ენერგია, დინამიკა, პროფესიონალიზმი და, რა თქმა უნდა, ყავის სურნელი ყველგან – ეს ის სიტყვებია, რომლებითაც Julius Meinl Barista Cup 2026-ის დახასიათება ყველაზე მოკლედ შეიძლება. ყავის ინდუსტრიის საერთაშორისო ჩემპიონატი ვენაში დასრულდა და ზედმეტი შესავლის გარეშე გეტყვით: ქართული დროშა გამარჯვებულების სცენაზე აფრიალდა.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩემპიონატზე ქართველი ბარისტა გამარჯვებულთა სიაში მოხვდა და 15 ქვეყანას შორის საუკეთესო გახდა, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ქართველი პროფესიონალები საერთაშორისო ასპარეზზე კონკურენტუნარიანები არიან და საქართველო მსოფლიო ყავის ინდუსტრიის რუკაზეც სულ უფრო მკაფიოდ ჩნდება.

ჩემპიონატი 4 სექტემბერს გაიმართა. 15 ქვეყნის მონაწილეებთან ერთად ღონისძიებას Julius Meinl-ის მეხუთე თაობის წარმომადგენლები, ლოკალური გუნდი, ბრენდის პარტნიორები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მათ შორის საქართველოდან – Julius Meinl საქართველოს გუნდი და marketer.ge. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პირველად Grand Finale-ს კარი ფართო საზოგადოებისთვისაც გაიღო და ათასობით სტუმარი დაესწრო, რომლებმაც კონკურსის პროცესს ცოცხლად ადევნეს თვალი და ყავის სამყაროს კიდევ უფრო ახლოს გაეცნენ.
სპეციალურად მედიისთვის გაიმართა ტური, რომლის ფარგლებშიც ჩვენ და სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტებს მოგვეცა შესაძლებლობა, მოგვენახულებინა Julius Meinl-ის უძველესი ოფისი, ყავის სახალავი, დავსწრებოდით საინტერესო მასტერკლასებს, ვორკშოპებს, შევხვედროდით ავსტრიელ ინფლუენსერებს და დაგვეთვალიერებინა ვენის ღირსშესანიშნაობები.
Julius Meinl Barista Cup 2026-ის გამარჯვებულები და საქართველო
ალბათ გახსოვთ, ლუკა დარისპანაშვილის შესახებ რომ მოგიყევით, რომელმაც ორიოდე თვის წინ საქართველოში გამართულ ადგილობრივ შეჯიბრში გაიმარჯვა. სწორედ მან წარადგინა საქართველო მსოფლიო ჩემპიონატზე და უკვე ავსტრიაშიც შეძლო საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცება.
ლუკა მე-10 ნომრით გამოვიდა. მის წინაშე კი საკმაოდ რთული ამოცანა იდგა: მოემზადებინა ესპრესო, კაპუჩინო და საფირმო ყავის კოქტეილი, თან მთელი პროცესი პროფესიონალურად წარემართა და საბოლოო შედეგი ჟიურისთვის დამაჯერებლად წარედგინა.

აქ მხოლოდ კარგი ყავის მომზადება არ კმაროდა. მსაჯები აკვირდებოდნენ ყველაფერს: რამდენად ორგანიზებულად მუშაობდა ბარისტა, როგორ იყენებდა აღჭურვილობას, რამდენად ზუსტად მიჰყვებოდა საკუთარ რეცეპტს, აკონტროლებდა თუ არა დროს და, რაც მთავარია, საბოლოოდ რა ხვდებოდა ფინჯანში, როგორი გემო და ვიზუალი ჰქონდა ყავას.
ესპრესოსა და კაპუჩინოს შემდეგ ყველაზე შთამბეჭდავი საფირმო ყავის კოქტეილის მომზადება აღმოჩნდა. აქ ლუკამ მთელი თავისი ცოდნა, ტექნიკა და კრეატივი ჩააქსოვა. მისი ინსპირაცია ცნობილი მხატვარი, რემბრანდტი გახდა და კოქტეილშიც იმ ფერებისა და ვიზუალური ემოციის გადმოტანა სცადა, რასაც რემბრანდტის ნამუშევრების ნახვისას განვიცდით.
საბოლოოდ, ესპრესოს კატეგორიაში გაიმარჯვა პოლონეთის მონაწილემ, სტეფან კოტმა; კაპუჩინოს კატეგორიაში – ავსტრიელმა მარიო ბენეტსედერმა, ხოლო საფირმო ყავის კოქტეილის კატეგორიაში – ლუკა დარისპანაშვილმა.

