ბოლო პერიოდში უალკოჰოლო სასმელები სულ უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს, რადგან ადამიანები ასკვნიან, რომ ეს ალტერნატიული გემოებიც ისეთივე კარგია, როგორც ტრადიციული.
თუმცა მეორე საკითხია უალკოჰოლო სასმელების ბრენდების სიჭარბე — ვინაიდან ბაზარზე უკვე არაერთი კომპანია აწარმოებს მსგავს პროდუქციას, ახალბედებისთვის მეტ-ნაკლებად რთულია თავის დამკვიდრება. აი, სწორედ ამისთვის არსებობს ეფექტური მარკეტინგი და სწორად შემუშავებული კამპანიები, რაც აუდიტორიის ყურადღების მისაქცევად საუკეთესო საშუალებაა. ამის მაგალითია ავსტრიული ბრენდი Heaps, რომელმაც სახალისო და ორიგინალური გზა გამოძებნა თავის დასამკვიდრებლად.
ბრენდის შიდა მარკეტინგისა და კრეატივის გუნდმა გადაწყვიტა, 1980-იანი წლების ტრენდს დაჰბრუნებოდა — კერძოდ, ისეთი ტიპის რეკლამებს, რომლებიც მავნე ნივთიერებების საფრთხეებზე აკეთებდა აქცენტს. ვინც არ იცის, ამერიკაში მსგავსი ვიდეორგოლები უმეტესწილად ხელისუფლების მიერ იყო ნაკარნახევი — აქ მომხიბლავი ადამიანები სახალისო, სასაცილო კონტექსტში აზიარებდნენ დამრიგებლურ მოწოდებებს.
ახლა კი ამ ირონიულ რეკლამაში, სახელწოდებით Just Say No To Water, მუსიკოსი დონი ბენეტი წყალს საშიშად მოსაწყენ სასმელად ასახელებს. მისი თქმით, უმჯობესია, „ეს სითხე“ ბარების ნაცვლად იქ დავტოვოთ, სადაც ბუნებრივად უნდა იყოს: მდინარეებში, ტბებში, ზღვებსა და ოკეანეებში. ხუმრობა საკმაოდ პრიმიტიულად ჟღერს, მაგრამ რეკლამა მუშაობს — აქ თითოეული დეტალი მაქსიმალურადაა გათვალისწინებული, დაწყებული ჩაცმულობით, დასრულებული ფერების გადანაწილებითა და 1980-იანი წლების ვიდეოფირის ეფექტით.
რაც მთავარია, ბენეტი სიფხიზლის მნიშვნელობას უსვამს ხაზს და აღნიშნავს, რომ წყლის ჩანაცვლება გემრიელი, ქაფიანი და უალკოჰოლო ლუდით შეუძლია. რა თქმა უნდა, ეს სარკასტული რეკლამა ყოველდღიურ რეალობას არ მიესადაგება, უბრალოდ იუმორისტულად აპიარებს ლუდის უალკოჰოლო ალტერნატივას — ბარში, სადაც წყლის დალევა უბრალოდ მოსაწყენია.