მართალია, JWST სულ უფრო გვაოცებს ახალი მონაცემებით, მაგრამ როგორც ჩანს, მეცნიერებს ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვთ აღმოსაჩენი იმ მასალებშიც, რომლებიც მან პირველ თვეებში შემოგვთავაზა… ასტრონომები 6 მასიურ გალაქტიკაზე საუბრობენ, რომელიც დიდი აფეთქებიდან ნახევარ მილიარდ წელში უნდა ჩამოყალიბებულიყო და იმდენად ძველია, რომ მეცნიერებაც კი ვერ ხსნის მათ.
„არასდროს გამოგვიკვლევია ასეთი კოლოსალური ზომის გალაქტიკები. ჩვენ მიერ აღმოჩენილი ექვსივე გალაქტიკა 12 მილიონ სინათლის წელზე მეტისაა და ამჟამინდელ მოდელებს შორის ყველაზე დიდია, ეს აღმოჩენა სრულიად შეცვლის ჩვენს ცოდნას იმის შესახებ, თუ როგორ ჩამოყალიბდა ადრეული გალაქტიკები სამყაროში“, — აცხადებს აივო ლაბე, ასტრონომი.
მეცნიერები ფიქრობენ, რომ რაღაც არ ვიცით სამყაროს ევოლუციის შესახებ. თანაც, ადრეულ მონაცემებში ამის აღმოჩენას ნამდვილად არ ელოდნენ…
„როგორც აღმოჩნდა, ჩვენ ვიპოვეთ რაღაც ისე მოულოდნელად, რომ ამან შეიძლება მეცნიერებას პრობლემები შეუქმნას. ეს ადრეული გალაქტიკის ჩამოყალიბების მთლიან სურათს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს“, — ამბობს ჯოელ ლეჯა, ასტრონომი.
რამდენიმე მიზეზი არსებობს, რის გამოც ეს სრულად ჩამოყალიბებული გალაქტიკები პრობლემას წარმოშობს. ერთ-ერთი მატერიის სიმკვრივეა, რომელიც ამ პერიოდის მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად აღემატება… ეს მიგვითითებს იმაზე, რომ სულ მცირე ორი რაღაც არ ვიცით სწორად: კოსმოლოგია ან გალაქტიკების ჩამოყალიბების პროცესი ადრეულ სამყაროში. დიახ, ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენი ცოდნა გადახედვას საჭიროებს.
მეტიც, არსებობს იმის ალბათობაც, რომ ეს ობიექტები საერთოდ არ იყოს გალაქტიკები, არამედ რაღაც სხვა. მაგალითად, სუპერმასიური შავი ხვრელების სახეობა, რომელიც აქამდე არასდროს გვინახავს. თუმცა ამ შემთხვევაშიც კი იმ მასის ოდენობა, რომელიც ერთ ადგილზეა კონცენტრირებული კვლავ ამოუხსნელი ფენომენი დარჩება ადრეული სამყაროსთვის და ეს ასევე, შეიძლება ნიშნავდეს, რომ ჩვენი ცოდნა შავი ხვრელების შესახებაც არასწორია.
ეს ყველაფერი სამომავლო კვლევების აუცილებლობაზე მიგვითითებს. მართალია, ეს აღმოჩენა დიდი თავსატეხია მეცნიერებისთვის, მაგრამ არსებული მონაცემებით ამან რაღაც დიდებული თუ არა, გამაოგნებელი მაინც უნდა შემოგვთავაზოს…