატაძე.

ამბობს, რომ საქართველოში ბევრი ღვინის მწარმოებელი კომპანიაა, პროდუქციას საერთაშორისო ბაზარზე რომ ყიდის და არსებობს მცირე, საოჯახო მეღვინეობებიც, რომელთა გაკეთებული ორგანული, ქვევრის, იშვიათი ჯიშის ღვინოები აღტაცებას იწვევს გურმანებსა და კრიტიკოსებში.

„სახლშიც ბევრი ადამიანი აკეთებს ღვინოს, რომლებსაც ტრადიციულ სუფრებზე მიირთმევენ. ამ ყველაფრის მიუხედავად, თბილისურ ბარებში არც ისე ხშირად შეხვდებით ადამიანს, ღვინით ხელში. ამას სტატისტიკური მაჩვენებლებიც ადასტურებს – კვლევის მიხედვით 18-45 წლამდე თბილისელისთვის ღვინო ლუდის, არყისა და ვისკის შემდეგ, მეოთხე არჩევანია და ჩვენ ეს არ მოგვწონს“.

M: ამ უკმაყოფილების გამო, დაახლოებით, 2 წლის წინ შექმენით „იკანო“ . . . 

გიორგი ტაბატაძე: ჩვენი გუნდი ამ მოცემულობით დიდი ხანია შეწუხებულია და პირველი მცდელობა, რამე შეგვეცვალა, სწორედ ბრენდი „იკანო“ იყო, როდესაც „მეგობრების მარანში” ვმუშაობდით. „იკანომ“ ბარიერი დაანგრია ღვინოსა და ახალბედა მომხმარებლებს შორის. ახალ კატეგორიას სხვა მწარმოებლების სახით მიმდევრებიც გამოუჩნდა. ახლა კი რამდენიმე მეგობარი, ჩვენი სტარტაპით, ვფიქრობთ, კიდევ უფრო წინ წავალთ და შევძლებთ, გავხადოთ ღვინო საქართველოში ყველაზე პოპულარული სასმელი.

M: როგორ გაჩნდა „ჟუჟუნა ღვინო“?

გ.ტ. : ინსპირაცია უცხოური გამოცდილებიდან მოდის. იტალიელები ძალიან ამაყები არიან „პროსეკოთი“, პროსეკოს რეგიონში მოყვანილი ყურძნისგან გაკეთებული, ნახევრად ცქრიალა ღვინით, რომელიც განსაკუთრებული სიმსუბუქით და სიხალისით გამოირჩევა.

M: აღნიშნეთ, რომ გსურთ, ღვინო საქართველოში ყველაზე პოპულარული სასმელი გახადოთ. რითია თქვენი პროდუქტი გამორჩეული, რომ ამ დასახულ მიზანს მიაღწიოთ?

გ.ტ. : იმისათვის, რომ შეგვექმნა პროდუქტი, რომელსაც ექნებოდა პოტენციალი, როდესმე გამხდარიყო თბილისის მთავარი სასმელი, მოვიმარაგეთ ყველა ტიპის ნახევრად ცქრიალა ღვინო მსოფლიოს ყველა კუთხიდან. შემდეგ დავაგემოვნეთ და გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი პროდუქტი უნდა ყოფილიყო სასმელი, რომელსაც ექნებოდა სიახლის სუნი, მსუბუქი შესახედაობა, მკვახე გემო, შეფარული ალკოჰოლი და ხალისიანი ბუნებრივი გაზის ბუშტუკები. გენიალურმა გოგი დაქიშვილმა ზუსტად ესეთი ღვინის შექმნა შეძლო. მას კახეთში ადრეულ რთველზე აღებული მწვანესა და „რქაწითელისგან“ ვამზადებთ. მეორადი ფერმენტაციის შედეგად კი ბუნებრივი გაზის წარმოქმნას ვახერხებთ.

M: რაც შეეხება ბრენდს, მის სახელს . . .

