in

განახლებული „ჟუჟუნა“ რითეილ ბაზარზე გადის – ბრენდის პასუხი პანდემიას და კრიზისს

სუსტებს მართლა ყველას ერთიანად ელის თუ არა განსაცდელი, არ ვიცი, მაგრამ მხოლოდ ძლიერები რომ გადარჩებიან, ფაქტია. უფრო სწორად, ისინი, ვინც რთულ სიტუაციაში სწრაფად მოახერხებს „გადაწყობას“ და ადაპტაციას. ადრინდელისგან განსხვავებით, აი, მაშინ ჩვეულებრივი ცხოვრება რომ გვქონდა, ახლა ამაში ყოველ დღე ვრწმუნდებით – უკანასკნელი 10 თვის მანძილზე, ბევრი კომპანია გაჩერდა, ზოგი დროებით, ზოგიც – საერთოდ. მაგრამ აღმოჩნდნენ ისეთებიც, რომლებმაც ადაპტაცია მოახერხეს, თუმცა, ეს გზა, ბუნებრივია, არ იყო მარტივი. ახლა სწორედ ერთ-ერთ ასეთ ბრენდზე, უნდა გიამბოთ. ვგულისხმობ ნახევრად ცქრიალა ღვინოს „ჟუჟუნა“, რომელიც თავიდანვე არაორდინალურად გამოჩნდა და პრინციპში, მისი შემდგომი ცხოვრებაც ზუსტად ასე განვითარდა – ანდემიის მეორე ტალღას განახლებული ბრენდინგით და ახალი შეფუთვით, უფრო სწორად უკვე ბოთლში ჩამოსხმული შეხვდა, რომელიც „ევროპროდუქტში“ უკვე იყიდება და უახლოეს მომავალში, სხვა ქსელურ მაღაზიებშიც გამოჩნდება.

„ჟუჟუნას“ დაბადება 

„ჟუჟუნა“, პირველად, 2018 წელს გამოჩნდა. ეს იყო ჩამოსასხმელი, მშრალი, ნახევრად ცქრიალა ღვინო, რომელსაც მუსიკალურ ფესტივალებზე, „ივენთებზე“ და HoReCa (Hotel, Restaurant, Cafe) სექტორში შეხვდებოდით. ბრენდის დამფუძნებლებს თავიდანვე სურდათ, რომ ის თბილისის მთავარი სასმელი გამხდარიყო. და პრინციპში, ყველაფერი, მეტ-ნაკლებად, მათი გეგმით მიდიოდა, რომ არა პანდემია, როცა გაზაფხულიდან ერთმანეთის მიყოლებით სამივე მიმართულება გაჩერდა. თუმცა, ამან მოვლენები მხოლოდ დააჩქარა.

„ჟუჟუნას“ ტრანსფორმაცია

ვასკა ჩუბინიძე („ჟუჟუნას“ მმართველი პარტნიორი): პანდემია რომ დაიწყო და „ლოქ დაუნი“ გამოცხადდა, პრინციპში შემოსავლის გარეშე დავრჩით. მივხვდით, რაღაც აუცილებლად უნდა გაგვეკეთებინა და დავიწყეთ დიჯიტალ ადაპტაცია. იმ მომენტში, ეს საუკეთესო გამოსავალი იყო – გადავეწყეთგლოვოსა“ და „ვოლტზე“. ჩვენ თვითონ ვასხამდით „ჟუჟუნას“ ბოთლებში, ვაკრავდით ეტიკეტს და ისე ვაგზავნიდით შეკვეთებს. თუ კოქტეილი სურდა მომხმარებელს, მასალებს ვატანდით ღვინოსთან ერთად. აი, ასე მოვედით გაზაფხულამდე. ეს ჩვენი გადარჩენის გეგმა იყო, რაც მოვახერხეთ კიდეც.

გიორგი ტაბატაძე („ჟუჟუნას“ მმართველი პარტნიორი): გაზაფხულის ბოლოს და ზაფხულის დასაწყისში რესტორნები რომ გაიხსნა, ოღონდ სტუმრების რაოდენობა შეზღუდული იყო, ბუნებრივია დავბრუნდით HoReCa სექტორში, დავამატეთ 10-ზე მეტი ობიექტი დავიწყეთ აქტიური კომუნიკაცია, ვრჩებოდით „გლოვოსა“ და „ვოლტზე“. ამ აქტივობების ხარჯზე, მინდა გითხრათ, რომ 2019 წლის ზაფხულთან შედარებით, 50%-ით იყო გაზრდილი ჩვენი ბრუნვა. მოკლედ, ასე დავბრუნდით ბაზარზე.

