განახლებული „საქართველოს ქალის“ მისია, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა 100 წლის შემდეგ გამოსცა, სტერეოტიპებთან დაპირისპირებაა.
„საქართველოს ქალი“ ყოველთვიური საზოგადოებრივ-პოლიტიკური და მხატვრულ-ლიტერატურული გამოცემა იყო, რომლის პირველი ნომერიც 1923 წლის სექტემბერში დაიბეჭდა. 24-გვერდიან, ყოველთვიურ ჟურნალს მთელი ქვეყნის მასშტაბით უდიდესი აუდიტორია ჰყავდა და დღემდე მისი ცნობადობა ძალიან მაღალია.
„საქართველოს ქალის“ განახლებული საიუბილეო ნომერი თემატურად მრავალფეროვანია. მასში შეხვედებით ქალებს, რომლებიც საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში საქმიანობენ, ქალებს, რომლებმაც ინოვაციური, მაღალტექნოლოგიური სტარტაპები დააფუძნეს, ილუსტრატორებსა და ციფრულ არტისტებს, ელექტრონული მუსიკის, ფოტოგრაფიის, სამხედრო სფეროსა და ა.შ. წარმომადგენლებს, მათი საქმიანობისა და წარმატების ისტორიებს — ამბებს, რომლებიც მკითხველს გენდერული სტერეოტიპების აბსურდულობაში კიდევ ერთხელ დაარწმუნებს და აჩვენებს რეალობას, რომელიც ამ სტერეოტიპების მიღმა დგას.
ჟურნალში გამოყენებულია საქართველოს ქალის მასალები 70-80-იანი წლებიდან, მუსიკის ნოტები, თარგები და ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი სტატია — საიუბილეო ნომერი მკითხველს არა მარტო საინტერესო და მრავალფეროვან, არამედ ინოვაციურ კონტენტსაც წარუდგენს.