გ.ტ. : სახელის დარქმევამდე უფრო მნიშვნელოვანი საკითხი იყო გადაგვეწყვიტა. როგორ აგვეხსნა ხალხისთვის კატეგორიის რაობა. პროსეკოს იურიდიული მიზეზების გამო ვერ ვიხმარდით, ფაქტობრივად სწორი სახელი ფრიზანტე კი არავისთვის არაფრის მთქმელი არ იყო. კატეგორია ავხსენით, როგორც ღვინო რომელიც თავის მცირე ბუნებრივი გაზით ჟუჟუნებს და სიმთვრალეც ჩაჟუჟუნებას ჰგავს. ასე. რომ ჩვენ გვქვია „ჟუჟუნა ღვინო“.

M: სად და რა ფორმით შეიძლება მისი შეძენა? 

ვყიდით, იქ საიდანაც ტენდენციები ვრცელდება. პირველად 4GB ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე გამოვჩნდით და ღვინო დავალევინეთ უამრავ ადამიანს, როგორ მსუბუქი განტვირთვისთვის მოსულს, ისე ყველაზე მძიმე გართობაზე მომართულებს, რომლებმაც „ჟუჟუნას“ ლოგო პირველად DJ Koze და Michael Mayer-ის ხელში ჭიქაზე შენიშნეს. შემდეგ „ჟუჟუნა“ არ გამოკლებია თბილისში არცერთ კარგ გართობას, ფესტივალი იქნებოდა ეს, კარგი ბარები, თუ „ჰაუზ ფართი“. ბათუმშიც გახლავართ და ცოტა ხანში ქუთაისშიც გვიხილავთ. ახლა უკვე ძალიან ბევრ კარგ ადგილას შეგიძლიათ ნახოთ, როგორ ასხამენ ფერად-ფერადი კერამიკული დისპანსერებიდან, „ჟუჟუნა ღვინოს“ და ჟუჟუნდებიან.

M: ღვინის ყველა სახეობას კონკრეტული საკვებს უსადაგებენ. „ჟუჟუნა ღვინოს“ რა უხდება?

გ.ტ. : ღვინოს ყოველთვის სხვა პროდუქტებს უსადაგებენ ხოლმე, რომელიც კონკრეტულად მას მოუხდება. გირჩევენ, რა მიაყოლო როცა დალევ. „ჟუჟუნასაც“ უხდება რაღაცები, ოღონდ მისაყოლებლად არა, გასარევად. დიახ, ჩვენ ვართ ღვინის მწარმოებლები, რომლებიც ადამიანებს მოვუწოდებთ, ღვინო მიირთვან ანანსთან, კენკრასთან, ან მარწყვთან ერთად. არც კოქტეილებია პრობლემა, Aperol Spritz, რომელსაც ამ ზაფხულს უმეტესობა ფესტივალზე ნახავდით ხალხის ხელში, „ჟუჟუნათი“ კეთდება და „ჟუჟუნას“ ბარებიდან იყიდებოდა. უამრავი კოქტეილის ბაზად არის შესაძლებელი მისი გამოყენება, რასაც აკეთებენ კიდეც ბარები ინდივიდუალურად, მაგალითად ჯინიანი „ჟუჟუნა“, დიახ, „ჟუჟუნა“ და ჯინი, ძალიან ჟინიანი სასმელია. ჩვენ ღვინო ძალიან გვიყვარს და ვიცით, ყველა გარემოს განსხვავებული ღვინო უხდება. თუმცა, ვხედავთ, რომ ამ დიდებულ სასმელს, ზოგჯერ, სიმსუბუქეც ამშვენებს და ხანდახან ეს მსუბუქი ღვინო ძალიან უხდება სასიამოვნო, გასართობ მომენტებს და სწორედ ასეთი მომენტების „ჩასაჟუჟუნებლად“ ვაკეთებთ „ჟუჟუნას“.

განხილვა