ვასკა: ამან გააჩინა ფინანსები, ემოციური მზაობა და მოტივაცია იმისთვის, რომ გაგვეკეთებინა ის, რაც „ჟუჟუნას“ შექმნის დღიდან გვინდოდა: ბრენდი გასულიყო რითეილში, ფართო საზოგადოებისთვის გამხდარიყო ხელმისაწვდომი. ჩვენს ხედვას, „თბილისური სასმელობას“ მივუახლოვდით – ჩავთვალეთ, რომ ზუსტად ახლა იყო დრო, შევსულიყავით საცალო გაყიდვების ბაზარზე, ჩამოგვესხა ღვინო ბოთლში და გაგვეფართოებინა დისტრიბუცია. ეს აუცილებლად ახლა უნდა გაგვეკეთებინა – მეორე ტალღას და კიდევ ერთხელ ჩაკეტვას ჩვენი ბიზნესი, უბრალოდ, ვეღარ გაუძლებდა. ავიღეთ სესხი, შევიძინეთ დანადგარები, ბოთლები და მოვედით ამ წერტილამდე.

„ პირველ ტალღაზე ჩვენი პასუხი იყო ციფრული ადაპტაცია – „ჟუჟუნას“ ხელით ჩამოსხმა და „ვოლტსა“ და „გლოვოზე“ ყოფნა, დღევანდელი ჩვენი პასუხი არის ბოთლში ჩამოსხმული „ჟუჟუნა“ და რითეილში გასვლა. ეს ძალიან  დიდი ნახტომია, პანდემიისა და კრიზისი ფონზე, პანიკას მოქმედება ვამჯობინეთ.

ასეთი წარმატებული ადაპტაციისთვის, „ჟუჟუნა“, „თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2020“-ის გამარჯვებული გახდა, კატეგორიაში „ადაპტაციის საუკეთესო მაგალითისთვის“.

„ჟუჟუნას“ ახალი ცხოვრება 

ასე გამოჩნდა „ჟუჟუნა“ რითეილში, ანუ ბოთლში ჩამოსხმული. ახალი ცხოვრება ბრენდმა რამდენიმე სიახლით დაიწყო – შეფუთვა, ლოგო ახალი „ბრენდ ბუქი“. 

გიორგი: გაზაფხულზე, ასე ვთქვათ, მოკლევადიანი ცეცხლი ჩავაქრეთ. ამან მოგვცა ფინანსური და ემოციური მოტივაცია, რომ სრულიად ახალ ბაზარზე შემოვსულიყავით – „ჟუჟუნა“ ჩამოვასხით 250- გრამიან ბოთლებში, ეს არის ერთი პორცია. ბოთლს აქვს ლუდის თავსახური – გვინდოდა, ყველაფერი, მაქსიმალურად, მოსახერხებელი და პრაქტიკული ყოფილიყო. ახლა შეგიძლიათ, ზუსტად ერთი ჭიქა ღვინო დალიოთ, ისე რომ მთელი ბოთლის გახსნა არ მოგიწევთ, ის არც გათბება და არც გაზი დაეკარგება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცქრიალა ღვინის შემთხვევაში.

ვასკა:  ეს შეფუთვა, ბოთლი და ახალი ეტიკეტი გიორგი პოპიაშვილმა („ჟუჟუნას წინა ლოგოც მისი შექმნილია) გაგვიკეთა, მისია არტ დაირექშენი და ვიზუალი.

ყველა ამ განახლებიდან გამომდინარე, ახლებურად ჩამოაყალიბეს „ჟუჟუნას“ სტრატეგია. განაახლეს ბრენდს პლატფორმა და „ბრენდ ბუქი“. ამ ნაწილზე „More Studio“-სთან ერთად იმუშავეს. ამბობენ, რომ ახლა უფრო თანმიმდევრული კომუნიკაცია ექნებათ.

 

„ჟუჟუნა“ ახლა, ანუ ახალი ბრენდი 

გიორგი: „ჟუჟუნა“ ღვინო პირველი ქართული ნახევრად-ცქრიალა მშრალი ღვინოა, ბუნებრივი გაზით და მიწოდების ინოვაციური ფორმით. გარდა იმისა რომ „ჟუჟუნა“, თავად გამორჩეული სასმელია, მისგან არაერთი კოქტეილის მომზადებაა შესაძლებელი. თუმცა ეს პროდუქტის მეორადი დანიშნულებაა. ვინ ვართ: ბრენდი საკუთარ მომხმარებელს ხვდება პრაქტიკულად ყველგან, სადაც ისინი თავს იყრიან (გამორჩეული ბარები, რესტორნები, ფესტივალები, კულტურული ღონისძიებები და ა.შ.).

სწორედ ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ის უახლოვდება საოცნებო პოზიციონირებას, რაც „თბილისური სასმელობაა“. „ჟუჟუნა“ ბრენდი გართობისა და კულტურის ღირებულებებზე დგას, რომლის მამოძრავებელი ძალა სოციალიზაციაა. ეს კი ახლა ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს გადახალისება თავისი არსებობით, „ჟუჟუნასთვის“, ამოსავალი წერტილია, როგორც საკუთარ დარგში (მეღვინეობა), ისე ქალაქური ცხოვრების და გართობის წესის კუთხით“. 

აუთდროფერი | ყველგან და ყოველთვის – ინოვაციური გზა მეამას ყავის კაფსულების შესაძენად, რომელიც თბილისის ქუჩებში, შენს სახლთან ახლოს შეგხვდება

როგორ აღიქვამს ჩვენი ტვინი კომპიუტერულ კოდს?