11 თებერვალს Junior Manager’s School-ის საგაზაფხულო კურსი იწყება. ეს არის საკვირაო პროგრამა IX, X და XI კლასის მოსწავლეთათვის, რომლის მიზანია, გადაწყვეტილების ეტაპზე მყოფმა უფროსკლასელებმა დაინახონ, როგორი შეიძლება იყოს მათი მომავალი პროფესია.
საგაზაფხულო პროგრამის ფარგლებში, Junior Manager’s School-ის მასტერკლასები ჩატარდება ყოველ კვირას 14:00-დან 18:00 საათამდე, Impact Hub-ში („ფაბრიკა“, ნინოშვილის #8). კურსი დასრულდება 22 აპრილს. გაიცემა Junior Manager-ის სერტიფიკატი. პროგრამაზე რეგისტრაციის ბოლო დღეა 2018 წლის 8 თებერვალი.
„გარკვეული ასაკიდან აქტიურად ვიწყებთ ფიქრს მოზარდების პროფესიულ მომავალზე. ჩვენ მხოლოდ რჩევებს ვაძლევთ, გამოცდილებას ვუზიარებთ. გადაწყვეტილება მათ თვითონ უნდა მიიღონ. მომავალი პროფესიის შესარჩევად რამდენიმე ოქროს წესი არსებობს: სურვილი, შესაძლებლობა, საშუალება – პირველ რიგში, განისაზღვრება ინტერესი, სწორედ ეს არის პრიორიტეტული წესი; მაქსიმალური ინფორმაცია მომავალი პროფესიის შესახებ; თვით გამოხატვა – არ ვატანთ ძალას მოზარდს გადაწყვეტილების მიღებისას, ვეხმარებით ინფორმაციის მიღებაში. ჩვენი პროგრამა თავისი შინაარსით, შეიძლება ითქვას, უნიკალურია, რადგან ბიზნესის მიმართულებების გარკვეულ დონეზე ცოდნა ყველა პროფესიის ადამიანს სჭირდება. დროისა და თვითმენეჯმენტი, ფინანსური რესურსების დაგეგმვა და განაწილება, სწორი კომუნიკაცია და მარკეტინგი მუსიკოსის, მსახიობის, იურისტის, სპორტსმენის, ექიმისა თუ მწერლისთვის ერთნაირად აუცილებელია. სწორედ ამიტომ ვთვლი, რომ ბიზნეს განათლებ, არა მარტო მენეჯერებისთვის, არამედ ყველა პროფესიის ადამიანისთვის საჭიროა! “, – ამბობს პროგრამის ავტორი ხათუნა ბოლქვაძე.
Junior Manager’s School-ის კურსდამთავრებულები ამბობენ, რომ პროგრამის ფარგლებში მიღებული ინფორმაციით მარტივად გააკეთეს არჩევანი, რადგან კარგად დაინახეს, როგორი შეიძლება ყოფილიყო მათი მომავალი პროფესია.

ნიკა გიორგაძე : „ჯუნიორ მენეჯერთა პროგრამა“ დაგეხმარებათ პროფესიის არჩევაში, შეგიქმნით ზოგად წარმოდგენას ბიზნესის ამა თუ იმ თემის შესახებ, მოგცემთ საშუალებას ესტუმროთ ბევრ საინტერესო ადგილს და მიიღებთ ისეთ გამოცდილებას, რომელიც მომავალში აუცილებლად გამოგადგებათ. გარდა ამისა, მოგეცემათ საშუალება, შეიძინოთ ახალი მეგობრები და მათთან ერთად, მომავალში, განახორციელოთ თქვენი გეგმები. „ჯუნიორ მენეჯერთა სკოლამ“ მე ბევრი რამ შემძინა და აუცილებლად გირჩევთ, ჩაერთოთ ამ პროგრამაში.

ნიკა ჩერქეზიშვილი: პირველად ამ პროგრამის შესახებ ინტერნეტში წავიკითხე და დავინტერესდი. ლექციები ყოველთვის ინფორმაციული და საინტერესო იყო, ლექტორები ზუსტად ახერხებდნენ ჩვენთვის ეჩვენებინათ პროფესიის დადებითი და უარყოფითი მხარეები. სასწავლო გარემო იდეალურად იყო მორგებული ჩვენზე. საკვირაო სკოლამ გამიმარტივა და დამეხმარა მომავალი პროფესიის არჩევაში, ასევე, შემძინა ბევრი ახალი მეგობრები. ვთვლი, რომ პროგრამა სასიამოვნო, საინტერესო და შემეცნებითი ხასიათის იყო.
პროგრამის სპიკერი, ნინო ახალაია კი მიიჩნევს, რომ ეს არის უნიკალური პროექტი, რომელიც უფროსკლასელებს, მათთვის ყველაზე მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ ეტაპზე, გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება.

„ყველას გაგვივლია ეს პერიოდი და, ალბათ, ნებისმიერი დამეთანხმება იმაში, რომ ამ დროს ძალიან რთულია „გამოიცნო”, თუ რასთან გექნება საქმე მომავალში ამა თუ იმ პროფესიის არჩევისას. Junior Manager’s School-ის დახმარებით, მოზარდებს აქვთ საშუალება, გაიგონ უფრო მეტი სამომავლო პროფესიებზე, მიიღონ ინფორმაცია პირველი წყაროდან და, შეძლებისდაგვარად ნათლად, დაინახონ, თუ რამდენად შეესაბამება მათი მოლოდინი რეალობას. რაც შეეხება კონკრეტულად ჩემს საგანს, „ბიზნეს ეტიკეტის” ფარგლებში ვცდილობ, უფროსკლასელებს დავანახო, რა მნიშვნელობა აქვს პროფესიულ იმიჯს და სწორი კომუნიკაციის უნარს საქმიან გარემოში. გარდა პროფესიული უნარებისა, თანამედროვე მსოფლიოში არსებობს ბევრი სხვა კრიტერიუმი, რომლებიც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ამა თუ იმ ადამიანის წარმატებას კარიერაში. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ „ჯუნიორ მენეჯერებს” ეს ყველაფერი ადრეული ასაკიდან ეცოდინებათ, რაც აუცილებლად გაუმარტივებთ მათ საქმიან კომუნიკაციას მომავალში”, – ამბობს ნინო ახალაია.