Jumpstart Georgia არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 2009 წელს შეიქმნა და open source ტექნოლოგიების გამოყენებით ღია მონაცემების ვიზუალიზაციას ახდენს.
ორგანიზაციის მკვლევარი ნინო მაჭარაშვილი ამბობს, რომ ამ გზით ცდილობენ საზოგადოებას რთული და კომპლექსური საკითხები მარტივად მიაწოდონ.
“ჩვენი საქმიანობის სამი ძირითადი კომპონენტია: მონაცემების შეგროვება, მონაცემების ანალიზი და მონაცემების სწორად და მარტივად მიწოდება, ვიზუალური გამოსახვის გზით. მაგალითად, ჩვენ შევაგროვეთ მონაცემები 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, როდესაც მოხალისეების დახმარებით, საარჩევნო ოქმების შედეგები შევიყვანეთ ბაზაში და შევქმენით ცესკოსგან დამოუკიდებული, ალტერნატიული მონაცემთა ბაზა, რომელიც საჯაროს ხდის არჩევნების შედეგებს თითოეული უბნის დონეზე.
ამ მონაცემების შედეგები დავიტანეთ რუკაზე. ჩვენ მიერ შექმნილი აპლიკაცია საშუალებას აძლევს მომხმარებელს, გაანალიზოს მონაცემები ონლაინ, ჩვენივე პორტალის გამოყენებით.
ინფოგრაფიკები, რომელთაც feradi.info-ზე ვაქვეყნებთ, მრავალფეროვან თემებს ეხება და მომზადებულია როგორც ჩვენ მიერვე შეკრებილ, ასევე, სხვადასხვა ორგანიზაციიდან თუ სახელმწიფო უწყებებიდან მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით.
ვიზუალიზაციაზე მუშაობა იწყება იდეით. ჩვენი ვიზუალიზაციების ვებ-გვერდს აქვს ცალკე იდეების გვერდი, სადაც როგორც ორგანიზაციის თანამშრომლები, ასევე, ჩვენი მომხმარებლები აქვეყნებენ იდეებს, თუ რა თემა აინტერესებთ და რაზე ისურვებდნენ ვიზუალიზაციების ნახვას. შემდეგ ვარჩევთ ყველაზე აქტუალურს, საჭიროს და ფართო საზოგადოებისთვის საინტერესო თემებს და ვიწყებთ მონაცემების მოძიებას. შემდეგ წყდება როგორ გამოვსახოთ ვიზუალურად: იქნება ეს ინტერაქტიული, დინამიური თუ სტატიკური ვიზუალიზაცია, ა.შ.
ასევე, ჩვენ ვართ ჩართული ადვოკატირების პროცესში და ადვოკატირებას ვუწევთ მონაცემების ღიაობას. გვჯერა, რომ რაც მეტი მონაცემი იქნება საჯარო და ყველასთვის ხელმისაწვდომი (იქნება ეს სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციების თუ კერძო სექტორის მონაცემები), მით მეტ სარგებელს ნახავს ყველა. ადამიანები შეძლებენ, ფაქტებსა და მონაცემებზე დაყრდნობით გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი.
28 იანვარს მართავთ ღონისძიებას -”მონაცემების ფერადი კომუნიკაცია”, რა იქნება წარმოდგენილი გამოფენაზე და რა არის ღონისძიების მთავარი მიზანი?
ღონისძიების მთავარი მიზანია, დაინტერესებულ ადამიანებსა და ორგანიზაციებს გავაცნოთ ვიზუალური კომუნიკაციის მნიშვნელობა და გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება. დღის განმავლობაში ჩვენი ორგანიზაციის თანამშრომლები სხვადასხვა თემაზე ჩაატარებენ ვორქშოპებს ღია მონაცემების, დიზაინის, ვიზუალიზაციების შესახებ. საღამოს კი გაიხსნება გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება JumpStart Georgi-ს მიერ გასული ერთი წლის განმავლობაში შექმნილი ინფოგრაფიკები და ინტერაქტიული ვიზუალიზაციები სხვადასხვა თემის შესახებ.
ვიზუალური მონაცემები რამდენად ეფექტურს ხდის კომუნიკაციას?
ვიზუალური კომუნიკაცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მაშინ, როდესაც ვცდილობთ, ფართო აუდიტორიამდე მივიტანოთ რთული და კომპლექსური საკითხები, როგორიცაა, მაგალითად, მონაცემები. ბევრ ადამიანს არ უყვარს რიცხვები, განსაკუთრებით, როცა ბევრი რიცხვია ერთად თავმოყრილი. არადა, მნიშვნელოვანია, მათ სწორედ ფაქტებზე, მონაცემებზე დაყრდნობით მიიღონ გადაწყვეტილება და მათთვის ინფორმაციის ერთადერთი წყარო არ იყოს მოსაზრებები და ჭორები.
ვიზუალიზაციები ამარტივებს რთული და ჩახლართული მონაცემების აღქმას, ადვილად გასაგებს ხდის საკითხს ნებისმიერი, საშუალო სტატისტიკური მნახველისთვის. მონაცემების ვიზუალურად გამოსახვა არა მარტო ამარტივებს კომუნიკაციას, ზრდის მის ეფექტურობასაც: ადამიანთა 40% ვიზუალურ ინფორმაციას უკეთ აღიქვამს, ვიდრე ტექსტს. ასევე, იმ ინფორმაციის 90%, რაც ტვინამდე აღწევს, ვიზუალურია.
ამა თუ იმ მონაცემების ვიზუალიზაცია უცხოა ქართული რეალობისთვის. რამდენად რთულია/მარტივია ასეთი მოცემულობით თქვენთვის მუშაობა და ამ მიმართულების განვითარებისთვის სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
პირველი ორგანიზაცია ვართ, ვინც საქართველოში მონაცემების ვიზუალიზაციაზე მუშაობს. ჩვენი მიმდინარე პროექტის “მონაცემების ვიზუალიზაცია ადვოკატირებისთვის” ფარგლებში, ვაპირებთ ვითანამშრომლოთ სხვადასხვა ორგანიზაციასთან, რათა მათაც დაიწყონ ან გააუმჯობესონ მონაცემების ვიზუალიზაციების გამოყენება თავიანთ საქმიანობაში. არის ძალიან ბევრი კარგი ორგანიზაცია, რომლებიც მუშაობენ ბევრს, იკვლევენ რაღაც საკითხს, ქმნიან საჭირო და გამოსადეგ მონაცემებს, მაგრამ გაბნეულია სქელტანიან ანგარიშებში და ბევრი ვერც ნახულობს.
მონაცემების ვიზუალიზაცია გვეხმარება: მივიტანოთ საჭირო და მარტივად აღსაქმელი, ფაქტებითა და მონაცემებით გამყარებული გზავნილი სამიზნე აუდიტორიამდე. გვინდა, ვიზუალური კომუნიკაციის ამ საშუალების გამოყენება რაც შეიძლება მეტმა ორგანიზაციამ თუ ადამიანმა დაიწყოს საქართველოში.