in

როგორ გადავწყვიტო, თუ ღვინის ბრენდის შექმნა მინდა? – ჟუჟუნა ღვინოს რჩევები

ჟუჟუნას წამოწყება განაპირობა, გამოცდილებების და რესურსების გაერთიანებამ ერთი იდეის გარშემო. ადამიანები, რომლებიც დღეს ჟუჟუნას ვაკეთებთ, აქამდე ერთად და ცალ-ცალკე ვმუშაობდით სხვადასხვა კომპანიაში, ისეთ პროექტებზე, სადაც დავაგროვეთ უნარები, კავშირები, რამაც მოგვცა საკუთარი საქმის დაწყების თავდაჯერება. თუმცა, გადამწყვეტი მაინც იდეაა. შეუძლებლად მიგვაჩნია წამოიწყო საკუთარი საქმე, თუ არ გაქვს იდეა, რომლის უნიკალურობისაც შენ თვითონ მაინც არ გჯერა.

იდეა, თავისთავად, არსებული ცოდნების ახალი კომბინაციაა. შესაბამისად, თუ ვლაპარაკობთ რა ეტაპებს გადის ადამიანი, სანამ საქმეს წამოიწყებს, ეს მაინც საკუთარი თავში ცოდნის დაგროვებაა. იმ ცოდნის საფუძველზე იბადება ახალი იდეა, რომლიც არის ჩვენი მთავარი ინსტრუმენტი საქმის კეთებისთვის.

კონკრეტულად ჩვენ შემთხვევაში, ბევრმა საქმიანობამ მოგვცა ასეთი ცოდნის და გამოცდილების დაგროვების საშუალება, იქნებოდა ეს სარეკლამო კომპანიაში მუშაობა თუ ნახევრადგასართობი ბიზნესი 1000YLEOBA, მაგრამ მთავარი მაინც იკანოს ბრენდის შენების პერიოდი იყო, როდესაც ყველანი ერთად ვმუშაობდით ღვინის კომპანიაში. გარდა იმისა, რომ ვნახეთ როგორ კეთდება ეს საქმე “კლასიკურად”, გავიცანით ბაზარი, ჩამოგვიყალიბდა ჩვენი გემოვნება, ჩვენი მისწრაფება, თუ როგორ გვინდოდა დატყობოდა ამ კატეგორიას ჩვენი გავლენა. იკანოს დროს დაგროვებული ცოდნა დღესაც ჩვენი მამოძრავებელია, შესაბამისად საქმის წამოწყების გადაწყვეტილებაშიც მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი იყო.

ჟუჟუნას შექმნის ისტორიაში არ არის არცერთი პუნქტი, რომლის სტანდარტიზებაც შესაძლებელი გვგონია. მეტიც, ვფიქრობთ, ამ საკითხზე ჩვენი აზრი იმიტომაცაა საინტერესო, რომ ყველაფერი არასტადარტულად გავაკეთეთ. ჩვენ ვართ ღვინის კომპანია, რომელსაც დღესაც არ აქვს თავისი ვენახი და საწარმო.

ჩვენთვის ყოველთვის გადამწყვეტი იყო გამორჩეული კონცეფციის არსებობა და მცდელობა ჩვენი მცირე რესურსით გაგვეცოცხლებინა იგი. ამისთვის კი გადავდგით შემდეგი ნაბიჯები:

  • გავაანალიზეთ სამომხმარებლო ბაზარი
  • გავაანალიზეთ გაყიდვის წერტილები
  • ჩამოვყალიბდით პროდუქტის საბოლოო დიზაინზე
  • გავაკეთეთ ფინანსური მოდელი და გამოვითვალეთ საჭირო ინვესტიციის რაოდენობა
  • ვერ მოვიპოვეთ ინვესტიცია
  • დავითვალეთ აბსოლუტური მინიმალური ინვესტიცია რომელიც საჭირო იყო საქმის დასაწყებად
  • მოვიძიეთ თანხა პირადი სახსრებით
  • შევიძინეთ მხოლოდ ის დანადგარები, რომელიც უშუალოდ ჩვენი უნიკალური პროდუქტისთვის გვჭირდებოდა
  • იჯარით ავიღეთ კახეთში ქარხნის ნაწილი
  • ვიყიდეთ ყურძენი ფერმერისგან
  • გავაკეთეთ პირველი ჟუჟუნა ღვინო

