განიმედე, გიგანტური ყინულოვანი მთვარე, რომელიც იუპიტერის გარშემო მოძრაობს, ნასას კოსმოსურმა ხომალდმა 7 ივნისს დააფიქსირა. ყინულოვანი სხეული მზის სისტემაში უდიდეს ბუნებრივ თანამგზავრს წარმოადგენს და ჩვენგან 650 მილიონი კილომეტრით შორს იმყოფება…
NASA-ს ხომალდმა “ჯუნომ” კი მას 1000 კილომეტრის მანძილზე ჩაუფრინა, რაც უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს. თანაც, “ჯუნომ” სულ რაღაც 25 წუთში ისტორიაში 5 ყველაზე დეტალური ფოტოს გადაღება შეძლო, რომელიც ციური სხეულის გასაოცარ დეტალებს უსვამს ხაზს.
ფოტოები კოსმოსური ხომალდის მწვანე სინათლის ფილტრით არის გადაღებული და შესაბამისად, ხილული სინათლის სრულ სპექტრს არ წარმოადგენს. თუმცა NASA უფრო მეტი ფოტოსურათის მიღებას ელოდება, მათ შორის წითელი და ლურჯი ფილტრებით გადაღებულის. ეს კი მეცნიერებს განიმედეს ფერადი პორტრეტის შექმნის შესაძლებლობას მისცემს.
მთვარის ბნელ მხარეს გადაღებული შავ-თეთრი ფოტო კი ჯუნოს სანავიგაციო კამერის მიერ იქნა გადაღებული.
მეცნიერების თქმით, კრატერებით დაფარული ზედაპირი, რელიეფის კონტრასტული მუქი და ნათელი ფერები თუ სხვა ზედაპირული ნიშნები ტექტონიკური რღვევების არსებობაზე მიანიშნებს – ანუ, იმავე ტიპის პლანეტარულ ხარვეზებზე, რომლებსაც დედამიწის ზედაპირზე ვხვდებით.
ამასთან ერთად, არსებობს მტკიცებულებები, რომ სქელი, ყინულოვანი ზედაპირის ქვეშ მლაშე წყლის ოკეანე იმალება და მასში, სავარაუდოდ, დედამიწაზე მეტი წყალია. გარდა ამისა, მზის სისტემაში განიმედე ერთადერთი საკუთარი მაგნიტური ველის მქონე მთვარეა. ეს მაგნიტური ველი მის პოლუსებთან ციალსაც წარმოქმნის.