in

ინტერვიუ კრისტინა მაინლისთან, Julius Meinl Barista Cup-ის გამარჯვებული და საგზური ბარისტების მსოფლიო ჩემპიონატზე

23 ივნისს სასტუმროში Radisson Red ყავის საოცარი არომატები დატრიალდა. 162-წლიანი ისტორიის მქონე ბრენდმა Julius Meinl ბარისტების ადგილობრივ ჩემპიონატს უმასპინძლა, რომლის გამარჯვებულიც ლუკა დარისპანაშვილი გახდა. იგი 3-5 სექტემბერს ვენაში, თავად ბრენდის სამშობლოში, Julius Meinl Barista Cup 2026-ზე გაემართება, სადაც 17 ქვეყნის მონაწილესთან ერთად იასპარეზებს.

ღონისძიებას ესწრებოდა კრისტინა მაინლი, Julius Meinl-ის ოჯახის მეხუთე თაობის წარმომადგენელი, კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი და სტრატეგიისა და კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელი. მისი ვიზიტი, ერთი მხრივ, საქართველოში ბრენდის განვითარებას, მეორე მხრივ კი, ადგილობრივ ჩემპიონატს უკავშირდებოდა. Julius Meinl Barista Cup უკვე მრავალი წელია, მსოფლიოს საუკეთესო ბარისტებს აერთიანებს და ხელს უწყობს ამ სფეროში მათ ზრდას, ასევე, ყავის, როგორც კულტურის განვითარებას.

რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო კრისტინასთან გასაუბრება და მისი ხედვის მოსმენა, ამიტომ, ტურნირის დაწყებამდე, ინტერვიუ ჩამოვართვით:

M: გვითხარით, რა მნიშვნელობა აქვს Julius Meinl Barista Cup-ს თავად ბრენდისთვის და რა მისიას ემსახურება ის დღეს?

Julius Meinl Barista Cup ზუსტად ის ღირებულებაა, რასაც ჩვენი ბრენდი წარმოადგენს – ხარისხი და იდეალური ფინჯანი ყავა. მთავარი მიზანია, ახალგაზრდა და მოტივირებულ ბარისტებს დავუთმოთ სცენა და მივცეთ შესაძლებლობა, თავი გამოავლინონ.

დღევანდელი Barista Cup-ის, ისევე როგორც მსოფლიო ჩემპიონატის ფორმატი, მოიცავს ესპრესოს, კაპუჩინოსა და საფირმო კოქტეილის მომზადებას. ბარისტები თავად წყვეტენ, რა ტექნოლოგია გამოიყენონ და როგორი ტიპის სასმელი წარუდგინონ ჟიურის, თუმცა მთავარი იდეა ერთია – მიაღწიონ სრულყოფილებას. მათთვის ეს ნამდვილი გამოწვევაა, რადგან შეჯიბრს ორი მხარე აქვს – მოამზადონ საუკეთესო ყავა და ესაუბრონ ჟიურის, აუხსნან საკუთარი იდეა, წარმოადგინონ თავიანთი მიდგომა. ეს არც ისე მარტივია, რადგან ისინი ნერვიულობენ, შეცდომის დაშვების უფლება, პრაქტიკულად, არ აქვთ და თანაც, ამდენი ადამიანი უყურებს.

თუმცა ამ ყველაფერში იგრძნობა ენერგია, საქმის სიყვარული და დიდი ენთუზიაზმი. სწორედ ეს მიყვარს მე ყველაზე მეტად და სწორედ ეს არის ამ კონკურსის მთავარი დანიშნულებაც.

M: Julius Meinl უკვე 162 წელია არსებობს. როგორ ახერხებს ბრენდი ტრადიციის შენარჩუნებას და, ამავდროულად, თანამედროვე მომხმარებლისთვის აქტუალობის შენარჩუნებას?

