30
Oct
2019

ჰარმონია, დისბალანსი, მოტივაცია და Just do it – ბეკი ფანცხავა

30 Oct 2019

ძალიან დიდი ხნის წინ, როცა ძალიან პატარა ვიყავი და მჯეროდა, რომ წვიმა მხოლოდ მაშინ მოდის როცა მე მინდა და სკიტლსის ულევი მარაგის ქონა ყველაზე დიდი ბედნიერებაა, წავიკითხე ძალიან უცნაური წარწერა სპორტული ატრიბუტიკის სარეკლამო პოსტერზე, რომელიც რაღაცის გაკეთებისკენ მოგვიწოდებდა.

ზუსტად მახსოვს, რომ ვერ მივხვდი რა ფორმით მოდიოდა ჰარმონიაში ერთმანეთთან “just” “do” და მითუმეტეს მისტიური “it”.

წლებია ამ 3 სიტყვის ჰარმონიულობაზე ვფიქრობ. განსაკუთრებით კი ამ ბოლო დროს.

ჩემი გააზრებული ცხოვრების უმეტეს ნაწილს დაკვირვებაში ვატარებ. დიდი ინტერესით და ცნობისმოყვარეობით ვუყურებ მოვლენებს, ცვლილებებს, იმასაც, თუ რა სისწრაფით იზრდებიან ადამიანები ან (სამწუხაროდ) არ იზრდებიან. როგორ აკეთებენ, ან არ აკეთებენ “it”-ებს.

ხოლო როცა ვხედავ, რომ ვიღაც ამ მისტიურ “it”-ს უახლოვდება და ყველაზე ეპიკური მომენტი დგება, მინდა შევძახო “just do it” ისე, როგორც ამას ნამდვილი ვარსკვლავები, გმირები, ეწ “ინფლუენსერები” გვასწავლიან (ბასით, ბარიტონით, გამამხნევებლად, დაღლილად, ჩემპიონურად, მედიდურად ან თუნდაც თავმდაბლურად…).

ახლა, ალბათ ზემოთ აღნიშნული “ძალიან ეპიკური მომენტის” და ყველაზე გამორჩეული და გაბედული “it”-ების შესახებ ისტორიის მოსმენა გსურთ, თუმცა ისტორია არ იქნება. არ იქნება არც გარი გილმორის “let’s do it”-ის გარშემო სრულად უინტერესო მონოლოგი, რომელიც სხვადასხვა წყაროდან მოძიებულ უამრავ მართალსა და ტყუილზე იქნება დაფუძნებული. არ იქნება არც კაპერნიკის გმირობა vs არა გმირობის გარშემო დისკუსია. არ იქნება არც სერენა უილიამსის “10 ხერხი წარმატების მისაღწევად”. არ იქნება არც პირადი დრამა, არც სხვისი სატირა. იქნება მხოლოდ 3  სიტყვის (მათ შორის 1 მისტიური “it”) ჰარმონიაში მოყვანის მცდელობა.

უბრალოდ გაკეთების რა მოგახსენოთ. ბევრ ჩვენგანს საკმარისი გამბედაობა არ აქვს იმისთვის, რომ რამე უბრალოდ გააკეთოს. ამაზე ის რუტინაც მიგვითითებს, რომელიც ძალიან მარტივად გვითრევს და ყოველდღე კიდევ უფრო და უფრო მეტად გვაშორებს რამის უბრალოდ გაკეთებისგან.

აი მე და აი შენ და პრინციპში აი თქვენც.

საზოგადოება კი უბრალოდ რაღაცის გაკეთებას ითხოვს ჩვენგან. ჩვენ კი “it”-ის განხორციელებისთვის ვიღაცის შეძახილებს ველით (ამ შემთხვევაში სპორტული ატრიბუტიკის პოსტერი ზუსტად ის ნიშანია, რომელიც განგებამ “airmax”-ების გაზომვის დროს გამოგვიგზავნა).

 

და მაინც რატომ გვჭირდება ვინმეს შეძახილი რომ რამე გავაკეთოთ? რატომ არ შეგვიძლია ჩვენით დავიმოტივიროთ თავი? უცნაურია, მაგრამ ფაქტი ჯიუტია და სპორტული ატრიბუტიკის მოწოდება ხშირად გვიბიძგებს წავიდეთ დარბაზში, ვირბინოთ მზის სხივების ამოსვლასთან ერთად, ვითამაშოთ კალათბურთი და ფეხბურთი, გავშალოთ მატი, დავლიოთ ოხრახუშის ცივად დაწურული წვენი და შესაბამისად, გავსუფთავდეთ ტოქსინებისგან…კომერციული შეხახილი, რომელიც გვისწორებს შეცდომებს და ჩვენივე საკუთარი თავების უკეთესი ვერსიების შექმნისკენ გვიბიძგებს.

ჩვენს გონებაში, ნაიკი და “just do it” ისეთივე ჰარმონიულ კომბინაციად არის გამჯდარი, როგორც ბონი და კლაიდი, ზღვა და მზე, ღვინო და ყველი, შერლოკ ჰოლმსი და ექიმი უოტსონი, H2 და O, აპეროლი და პროსეკო, ელლა და ლუი, ბივისი და ბატჰედი. ამ კომბინაციების სრულყოფილებაზე ფიქრის გარდა, ხანდახან ქმედებაც გვმართებს, რომელიც ხანდახან პატარა შეძახილით და “just do it”-ით იწყება.

ამ ექსტრაქტის წერა ბევრჯერ დავიწყე და ბევრჯერვე დავანებე თავი. ბევრჯერ გადავხედე და ყველაფერი წავშალე. ბევრჯერ უკმაყოფილო ვიყავი საკუთარი თავით და ბევრჯერაც ძალიან კმაყოფილი. მაგრამ ის, რასაც წერის დროს კიდევ ერთხელ მივხვდი მაინც ის არის, რომ ნიშნები ყველგან არის. ცაშიც, ადამიანებშიც და სპორტული ატრიბუტიკის პოსტერებზეც კი, რომელიც განგებამ ცხვირწინ განგვითავსა ტრეიდ მარკეტინგის თანამშრომლის ხელით.

“Just do it”-ის კომბინაციის  ჰარმორნიულობა თქვენი გადასაწყვეტია. მე თუ მკითხავთ, უბრალოდ ადექით და გააკეთეთ ის, რისი გაკეთებაც გსურთ. არა იმიტომ, რომ ამაზე დიდი ხანი ოცნებობდით და ყველაფერთან ერთად დიდმა კორპორატიულმა ბრენდმა (ამ შემთხვევაში Nike-მა) გირჩიათ.

არა.

არც იმიტომ, რომ უბრალოდ just do it.

არა.

თქვენ თავთან  და სამყაროსთან ჰარმონიისთვის just do it არ კმარა.

just doing it doesn’t really work.

just enjoying it – does.

ისიამოვნეთ.

 

ბეკი ფანცხავა – Marketer.ge – ს კონტრიბუტორი

განხილვა