in

ვენის შუაგულში გახსნილი პატარა მაღაზიის დიდი ისტორია – Julius Meinl

ვისაც ყავა ძალიან უყვარს, ის მის ბრენდებშიც კარგად ერკვევა. Julius Meinl ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახელია ყავის მოყვარულებს შორის. ის თავისი დამფუძნებლის სახელს ატარებს და იმაზე დიდი ხანია არსებობს, ვიდრე შეიძლება ფიქრობდეთ. ავსტრიული ბრენდი გამორჩეულია თავისი ხარისხითა და დახვეწილი არომატებით, რომელსაც მომხმარებელი სიამოვნებით ირჩევს ყოველთვის, როცა ყავა მოუნდება.

istoriebi
istoriebi

გადავხედოთ ბრენდის ისტორიას და ვნახოთ, როგორი გზა გაიარა მან იქამდე, სანამ საყოველთაოდ ცნობილი გახდებოდა…

ბრენდის შესახებ

ყავის სახლი Julius Meinl am Graben შუაგულ ვენაში მდებარეობს და გურმანებისთვის ერთ-ერთი საყვარელი ადგილია. ამ ადგილს მარტო ადგილობრივები კი არ სტუმრობენ, არამედ ტურისტებსაც მონიშნული აქვთ ხოლმე სანახავი ადგილების სიაში. მართალია, ის ცნობილია, როგორც ყავის ბრენდი, მაგრამ ბოლო ათწლეულებია, დელიკატესებსაც აწარმოებს, რითაც კიდევ უფრო პოპულარული გახდა. ავსტრიის კვების ბაზარზე Julius Meinl საკმაოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

კომპანიის დაარსება

ყველაფერი 1862 წელს დაიწყო ვენაში, როდესაც Julius Meinl I-მა დედაქალაქის ცენტრში პატარა მაღაზია გახსნა. მისი მთავარი გზავნილი იყო: „რით შემიძლია გემსახუროთ?”, რაც მოგვიანებით მთლიანი ბრენდის მოტოდ გადაიქცა და მომხმარებლისადმი დამოკიდებულებაში გადაიზარდა. 

მაღაზიაში თავდაპირველად ჩაი, კაკაოს მარცვლები, შაქარი და ყავის მარცვლები იყიდებოდა.

მაღაზია წარმატებულად მუშაობდა, თუმცა 1974 წლისთვის ეკონომიკური კრიზისის გამო მეინლს მისი დახურვა მოუწია. თუმცა მას მთლიანად საქმიანობაზე არ უთქვამს უარი და ახალ ადგილზე გადაწყვიტა გადასვლა.

ყავის მოხალვის ტექნიკა

1877 წლისთვის მეინლმა ერთგვარი რევოლუცია მოახდინა, როცა ყავის მოხალვის თავისებური ტექნიკა შეიმუშავა. მანამდე ყავა მხოლოდ ნედლად იყიდებოდა და შედეგი ინდივიდუალურად, მზარეულის უნარზე იყო დამოკიდებული. მეინლი წლების განმავლობაში ატარებდა ექსპერიმენტებს და შეიმუშავა დაპატენტებული გამოწვის პროცესი, რომელიც ინარჩუნებდა სრულ ბუნებრივ არომატს.

ახალი მმართველი, ახალი ძალა

1889 წელს ბრენდს შეუერთდა დამფუძნებლის 20 წლის ვაჟი, რომელმაც ახალი ხედვა შემოიტანა და საერთაშორისო გამოცდილებაზე დააფუძნა კომპანია.

1912 წელს კომპანია გადავიდა თავის ახლად აშენებულ შტაბ-ბინაში ვენის მე-16 რაიონში, რომელიც უზრუნველყოფდა სივრცეს ახალი საწარმოო ობიექტებისთვის და პირდაპირ იყო დაკავშირებული სარკინიგზო ქსელთან. მან დაიწყო დელიკატესების წარმოება და ზუსტად ერთ წელიწადში არა მარტო ავსტრიაში, რამდენიმე ქვეყანაში გახდა ცნობილი. 

ომის შედეგები

1918 წლიდან კომპანია დაუპირისპირდა ომის შედეგად წარმოქმნილ ეკონომიკურ კრიზისს და გაფართოვდა ახალ ბაზრებზე, შეიმუშავა ახალი პროდუქტები და სტრატეგია, რომლის ნაწილიც იყო შოუ, „დიასახლისების შუადღე”. 

1924 წელს ბრენდმა თავისი ცნობილი ლოგოც დაიმშვენა. მისი ავტორი იყო ჯოზეფ ბაინდერი.

1960-იანი წლების ბოლოს კომპანია 280 მაღაზიის მფლობელი იყო. ამავე, 60-იან წლებში გამოვიდა 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ყავა, სახელად “Jubilee”.

დღესდღეობით Julius Meinl პრემიუმყავის კატეგორიაში გადის. მრავალფეროვან პროდუქციასთან ერთად, რომლებიც წლების მანძილზე იქმნებოდა, 2020 წელს ბრენდმა გამოუშვა INSPRESSO-ს კაფსულები. ისინი შედგება 7 განსხვავებული კაფსულისგან, რომლებიც დამზადებულია სრულად ბიოდეგრადირებადი მასალისგან.

აღსანიშნავია, რომ Julius Meinl-ს ქართველი მომხმარებელიც კარგად იცნობს.

ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.

#დაძარი

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

რთული არჩევანი გრძელვადიან სამსახურსა და რაღაც ახლის დაწყებას შორის

Bliss Yoga — იოგა-პილატესის ახალი სტუდია