ეს მართლაც ერთ-ერთი ყველაზე რთული ამოცანაა, რადგან უნდა განსაზღვრო, ტრადიციიდან რა შეინარჩუნო. ჩვენთვის ეს ყოველთვის ხარისხი, გემო და ინოვაციაა. ხშირად ვუბრუნდები კომპანიის არქივს და ვაკვირდები, როგორ იცვლებოდა დიზაინი და მიდგომები სხვადასხვა ეპოქაში. საინტერესოა იმის გადახედვა, თუ რა დარჩა უცვლელი წლების განმავლობაში.

დღეს ადამიანები, შესაძლოა, სხვაგვარად სვამდნენ ყავას და გემოვნებაც იცვლებოდეს, მაგრამ ხარისხის მოთხოვნა, ისევე როგორც ყავის გარშემო არსებული ისტორიები და ემოციები, უცვლელია. მნიშვნელოვანია, გაიგო, რა არის საინტერესო ახალგაზრდა თაობისთვის და, ამავდროულად, შეინარჩუნო ის ღირებულებები, რომლებიც ბრენდის საფუძველს ქმნის.

M: დღეს, როდესაც მომხმარებლები სულ უფრო მეტად ინტერესდებიან პროდუქტის წარმოშობითა და ხარისხით, როგორ შეიცვალა მათი დამოკიდებულება ყავის მიმართ ბოლო წლებში?

დღეს მომხმარებლები სულ უფრო მეტად ინტერესდებიან პროდუქტის წარმომავლობით და იმ ისტორიით, რომელიც ყავის უკან დგას. ზოგს აინტერესებს კონკრეტული რეგიონი თუ ფერმა, საიდანაც ყავა მოდის, სხვებისთვის კი მნიშვნელოვანია ბრენდის სანდოობა და იმის ცოდნა, რომ ის სწორ გადაწყვეტილებებს იღებს პროდუქტის შერჩევისა და წარმოების პროცესში. სწორედ ამიტომ, ჩვენი ყავა ყოველთვის 100%-ით პასუხისმგებლობიანი წყაროებიდანაა მოპოვებული.

ამავდროულად, საინტერესოა ფერმერების ისტორიებიც. მე ხშირად ვსტუმრობ ყავის წარმოშობის ქვეყნებს, ვხვდები ფერმერებს და ამ გამოცდილებას საზოგადოებას სოციალურ ქსელებში ვუზიარებ. აუდიტორიაზე დაკვირვება გვიჩვენებს, რომ ამ თემის მიმართ ინტერესი ნამდვილად მაღალია.

M: როგორც ოჯახის მეხუთე თაობის წარმომადგენელი, როგორ ხედავთ Julius Meinl-ისა და ყავის კულტურის მომავალს მომდევნო ათწლეულში?

მომავლის ზუსტად წინასწარმეტყველება შეუძლებელია, თუმცა აშკარაა, რომ მაღალი ხარისხის ყავაზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება და specialty coffee-ს სეგმენტიც აქტიურად ვითარდება.

ამ პროცესში მნიშვნელოვანია, იყო მოქნილი, დააკვირდე მომხმარებელთა ინტერესებს და არ შეგეშინდეს ახალი იდეების. სწორედ ამ მიდგომით დავამატეთ ჩვენს შეთავაზებას „მატჩა”, რადგან მის მიმართ ახალგაზრდებში დიდი მოთხოვნაა.

საბოლოოდ, თუ ახალი მიმართულება გაამართლებს, ხომ კარგი, თუ არა  – ესეც გამოცდილებაა, რომელიც შემდეგ ნაბიჯებში გეხმარება. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა, რომ ყავის ინდუსტრიის მომავალი ნათელია.