„დღევანდელი დღისთვის დიდხანს ვემზადებოდი და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ შრომა შედეგს ყოველთვის გამოიღებს. ემოციებით იმდენად სავსე ვარ, სიტყვებით ვერც გადმოვცემ. ბედნიერი ვარ, რომ მე ეს შევძელი და სამომავლოდ აუცილებლად გავაგრძელებ სწავლას, განვითარებასა და გამარჯვებისთვის ბრძოლას“, – გვითხრა ლუკამ გამარჯვების შემდეგ.
კატეგორიის გამარჯვებულების გარდა, ცალკე გამოვლინდა Julius Meinl Barista Cup 2026-ის პირველიადგილოსანიც – მოლდოველი ელიზავეტა რიმსკაია. მისთვის გამარჯვება, როგორც თავად გვითხრა, მოულოდნელი აღმოჩნდა, ჩემპიონატისთვის დიდხანს ემზადებოდა, თუმცა, როცა ვენაში კონკურენტები გაიცნო, მიხვდა, რომ ძალიან ძლიერი მეტოქეები ჰყავდა.
გამარჯვებულებს წინ სასიამოვნო და თავგადასავლებით სავსე მოგზაურობა ელით – მათ ინდოეთი უმასპინძლებს, სადაც ყავის მოყვანის, მოსავლისა და დამუშავების პროცესს ადგილზე გაეცნობიან და იმ ადამიანების ისტორიებს მოისმენენ, რომლებიც ამ ინდუსტრიის უკან დგანან. მოგზაურობის ფარგლებში გამარჯვებულები Julius Meinl-ის Generations Programme-სა და Fairtrade-თან თანამშრომლობით განხორციელებულ ინიციატივასაც გაეცნობიან, რომელიც ფერმერების გაძლიერებასა და მომავალი თაობისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას ემსახურება.

Julius Meinl საქართველო Barista Cup-ზე
სიმბოლურია, რომ სწორედ 4 სექტემბერს Julius Meinl საქართველოს 16 წელი შეუსრულდა, ამიტომ შესაძლებლობა ხელიდან არ გავუშვით და Julius Meinl საქართველოს დამფუძნებელ თამაზ მეგრელიშვილსაც გავესაუბრეთ:

„დღეს Julius Meinl საქართველო 16 წლის გახდა და ამ ხნის განმავლობაში მუხლჩაუხრელმა შრომამ და პროფესიონალმა გუნდმა მარტო საქართველოში კი არა, მის ფარგლებს გარეთაც განაპირობა ჩვენი წარმატება.
ჩვენი მუშაობის შედეგია ისიც, რომ ქართველი ბარისტები უკვე მეორე წელია, მსგავს დიდ ფორუმში მონაწილეობენ და ეს ერთგვარი გზავნილი იქნება როგორც ქართველი აუდიტორიისთვის, ისე ყავის მოყვარული საზოგადოებისთვის, რომ საქართველოში ყავის კულტურა და თვითონ კომპანია „Julius Meinl საქართველო“ სულ უფრო დიდ სიმაღლეებს იპყრობს. სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ სწორედ ჩვენ დავნერგეთ მსგავს საერთაშორისო ღონისძიებებზე მონაწილეობა ამ ინდუსტრიაში და ამას არა მხოლოდ ჩვენი კომპანიისთვის, არამედ სრულიად საქართველოს სახელით ვაკეთებთ“, – აღნიშნა თამაზ მეგრელიშვილმა.
საბოლოოდ, Julius Meinl Barista Cup 2026 შედგა!

მონაწილეებისთვის ეს იყო ახალი გამოცდილება და საერთაშორისო პროფესიონალებთან შეხვედრის შესაძლებლობა, ყავის ენთუზიასტებისთვის კი – რამდენიმე საათი, როდესაც შეგეძლო საკუთარი თვალით გენახა, რამდენად შორს შეიძლება წავიდეს ერთი შეხედვით მარტივი საქმე, კარგი ყავის მომზადება.
ვენაში, Julius Meinl-ის სამყაროში, განსაკუთრებით იგრძნობოდა: პროფესიონალიზმი, საქმის სიყვარული და მუდმივი სურვილი, რომ შემდეგი ფინჯანი წინაზე უკეთესი იყოს.











