12
ოქტ
2017

Junior Managers’ School – კურსი, რომელიც მოზარდებს პროფესიის არჩევისას გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება

12 ოქტ 2017

Junior Managers’ School-ის ბიზნესგანათლების პროგრამის შემოდგომის კურსი 15 ოქტომბერს იწყება. პროექტის მიზანია, მოზარდებს სწორი და მათთვის შესაფერისი პროფესიული არჩევანის გაკეთებაში დაეხმაროს.

BOG PLUS

პროგრამა 2011 წელს შეიქმნა და განსაზღვრულია IX, X და XI კლასის მოსწავლეებისათვის. Junior Managers’ School მოიცავს ორთვიან მასტერკლასებს Team Building-ის, ბიზნესის საწყისების, ეკონომიკის, მენეჯმენტის, ბიზნესის სამართლის, ონლაინ მარკეტინგის, საბანკო საქმის, PR-ისა და ღონისძიებების მენეჯმენტის, შოუ ბიზნესის, სახელმწიფო და ბიზნესის, დასაქმების ბაზრის, მედიის, ბიზნეს ეტიკეტის, სოციალური მედიისა და Startup Life-ის მიმართულებით.

პროგრამის ავტორი, ხათუნა ბოლქვაძე ამბობს, რომ კურსის მიზანია, მოზარდებს მომავალი პროფესიის გააზრებულად არჩევაში დაეხმაროს. მისი თქმით,  მათ წარმოდგენა უნდა ჰქონდეთ რატომ ირჩევენ, ან პირიქით, რატომ არ ირჩევენ ამა თუ იმ პროფესიას.

ხათუნა ბოლქვაძე:  ჩემ დროს ჯერ კიდევ არსებობდა „გენეტიკური” პროფესიები:  ექიმობა, იურისტობა და ა.შ. მეც მყავს ორი  მეგობარი, რომლებმაც სწავლა ბიზნესის ფაკულტეტზე დაიწყეს და შემდეგ ერთი თეატრალურ უნივერსიტეტში გადავიდა, მეორე კი დღეს წარმატებული რეჟისორია. პრობლემა ზუსტად ეს იყო: ჩვენთან, როგორც წესი, არავინ მუშაობს, გაათვითცნობიეროს მოზარდები, რა პერსპექტივები აქვს ამა თუ იმ პროფესიას. ეს პროგრამაც სწორედ იმიტომ გავაკეთე, რომ მათ პროფესიის არჩევაში დავხმარებოდი. რატომ ვერ ვირჩევთ პროფესიას სწორად?! იმიტომ, რომ ცუდად ვიცნობთ საკუთარ თავს, ჩვენს უნარ-ჩვევებსა და ინტერესებს. რაც უფრო მეტ ინფორმაცია ექნებათ, ზოგადად, რა ხდება პროფესიების გარშემო, ვინ არიან ამ სფეროში დასაქმებულები და რა უნარების აქვთ, უფრო გაუადვილდებათ არჩევანის გაკეთება. მოზარდებმა, რომლებიც ხვდებიან სპიკერებს, პარალელები უნდა გაავლონ საკუთარ თავთან, უნდა გაიგონ, თავად როგორი ტიპაჟები არიან: უფრო „საოფისე”, კომუნიკაციისკენ თუ ფინანსებისკენ მიდრეკილები. შესაბამისად, ნაკლებია შეცდომების შანსი. მინიმუმ, 4 წელს არ დაკარგავს ისეთი რამის სწავლაში, რაც მომავალში აღმოჩნდება, რომ ეს მისი პროფესია არ იყო”.

ხათუნა ბოლქვაძე მიიჩნევს, რომ კურსების წარმატებად ჩაითვლება მოზარდებს გადაწყვეტილების მიღებისას ჰქონდეთ ზუსტი არგუმენტები.

„თუ ვინმეს ოჯახში დღეს კიდევ აძალებენ პროფესიის არჩევას, ამ კურსების გავლის შემდეგ მოზარდები უფრო მეტ წინააღმდეგობას გაუწევენ მშობლებს, არგუმენტები ექნებათ რატომ ირჩევენ, ან პირიქით, არ სურთ ამა თუ იმ პროფესიის არჩევა. მე თავად ჯერ კიბერნეტიკის ფაკულტეტი დავამთავრე, შემდეგ ESM-ის ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრიატის პროგრამა, მაგისტრის ხარისხი გერმანიაში დავიცავი. შემდეგ კი 9 წელი ESM-ში ჩემი ფაკულტეტის დეკანი ვიყავი. როდესაც ამ პროგრამას ვაყალიბებდი, ჩემი მიზანი არ იყო, მოზარდებს აუცილებლად ბიზნესის ადმინისტრირება აერჩიათ ან მათთვის ამ მხოლოდ პროფესიის „ბენეფიტები” დამენახებინა. ჩემთვის გამარჯვება იქნება თუნდაც ის, რომ გაიგონ, რომელი პროფესიის შესწავლა სურთ ან არ სურთ და ეს ზუსტად ესმოდეთ რატომ. ძალიან მოტივირებული, ცნობისმოყვარე თაობა მოდის, წარმატებისთვის ბევრს შრომობენ, იღებენ უამრავ ინფორმაციას. ჩვენ მზა რეცეპტებით ვცდილობთ მათ დახმარებას. ყველასთვის ცხადია, რომ  ორსაათიანი მასტერკლასებით თითოეული საკითხის სიღრმეებში ვერ ჩავალთ, მაგრამ მოზარდები ამა თუ იმ პროფესიაზე იღებენ მნიშვნელოვან,  საჭირო და „ტრენდულ”  ინფორმაციას. შემდეგ კი, ინტერესის შემთხვევაში, მეტ დეტალსა და საკუთარ თავთან ანალოგიას ეძებენ”.

სასერტიფიკატო საკვირაო პროგრამის საშემოდგომო კურსი 17 დეკემბერს დასრულდება. სწავლის ღირებულება 690 ლარია.

განხილვა