საქართველოს ჩემპიონი ბარისტა – ლუკა დარისპანაშვილი

Julius Meinl Barista Cup-ის ადგილობრივ ტურნირში რვა ბარისტა მონაწილეობდა. ჟიურიში იყვნენ: არჩილ მელუა (მთავარი მსაჯი), სოსო მაისურაძე (სენსორული მსაჯი), ანასტასია ბედუქიძე (სენსორული მსაჯი). ასევე, ბარისტებს აკვირდებოდა ტექნიკური მსაჯი – თენგიზ ოზმანოვი. შეფასების კრიტერიუმები საკმაოდ ვრცელი სიისგან შედგებოდა და მოიცავდა არა მარტო მომზადებული ყავის გემოსა და ტექნოლოგიას, არამედ მონაწილეთა პრეზენტაციის უნარსაც.

თითოეულ მონაწილეს სულ 31 წუთი ჰქონდა ორ-ორი ესპრესოს, კაპუჩინოსა და საფირმო ყავის კოქტეილის მოსამზადებლად. უნდა აღინიშნოს, რომ ყოველი მათგანი საინტერესოდ წარდგა აუდიტორიის წინაშე, თუმცა, კონკურსის წესების თანახმად, ჟიურის მოუწია საბოლოო გადაწყვეტილების მიღება და გამარჯვებულად ლუკა დარისპანაშვილი გამოცხადდა, რომელსაც ნამდვილად შთამბეჭდავი გამოსვლა ჰქონდა. მართალია, მისი მომზადებული ყავის სახეობები მხოლოდ ჟიურიმ დააგემოვნა და მათ შეფასებას ვენდობით, მაგრამ პრეზენტაციის კუთხით, ლუკამ ნამდვილად მოახერხა, მზადებისა და შეზღუდული დროის პარალელურად, დეტალურად ესაუბრა არა მხოლოდ საკუთარ ტექნიკაზე, არამედ, ზოგადად, ყავის კულტურაზეც. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ლუკა არა მხოლოდ ჟიურის, არამედ სპონსორების რჩეულიც გახდა.

 
თავისი შთაბეჭდილება ლუკამ marketer-საც გაუზიარა:

„მე პროფესიით ბარმენი ვარ და ყავის მომზადება ჩემთვის ყოველთვის საინტერესო გამოცდილებაა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ამ შეჯიბრში მონაწილეობაც და პირველად შევიგრძენი ის ემოცია, თუ რას ნიშნავს, იყო გამარჯვებული. მინდა აღვნიშნო, რომ სიხარულთან ერთად, საკუთარი თავის მიმართ მცირე სიამაყის გრძნობაც გამიჩნდა, რადგან ადგილობრივ ჩემპიონატზე ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვავლინე და მიხარია, რომ დამიფასდა. 

განსაკუთრებით სასიამოვნო შეგრძნებაა ის მოლოდინი, რომ ავსტრიაში, მსოფლიო ჩემპიონატში მივიღებ მონაწილეობას. რა თქმა უნდა, წინ კიდევ მაქვს დრო და შესაბამისად მოვემზადები, დანარჩენს კი უკვე ადგილზე გავიგებთ. როგორც დღეს, იქაც ყველაფერს გავაკეთებ საკუთარი თავის საუკეთესოდ წარმოსაჩენად და, იმედია, გამიმართლებს”. 

მაშ ასე – საქართველოს ჩემპიონი უკვე გამოვლენილია და ყველამ, ვინც ყავის სიყვარულით ამ დღის ირგვლივ გაერთიანდა, დასამახსოვრებელი ემოციები დავაგროვეთ. მონაწილე ბარისტებისთვის ეს იყო დიდი გამოცდილება და შესაძლებლობა, საკუთარი თავი ფართო აუდიტორიისთვის წარედგინათ. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ, რა მოხდება ვენაში და როგორ შეძლებს საერთაშორისო ჟიურის წინაშე წარდგენას საქართველოს წარმომადგენელი.

როგორ იქცევა მზის სიყვარული და რეტრო ესთეტიკა Iveria Beach-ის საკომუნიკაციო ენად

რატომ ვერ ამართლებს მომხმარებლის მოლოდინს ბრენდების AI-ჩატბოტები