რა უნდა გაითვალისწინო, თუ ეს საქმე გაინტერესებს:

  1. ღვინის ბაზარი საქართველოში ძალიან გაჯერებულია. ამ სასმელს ძალიან ბევრი სხვადასხვა ტიპის მწარმოებელი ჰყავს, ოჯახური მარნებიდან დაწყებული, გიგანტური კომპანიებით დამთავრებული. კიდევ ერთი ჩვეულებრივი ღვინის საჭიროება ნამდვილად არ დგას. კარგი იქნება, თუ თავიდანვე გექნება თავში, რა უნდა ილაპარაკო შენი ღვინის შესახებ, როგორ მოჰყვები მის ამბავს
  2. გამორჩეულობის შექმნის ბევრი გზა არსებობს, მაგრამ გახსოვდეს, რომ ადამიანები საბოლოოდ, ფულს იხდიან რათა მიიღონ კარგი პროდუქტი. პროდუქტის ხარისხზე ზრუნვა არასდროს არაფერმა არ უნდა გადაფაროს.
  3. ღვინო არის უასაშველოდ კომპლექსური პროდუქტი. შესაბამისად, ღვინის შექმნა დიდ ვირტუოზობას მოითხოვს. არ შეგაცდინოს იმ ფაქტმა, რომ საქართველოში ღვინო ყველა ოჯახში კეთდება და თუ პროფესიონალი არ ხარ, აუცილებლად ითხოვე პროფესიონალის დახმარება ან რჩევა დარიგება მაინც.
  4. თავიდანვე გაანალიზე რომ ამ კატეგორიაში ცხოვრება შედარებით ნელა მიდის. ახალი პროდუქტის გაკეთება წელიწადში მხოლოდ ერთხელ შეგიძლია. შესაბამისად შენი პროდუქტი და რაც მთავარია შენც ესე ნელ ნელა იხვეწებით და რალურ განვითარებას ბევრი დრო დაჭირდება
  5. ვენახების, ქარხნის და ბარემ სასტუმროს ქონა ძალიან კარგია, მაგრამ არა აუცილებელი. არსებული, რესურსი მოახმარე ისეთ აქტივობებს რომელიც კომერციალიზაციაში დაგეხმარება, იფიქრე როგორ დაიწყო კოპმპანიაში ფულის შემოდინება სწრაფად. იდეალურ შემთხვევაში ღვინოს დავარგება უყვარს, ამას კი წლები ჭირდება, შემოსავლის გარეშე წლები ყოფნა კი უმეტესობა ბიზნესებს ძალიან უჭირთ.

და ბოლოს, არავითარ შემთხვევაში არ გაითვალისწინოთ რჩევები ადამიანებისგან, რომლებიც გეუბნებიან რა არ უნდა გააკეთოთ, არავითარ შემთხვევაში. ყველაფრის გაკეთება შეიძლება, მთავარია, ღვინო იყოს ჯანმრთელი.

 

ავტორი: ჟუჟუნა ღვინოს გუნდი

Sports Media Holding-ი (SMH) გლობალური IGaming ორგანიზაციის SBC Gaming-ის რეგიონალური წარმომადგენელი გახდა

რა არის ფოტოზე ზედმეტი? – ბავშვები ფიქრობენ, რომ „ზრუნვით იცვლება სამყარო“ – „ფარმადეპოს“ ვიდეორგოლი